„მიშას გათავისუფლებას ხაბეიშვილი ვერ შეძლებს“

„მიშას გათავისუფლებას ხაბეიშვილი ვერ შეძლებს“

„ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ ხმების 52%-ით ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა და უმალვე მიიღო მილოცვები: „ქურქუმალ ვაიტმა“ გაიმარჯვა, „მასხარა, გილოცავ გამარჯვებას“, „ველოდებით მიშას მოტაცებას“, „კეზერას ჯუჯალარი“... ლევან ხაბეიშვილის მსგავსი ტიპაჟების გამარჯვება უცხო არ არის ქართული პოლიტიკისთვის, ეს ის შემთხვევაა, როცა ყველაზე მყვირალა წინაურდება, მაგრამ, როგორც წესი, პირველი ეიფორიის გადავლის შემდეგ მყვირალა პოლიტიკოსები უღიმღამოდ ასრულებენ კარიერას.

რას მოუტანს „ნაცმოძრაობას“ ხაბეიშვილის ლიდერობა, შეძლებს თუ არა ის თავისი უმთავრესი დანაქადების-მიშას ფიზიკურად გამოხსნის შესრულებას?! მოჰყვება თუ არა ხაბეიშვილს ქარიზმა და რევოლუციური ქარიშხალი?! თუ მართლაც სწორია ცალკეული „ნაციონალის“ შეფასება, რომ პარტიამ უკან გადადგა ნაბიჯი, რადგან გაიმარჯვა ფულმა და არაფორმალურმა გავლენამ.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ თუკი ხელისუფლება არ მიიღებს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილებას, სხვა არანაირი ბერკეტი არც ხაბეიშვილს და არც სხვებს არ აქვთ. ამ მხრივ მელიამ მაქსიმუმი გააკეთა. შესაძლოა, ხაბეიშვილმა პერმანენტული საპროტესტო აქციები წამოიწყოს, მაგრამ ეს იქნება პერმანენტული აქციები და ამით არაფერი შეიცვლება.

„რაც შეეხება რევოლუციურ სცენარს და შევარდნებს, ეს არ არის 2003 წელი და ასე მარტივად პარლამენტში შევარდნას ხაბეიშვილი ვერ შეძლებს, თუკი არ იქნება „ქართული ოცნების“ ღია ან ფარული თანხმობა. ჩემი აზრით, სააკაშვილს მაშინ გაათავისუფლებს „ქართული ოცნება“, როცა ამას მომგებიანად და საჭიროდ ჩათვლის, ან თუ დაინახავენ, რომ ციხეში დატოვებას შეიძლება სააკაშვილისთვის ფატალური შედეგი მოჰყვეს. სხვა შემთხვევაში, რაც არ უნდა გააკეთონ ხაბეიშვილმა და მისმა მხარდამჭერებმა, რეალობა ვერ შეიცვლება. დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ ასეთ ნაბიჯს არ გადადგამს და არ გაათავისუფლებს სააკაშვილს ამ ეტაპზე“,-აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილს ხაბეიშვილი ვერ გამოიხსნის, სააკაშვილი გამოშვებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ეს იქნება „ქართული ოცნების“ ინტერესებში. დღეს კი „ოცნების“ ინტერესში არაა სააკაშვილის მდგომარეობის შეცვლა, „ოცნებას“ აწყობს დაბეჩავებული, ავადმყოფი სააკაშვილი, რათა „ნაცმოძრაობის“ მომხრეებს დაანახოს, ეს არის თქვენი ლიდერი. დაახლოებით შუა საუკუნეობრივი დამოკიდებულება აქვთ მის მიმართ. ასე რომ, საეჭვოა, ხაბეიშვილმა რამეს მიაღწიოს, რევოლუციაზე საუბარიც ზღაპარია, საზოგადოებაში რევოლუციური მზაობა არ არსებობს.

„ნაცმოძრაობის“ დაშლა-არდაშლა, ანუ „ქართული ოცნების“ სიტყვებით რომ ვთქვათ, „ნაცმოძრაობის“ მოშლა-არმოშლა, სააკაშვილის ჯანმრთელობა არავის ადარდებს, გარდა სააკაშვილის მომხრე ამომრჩევლისა. ღმერთმა დაიფაროს, თუ სააკაშვილის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, რაც მართლაც ასე ჩანს, როგორც ექიმები ირწმუნებიან, და თუ მისი სიცოცხლე დასრულდა, ესეც კი არ გამოიწვევს საზოგადოებაში დიდ ვნებათაღელვას. მისი დაღუპვა არავის არ გაუხარდება, ჩათვლიან, რომ ეს არ იყო მისი ცხოვრების სწორი ფინალი, შეიძლება, ვიღაც იდიოტს ეს გაუხარდეს კიდეც, ფეისბუკზე რაღაც დაწეროს და თავი მოიწონოს ამით, მაგრამ ამის გამო ქუჩაში არავინ არ გამოვა და ეს არანაირ პოლიტიკურ ცვლილებებს არ გამოიწვევს. ვფიქრობ, თავმჯდომარის არჩევნებით ახალი პერიოდი იწყება „ნაცმოძრაობაში“, მაგრამ კარგი ფონი ნამდვილად არ არის „ნაციონალების“ პარტიისთვის, რადგან ამ აყალ-მაყალმა, შიდა დაპირისპირებამ, პირველ რიგში, მათ ამომრჩევლებში გამოიწვია გულის აყრა. ხოლო, ვინც მათი ამომრჩეველი არაა და დასცინის „ნაცმოძრაობას“, მათი დაცინვა მნიშვნელოვანი არაა „ნაცმოძრაობისთვის“. ამ პარტიისთვის მნიშვნელოვანია საკუთარი პოტენციური ამომრჩეველი რამდენად კმაყოფილია შედეგებით, გულს ხომ არ აიყრის, ხომ არ წავა სახლში, ან სხვას ხომ არ მისცემს ხმას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

მისი აზრით, ამ სიტუაციაში მოგებული „ქართული ოცნებაა“, მაგრამ „ქართული ოცნება“ ნებისმიერ სიტუაციაში მოგებული იქნებოდა, ვინც არ უნდა გამხდარიყო „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე-ხაბეიშვილი თუ მელია. „ნაცმოძრაობა“ საფრთხეს არასდროს არ უქმნიდა „ქართულ ოცნებას“ იმ დროიდან მოყოლებული, რაც „ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა. „ქართული ოცნება“ მუდმივად ბერავს „ნაცმოძრაობას“, როგორც რეზინის თოჯინას და საფრთხობელას. პაატა ზაქარეიშვილს ეს შუა საუკუნეებს აგონებს, როცა იყო ასეთი ცნება- „мальчик для битья“, ანუ საცემი ბიჭი, ვინც უნდა გალახო და ვისი გალახვითაც შენი ძალა, შენი უპირატესობა უნდა გამოაჩინო. „ქართული ოცნება“ ხელოვნურად ქმნიდა „ნაცმოძრაობისგან“ იმ საფრთხეს, რაც ბუნებაში არ არსებობს. „ნაცმოძრაობა“ დიდი ხანია, იმაზე სუსტია, ვიდრე მას აცოცხლებს „ქართული ოცნება“, ის საფრთხეს აღარ წარმოადგენს. ამის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ მომავალშიც გააგრძელებს „ნაცმოძრაობის“ მუდმივ ექსპლუატაციას.