20-ლარიანი ანტიინფლაციური პროგრამის ბედი გაურკვეველია

20-ლარიანი ანტიინფლაციური პროგრამის ბედი გაურკვეველია

2010 წელი იმით დასრულდა,  რომPპრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრს საგანგებო დავალება მისცა. ეს დავალება კი მთავრობის მიერ საგანგებო ანტიინფლაციური გეგმის შემუშავება უნდა ყოფილიყო. დავალებიდან რამდენიმე დღეში გილაურმა სააკაშვილს უპატაკა, რომ ეს გეგმა შემუშავებულია და მოსახლეობას ინფლაციის საფრთხე აღარ ელოდება. საინტერესო კი ის არის, რომ ამის შემდეგ არც ეს გეგმა გახსენებია ვინმეს და ისიც საკითხავია, რომც გახსენებოდა, რეალურად რა შედეგის მომტანი იქნებოდა.

 

ახალი წლის დღესასწაულის შემდეგ საქართველოს მოსახლეობისთვის პირველი სიურპრიზი ლარის კურსის გაუფასურება იყო. თუმცა, პრინციპში, სიურპრიზი არც ყოფილა, რადგან პრეზიდენტი ჯერ კიდევ დეკემბერში ალაპარაკდა მოსალოდნელ ინფლაციაზე და პრემიერ-მინისტრს პრევენციული ღონისძიებების გატარება დაავალა.

 

გილაურმაც დავალება პირნათლად შეასრულა და, მისი აზრით, საუკეთესო ანტიინფალციური პროგრამა მოიფიქრა. გილაურის თქმით, ინფლაციური პროცესებისგან მოსახლეობის დასაცავად მთავრობამ რამდენიმე ვარიანტი განიხილა და არჩევანი ელექტროენერგიაზე შეაჩერა.; ანუ მთავრობის მიერ ნაფიქრი გეგმა მოქალაქეებისთვის ელექტროენერგიის ვაუჩერების დარიგებას ითვალისწინებს.

 

„საუბარია იმაზე, რომ ყველა ოჯახი ელექტროენერგიის 20-20-ლარიან ვაუჩერს მიიღებს, რომელსაც ისინი მოხმარებული დენის საფასურის გადასახდელად გამოიყენებენ. ეს, რა თქმა უნდა, პრობლემას ვერ მოხსნის, მაგრამ გარკვეულწილად მოსახლეობას დავეხმარებით,“ - განაცხადა გილაურმა და დასძინა, რომ აღნიშნული პროგრამა მთავრობას 20-დან 25 მილიონ ლარამდე დაუჯდება.

 

„20 ლარი - ეს არის ელექტროენერგიის დაახლოებით ერთი თვის საშუალო მოხმარება და თუ ეს ინიციატივა დამტკიცდა, მზად ვიქნებით, რომ თებერვალში ის უკვე განვახორციელოთ,“ - აღნიშნა გილაურმა.

 

პრემიერ-მინისტრის ამ დაპირების შემდეგ 3 კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ არც ამ პროგრამის შესახებ იცის ვინმემ ზუსტად რამე და იმაზეც ვერავინ ვერაფერს ამბობს, ანტიინფლაციური ღონისძიებები მხოლოდ ამ ვაუჩერების დარიგებით შემოიფარგლება თუ არა. 

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსი ნიკო მჭედლიშვილი მთავრობის ანტიინფალციური პროგრამის შინაარსის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. უფრო მეტიც, მან არც ის იცის, ამის შესახებ პასუხისმგებელი ვინ არის.

 

სხვათა შორის, იგივე პასუხი აქვს მთავრობის საპარლამენტო მდივანს გია ხუროშვილსაც, რომელიც, როგორც წესი, მთავრობის და პრეზიდენტის ინიციატივებზე კომენტარებს დაუზარებლად აკეთებს ხოლმე.

 

როგორც ჩანს, ეს დაპირება ან შესრულდება, ან – არა. ისიც ფაქტია, რომ ქვეყანაში ინფლაციური პროცესები უკვე დაწყებულია და როგორც ექსპერტები აცხადებენ, „თუკი ხელისუფლება დროულად არ გაატარებს სათანადო ღონისძიებებს, შესაძლოა, მერე ძალიან გვიან იყოს“.

