ლეიბორისტები ბრიუსელსა და ვაშინგტონს თხოვნით მიმართავენ, რომ დაიწყოს გამოძიება რათა შეფასდეს პრეზიდენტ სააკაშვილის საქმიანობა და ის ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ჩამოშორდეს.
ნესტან კირთაძე: იწყება ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო პერიოდი, როდესაც უნდა დასრულდეს მიხეილ სააკაშვილის პროპაგანდისტული მანქანის ქმედებები და ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს თუ როგორ განვითარდება მოვლენები და რა გავლენას მოახდენს დასკვნა საქართველოს მომავალზე, უპირველს ყოვლისა მიხეილ სააკაშვილზე.
ტალიავინის დასკვნების საფუძველზე სააკაშვილი იმხილება სამხედრო დანაშაულში და მას ემუქრება ჰააგის საერთაშორისო სასამართლო. კერძოდ, ღია საომარი მოქმედების დაწყებასთან დაკავშირებით, ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების განხორციელებაში 2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამეს. აკრძალული იარაღის გამოყენებაში სამხედრო ოპერაციის დროს, მშვიდობიანი ობიექტების დაბომბვა-განადგურებაში, ჰუმანიტარულ კატასტროფაში, გაეროს მანდატის სამშვიდობო მისიის ჯარისკაცების ხელყოფის მცდელობაში.
2003 წელს საქართველო შეუერთდა რომის საერთაშორისო ხელშეკრულებას, სადაც ჩამოყალიბებულია საერთაშორისო სამართლის საფუძვლები და საქართველო მოექცა ჰააგის სასამართლოს იურისდიქციის ქვეშ. შესაბამისად, მიხელ სააკაშვილის მიერ ზემოთჩამოთვლილი ქმედებები არის დანაშაული.
თუ ყველაფერს ერთად გავითვალისწინებთ, დაიწყება საერთაშორისო საგამოძიებო მოქმედებები და ამას ჩვენი ინიციატივა არ სჭირდება. გაეროს უშიშროების საბჭო ან მისი გენმდივანი დაიწყებენ საერთაშორისო საგამოძიებო მოქმედებებს და ეს გარდაუვალს ხდის სააკაშვილის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარდგენას.
ჩვენი შეფასება ამასთან დაკავშირებით არის, რომ ბრალს ვდებთ სააკაშვილს და მის ხელისუფლებას საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში, კერძოდ აგვისტოს მოვლენების განვითარებაში, მიუხედავად ჩვენი და ევროპელი ლიდერების არაერთგზის გაფრთხილებისა, სააკაშვილმა ერთპიროვნულად დაიწყო პოლიტიკური ავანტურა, რაც საქართველოსთვის დასრულდა კატასტროფით - მატერიალური ზარალით, 35 ათასზე მეტი დევნილით და ორი სეპარატისტული რეგიონის ნაცვლად საქართველოს ტერიტორიაზე მივიღეთ ორი ახალი "სახელმწიფო".
სააკაშვილს ბრალს ვდებთ საქართველოს ტერიტორიული დაშლის მომზადებაში. მივმართეთ ბრიუსელსა და ვაშინგტონს, რომ დაუყოვნებლივ დაიწყონ მოქმედება და შეაფასონ საქართველოს დღევანდელი ლიდერის ავანტიურისტული საქმიანობა და ჩამოაშორონ საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, წინააღმდეგ შემთხვევაში ის კვლავ დააყენებს საფრთხის წინაშე რეგიონს.
რეალურად მიგაჩნიათ მსგავსი ტიპის საგამოძიებო მოქმედების დაწყება?
- რეალურად მიმაჩნია რამოდენიმე ფაქტორის გამო. ფაქტების შემსწავლელი კომისიის ხელმძღვანელი ჰაიდი ტალიავინი, კომისიის წევრები თავიანთ ინტერვიუებში დასავლეთის პრესასთან მიანიშნებენ საგამოძიებო საქმიანობის დაწყების აუცილებლობაზე. ასევე, კარგადაა ცნობილი რუსეთის ხელმძღვანელობის გამონათქვამები, რომ ისინი ისურვებდენ სააკაშვილის ხილვას გისოსებს მიღმა და რუსეთი, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი, არ დააყოვნებს და მწვანე კორიდორს მისცემს საგამოძიებო მოქმედებების დაწყებას.
ტალიავინის კომისია და მისი წევრები ამბობენ, რომ მათ ვერ მოახერხეს ბუშის ადმინისტრაციის როლის შესახებ ფაქტების დალაგება ვერც ომამდე და ვერ მის შემდეგ და ეს არის პასუხი, რომ ბუშის ადმინისტრაცია და ჩინოვნიკები არ ჩართო ამ საქმეში. ჩემი, როგორც ანალიტიკოსისა და მეცნიერის აზრით, ისინი პირდაპირ ეუბნებიან ერთ-ერთ დასავლურ გაზეთს, აშშ გახდეს ინიციატორი საგამოძიებო საქმიანობისა. საერთაშორისო პოლიტიკური თვალსაზრისით და ქვეყნის შიგნით არსებული პროტესტის გათვალისწინებით, სააკაშვილი უნდა ჩამოშორდეს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას.
მაგრამ იმავე დასკვნაში წერია, როგორ ემზადებოდა რუსეთი საომარი მოქმედებებისათვის, რომ საქართველოს ხელისუფლება წამოეგო პროვოკაციას. ცალსახად სააკაშვილი არ არის დადანაშაულებული...
