ესპანურ მედიაში ქართველი მეკარის კარგი თამაშის შესახებ საუბარი არ წყდება. ამჯერად მამარდაშვილის მისამართით სტატია ElMundo-მ გამოაქვეყნა:
ქართველმა მეკარემ „ვალენსიას“ ცუდი სიტუაციის მიუხედავად, მხოლოდ 24 გოლი გაუშვა. ის მსოფლიო ჩემპიონატის შესვენების შემდეგ მოგერიებულ ბურთებში მეორე ადგილზეა, ევროპაში კი მესამეა, რომელიც ყველა თამაშში 5 ან მეტ მოგერიებას ასრულებს. მისი სისუსტე პენალტებია.
„ვალენსიას“ გასავარდნ ზონასთან 1 ქულა აშორებს თუმცა არის ერთი სტატისტიკა, რომელიც, მათ მთლიანად ჩამოშლას ოდნავ აბათილებს - ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფ გუნდებს შორის „ვალენსიას“ ყველაზე ცოტა, 24 გოლი აქვს გაშვებული, ამის უკან კი გიორგი მამარდაშვილი დგას. იმის მიუხედავად, რომ გუნდი ქულების მოპოვებას ვერ ახერხებს, დამამცირებელი ანგარიშებითაც არ მარცხდება 22 წლის ქართველი გიგანტის დამსახურებით, რომელიც ევროპას თავისი კატისებრი სისწრაფით აოცებს.
გატუზოსა და ვოროს უპირობო ძირითადი კიპერი მეხუთეა ლა ლიგაში, ვისაც ყველაზე ცოტა აქვს გაშვებული. გარდა ამისა, მან ბოლო 7 მატჩში 25 მოგერიება შეასრულა და ამ მაჩვენებლით, მხოლოდ „კადისის“ ლედესმას ჩამორჩა. „მონტილივიზე“ მამარდაშვილმა 7 მოგერიება შეასრულა და ეს იყო ყველაზე მაღალი რიცხვი მისი ესპანეთში დებიუტიდან, თუმცა გუნდმა მარცხის თავიდან აცილება მაინც ვერ შეძლო.
მამარდაშვილის გამოსასყიდი თანხა 100 მილიონ ევროს შეადგენს, მისმა სატრანსფერო ღირებულებამ კი 25 მილიონს გადააჭარბა, როდესაც „ვალენსიას“ მისი შეძენა 850 000 ევრო დაუჯდა. მისი აღმომჩენელი აგენტი ანტინიო ლოპესი იყო, რომელმაც ის „გრანადასა“ და „ლოკომოტივს“ შორის გამართული მატჩისას აღმოაჩინა. როგორც თავად აგენტმა განაცხადა, „ელჩე“, „ჟირონა“, „ლევანტე“ და „ფუენლაბრადა“ იყვნენ მისით დაინტერესებულები, თუმცა ნაბიჯი მხოლოდ „ვალენსიამ“ გადადგა.
მამარდაშვილი პირველ გუნდში მაშინვე დააწინაურეს, როგორც კი კლუბში გამოჩნდა, იმის მიუხედავად, რომ არცერთი ესპანური სიტყვა არ იცოდა. ბორდალასს სილესენისა და დომენეკის ტრავმების გამო მისი გამოყენება დასჭირდა და გუნდის მეკარეების მწვრთნელმა მასში ტალანტი მაშინვე დაინახა, რომლის გარკვეული ნაწილიც ქუთაისის „ტორპედოში“ მამამისისგან მიიღო.
მისი კარგი თამაშის შემდეგ, „ვალენსიამ“ სწრაფად გადაწყვიტა სრულფასოვანი კონტრაქტის გაფორმება და მას შემდეგ, მამარდაშვილს ზრდა არ შეუწყვეტია. ლიგაში მან ზედიზედ 487 წუთის განმავლობაში მოახერხა კარის მშრალად შენახვა. ეჭვგარეშეა, რომ „ვალენსიამ“ მომავლის მეკარე იპოვა და 22 წლის ასაკში მას 2027 წლამდე გაუხანგრძლივა კონტრაქტი, ისევე როგორც მისი გამოსასყიდი თანხა გაზარდა, რადგან პრემიერლიგის გუნდებიდან დაინტერესების შესახებ სხვადასხვა ჭორი გავრცელდა.
მისმა გაბრწყინებამ იგი საქართველოს ნაკრებში მოახვედრა, თუმცა მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის დარწმუნება ჯერ კიდევ ვერ შეძლო, რომ 37 წლის ვეტერანი, გიორგი ლორია სათადარიგოთა სკამზე გადასვას. ეროვნული გუნდის მომავალი კარში მამარდაშვილზე, წინ კი კვარაცხელიაზეა დამოკიდებული.
იქამდე მას ფეხით თამაშის ასპექტში მოუწევს გაუმჯობესება, თუმცა ყველაზე შავი ლაქა მისთვის პენალტებია. ორ სეზონში მის კარში 17 პენალტი დაარტყეს, მან კი ვერცერთის მოგერიება ვერ შეძლო. გასულ სეზონში ის გუნდს ვერ დაეხმარა ესპანეთის თასის ფინალში, მიმდინარე სეზონში კი მან ვერც ესპანეთის სუპერთასის მატჩში შეძლო პენალტების მოგერიება.