ჩვენი ევროელიტის პოლიტიკური კულტურა ყველა რიგითი ქართველისთვის ცნობილია. ის კი არავინ იცის, რომ ზოგი მათგანი მეტყველების კულტურაში მეცადინეობას სულ რაღაც ერთ კვირაში შეუდგება.
ვაჟა ფშაველას ქართულს აკაკი წერეთელი უწუნებდა, ცნობილია. მაგრამ ქართველ პოლიტიკოსებს ეს ვინ შეჰბედა, არავინ იცის.
მოკლედ „ელიტარული ქრონიკის“ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი და შემოსავლების მინისტრის მოადგილე დავით მუმლაძე, ისრაელის ელჩთან ერთად, მეტყველების კულტურის ათვისებას შეუდგებიან.
მათი მასწავლებელი კი მსახიობ გივი ბერიკაშვილის ქალიშვილი მანანა ბერიკაშვილი იქნება. ქალბატონი მანანა ამ საკითხზე ჯერ არ საუბრობს, თუმცა გაოცება მაინც ვერ დამალა, ამის შესახებ ჯერ არავინ იცის და „ალიამ როგორ შეიტყოო.
- ჯერ მეცადინეობა არ დაუწყიათ, დავდგე და ამაზე გესაუბროთ, ცოტა უხერხულია. მათთან ამ საკითხზე შაბათს მაქვს შეხვედრა. პირველ გაკვეთილს რომ ჩავატარებ, საუბარი დაწვრილებით მერე შემიძლია.
„ელიტარულ ქრონიკას“ ისღა დარჩენია, ჩვენს პოლიტიკოსებს მეტყველებაში წარმატებები უსურვოს.