ლუკა ლოჩოშვილის

ლუკა ლოჩოშვილის "კრემონეზემ" "რომა" დაამარცხა და იტალიის თასის ნახევარფინალში გავიდა

ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზე“ სერია A-ში 20 ტურის შემდეგ მოგების გარეშე და ბოლო ადგილზეა, მაგრამ იტალიის თასზე დიდებულად ასპარეზობს და ნახევარფინალში გავიდა!

კრემონელებმა ორი კვირის წინ მერვედფინალში „ნაპოლი“ გააგდეს მას მერე, რაც პენალტების სერიაში „სტადიო მარადონაზე“ დაამარცხეს, ხოლო ამჯერად „სტადიო ოლიმპიკოზე“ „რომას“ მოუგეს.

დავიდე ბალარდინის გუნდი 28-ე წუთზე სირილ დესერსმა პენალტით დააწინაურა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში ზეკი ჩელიკმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და „კრემონეზე“ 2:0 დაწინაურდა. მართალია, ჟოზე მოურინიოს გუნდმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ანდრეა ბელოტის გოლით სხვაობა შეამცირა, მაგრამ „რომა“ დამარცხდა - 1:2.

ლუკა ლოჩოშვილს ტრავმა აქვს და არ უთამაშია. ქართველი მცველი ბოლო დღეებია ინდივიდუალურად ემზადება და წესით უახლოეს ხანში გუნდს უნდა დაუბრუნდეს. აქვე გეტყვით, რომ „კრემონეზე“ იტალიის თასის ნახევარფინალში, რომელიც უკვე ორრაუნდიანი იქნება, ფლორენციის „ფიორენტინას“ დაუპირისპირდება.