ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა, „ინტერის“, „ფიორენტინასა“ და „ბრეშას“ ყოფილმა მცველმა დანიელე ადანიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. მან ქართველი შემტევის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა და თქვა, რომ ყველაფრის გაკეთება იცის, მათ შორის, დაცვით ფუნქციებსაც ძალიან კარგად ასრულებს.
„ხვიჩა კვარაცხელია ევროპის საუკეთესოთა შორისაა, ტექნიკურად ძალიან ძლიერი გარემარბია და ყველაფერს აკეთებს: გოლები გააქვს, თანაგუნდელებს საგოლე პასებს უკეთებს და ამავდროულად მუშაობს იმისთვის, რომ თანაგუნდელებს დაცვაშიც დაეხმაროს. ამ ბიჭს ყოველთვის სწორი დამოკიდებულება აქვს. გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საუბარია ბიჭზე, რომელიც მხოლოდ 2001 წელსაა დაბადებული. ის ძალიან ახალგაზრდაა, თუმცა სწრაფად გაიზარდა. ჩამოსვლის დღიდან აჩვენა, რომ ძლიერი და გადამწყვეტია ისეთ მნიშვნელოვან ჩემპიონატში, როგორიცაა სერია A“, - თქვა ადანიმ.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში 22 მატჩში 10 გოლი, 12 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი აქვს, უშუალოდ სერია A-ში კი, 17 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა, 9 საგოლე პასი გააკეთა და ორჯერ პენალტი გამოიმუშავა - სტატისტიკა დიდებულია. აღსანიშნავია, რომ სერია A-ში საგოლე პასებით (9) პირველ ადგილზე სწორედ ქართველი ფეხბურთელია.