 

გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველო კვლავ აშშ-ის და ევროკავშირის დახმარებების მოლოდინშია. დახმარებები კი, რომელიც ძირითადად დოლარით შემოვა, ეროვნულმა ბანკმა ლარებში უნდა გადაახურდავოს და ისე გაუშვას ბაზარზე. მნიშვნელობა არა აქვს, ამ გადახურდავებული ფულით რა პროგრამები განხორციელდება, საბოლოო ჯამში, მაინც ბაზარზე ხვდება, რაც უკვე ფულის მასის გაზრდას გამოიწვევს და, შესაბამისად, ქვეყანაში ინფლაციის კიდევ უფრო მეტად გაზრდაა მოსალოდნელი. ამას კიდევ ის ფაქტორები ემატება, რაც ზოგადად ინფლაციის გაზრდას უწყობს ხელს.

 

სწორედ ამიტომ ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ხელისფლებამ სათანადო ღონისძიებები დროულად უნდა გაატაროს და პრეზიდენტის დავალებაც გასაკვირი ნამდვილად არ არის.

 

საკითხავი ის არის, გილაურის მიერ გახმოვანებული გეგმა ელექტროენერგიის 20-ლარიანი ვაუჩერების დარიგება, რომელიც მთელ მთავრობასთან ერთად ყოფილა მოფიქრებული, რამდენად მოაგვარებს ამ პრობლემას.   

 

ექსპერტთა აზრით, გილაურის ეს გეგმა არათუ მოაგვარებს ამ პრობლემას, არამედ, გარკვეულწილად, პროცესის გაღრმავებას შეუწყობს ხელს. 

 

„თავისთავად, როდესაც განცხადება კეთდება, ბევრი არაფერი, მაგრამ როდესაც ამას ვაუჩერების დარიგება მოჰყვება, ეს აუცილებლად გამოიწვევს ინფლაციური პროცესების წახალისებას. ქვეყანაში ისეთი ვითარებაა, რომ ინფლაციური პროცესები ბევრი რამით არის წახალისებული და ყველა ასეთი ღონისძიება, რა თქმა უნდა, ინფლაციური პროცესების გამომწვევია,“ - აცხადებს ექსპერტი დავით ნარმანია.

 

მისი თქმით, შესაძლოა, 20-25 მილიონი თავისთავად იმხელა თანხა არ იყოს, რომ საერთო ბაზარზე გადამწყვეტი გავლენა მოახდინოს, მაგრამ ფასები ზრდას აუცილებლად შეუწყობს ხელს.

 

ცხადია, ეს თანხა ბაზარზე პირდაპირ არ გავა და კომპანიას გადაეცემა, მაგრამ ის თანხა, რასაც ამ ვაუჩერის დარიგებით დაზოგავს მოსახლეობა, უკვე პირდაპირ ბაზარზე აღმოჩნდება. ასეთ შემთხვევებში გაჭირვებული მოსახლეობა, რომელიც დღეს ქვეყნის უდიდეს უმრავლესობას წარმოადგენს, ამ 20-25 ლარს ბანკში კი არ წაიღებს, არამედ პირველადი მოხმარების საგნებს იყიდის.

 

ეს რომ ასე ხდება, ექსპერტების მიერ პროცესებზე დაკვირვებით აღიარებული სქემაა და ეკონომიკის საფუძვლების ყველა სახელმძღვანელოში წერია. სწორედ ამიტომ ჩნდება კითხვა, გილაური სააკაშვილის დავალების შესრულების სანაცვლოდ საპირისპირო ნაბიჯებს რატომ დგამს? ექსპერტები ამას იმით ხსნიან, რომ ეს გილაურის მხრიდან, უბრალოდ, განცხადებისთვის გაკეთდა.

 

„ჩვენ ადრეც გვახსოვს დავალებები, შეპირებები და ა.შ. რომელიც მერე რეალურად არ შესრულდა. მაგალითად, რამდენჯერ მოგვისმენია, რომ ევროკავშირის მოთხოვნას ვასრულებთ და ანტიმონოპოლიურ სამსახურს ვქმნითო, მაგრამ დღემდე არ გაკეთებულა. აქაც უნდა ვიგულისხმოთ, რომ რაღაც ფორმალობასთან გვაქვს საქმე, ვიდრე რეალური დავალების შესრულებასთან. ჩემი აზრით, ეს უფრო მოკლევადიანი ნაბიჯია და განკუთვნილია სწრაფი ეფექტისთვის, ასე ვთქვათ, ცეცხლის ჩაქრობისთვის.

 

მართალია, ერთი თვით მოაგვარებს გაძვირებული ტარიფების გადახდის პრობლემას, მაგრამ მეორე თვეს რას იზამენ? რაც მთავარია, ასეთი „დახმარებები“ დამატებით იწვევს ინფლაციურ პროცესებს. ამას სჯობდა, სხვა ღონისძიება განახორციელონ, რომელიც რეალურად მოაგვარებს ამ პრობლემებს,“ - აცხადებს დავით ნარმანია.