- მე მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ვინც თავს უფლებას აძლევდა და ამ დასკვნაზე აზრს გამოთქვამდა, ეს დოკუმენტი წაკითხული არ ჰქონდა. მინდა ვთქვა, რომ ეს არის რთულად შედგენილი დოკუმენტი, გეთანხმებით, რომ საუბარია რუსეთის ფაქტორზე და მხილებულია უამრავ დანაშაულში, ისევე როგორც საქართველოს პირველი პირი. რაც შეეხება რუსეთთან მიმართებას, ყველა ფაქტი სწორია და სამომავლოდ საქართველოს წაადგება ქვეყნის გაერთიანების გრძელ გზაზე. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ აგვისტოს დღეებში გვესმოდა მხოლოდ განცხადებები და ორი თვეც არ გასულა და ამ ქვეყნებმა დაიწყეს რუსეთთან პრაქტიკული დიალოგი. ტალიავინის დასკვნის მიხედვით, რუსეთმა ჩამოირეცხა აგრესორის იმიჯი და დასკვნაში ნათქვამია, რომ აგრესიული მოქმედებები დაიწყო საქართველომ.
ფიქრობთ, რომ სააკაშვილი უნდა დაისაჯოს იმის გამო, რომ ის ტერიტორიები, რომელიც რუსეთს აქვს ოკუპირებული, უნდოდა დაებრუნებინა?
- უკაცრავად, მაგრამ სამშობლოს სიყვარულს და ემოციებს ერთმანეთში ნუ აურევთ, მით უმეტეს ჩემთან, ადამიანთან, რომელიც კალმით და გულით ატარებს სამშობლოს სიყვარულს. სააკაშვილმა არათუ ტერიტორიული მთლიანობა დაშალა, არამედ მოამზადა ეს პოლიტიკურად, იდეოლოგიურად და სამართლებრივად.
ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო დონეზე მიხეილ სააკაშვილმა გააჩინა კიდევ ახალი სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. არაფერი გააკეთა სეპარატისტულ რეგიონებთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის და ჩაშალა მოლაპარაკებები სხვადასხვა დონეზე. ნუთუ დაგავიწყდათ 2004 წელი და ცხინვალში შეჭრა? გუშინწინ, როდესაც დასავლურ განათლებას იკვეხნიდა, არსებობს არაერთი ხელშეკრულება, რომელიც ცეცხლის განახლებას კრძალავდა და ეს არ ახსოვდა? საზოგადოებას ჰქონდა უფლება გაგვეგო თუ რა ტიპის სამხედრო მოქმედებებს იწყებდა და ის ვალდებული იყო პარლამენტისთვის აეხსნა რას იწყებდა. მან ავანტიურა ჩაიდინა და კონფრონტაციაში შევიდა იმ ქვეყანასთან, რომელსაც ომი პრაქტიკულად არ წაუგია.
აქ რომ ხელისუფლების წევრი იყოს, აუცილებლად იტყოდა, რომ თქვენ ახმოვანებათ იმას, რასაც ითხოვს რუსეთის ხელისუფლება. თქვენც აღნიშნეთ, რომ რუსეთი ითხოვს სააკაშვილის გალიაში გამოკეტვას...
- რასაც გეტყვით პირდაპირ გადაიტანეთ ფურცელზე. ჩემი და რუსეთის პოზიციის იდენტურობასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ როდესაც 2003 წელს სახელმწიფო გადატრიალების გზით მოვიდა მიხეილ სააკაშვილი, მე და შალვა ნათელაშვილი ვიყავით ორად-ორი ადამიანი, რომლებიც ამ ფაქტს ვგმობდით და რუსეთის სახელმწიფო უშიშროების მდივანი იგორ ივანოვი კურთხევას აძლევდა დღევანდელ ხელისუფლებას. ჩვენ ამ ქვეყნის პატრიოტები ვართ და რუსეთს კი პირადი ვენდეტა აკავშირებს სააკაშვილთან.
მაგრამ ისიც ფაქტია, რომ საქართველოს დასავლური ორიენტაცია რუსეთს არ მოსწონს და არსებული ვითარების გათვალისწინებით რამდენად გამართლებულია საკითხის ასე დასმა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე?
- რაც შეეხება საქართველოს ლტოლვას დასავლური ღირებულებისადმი, მიწევს კიდევ ერთხელ შეხსენება, რომ მე ისტორიკოსი ვარ და ამის სწავლება სააკაშვილისგან და მისი გუნდისგან უხერხულია. საქართველომ თავისი არჩევანი გააკეთა რამოდენიმე საუკუნის წინ. ჩვენ ვართ დასავლური ცივილიზაციის კარიბჭე. წაიკითხეთ ტალიავინის დასკვნა და იქ ნახავთ ორ ფაქტორს, რომელსაც პრევენციის სახით აწვდიან დასავლეთს. ისინი ეუბნებიან მსოფლიოს, რომ დღეს საქართველოში სტაბილურობა მყიფეა და საომარი მოქმედებების განახლების მაღალი რისკები არსებობს. მეორეც, ტალიავინი და კოლეგები ეუბნებიან მსოფლიოს, რომ სააკაშვილის ქმედებებმა დარტყმის ქვეშ დააყენა აღმოსავლეთის და დასავლეთის ურთიერთობები. რომელი უფრო საფრთხის შემცველია, რომ ქართველ ხალხს ვუთხრათ სიმართლე და დამნაშავეს არ ვაპატიოთ თუ ის, რასაც ეუბნება ტალიავინი და მისი მეგობრები საერთაშორისო საზოგადოებას?