„მერაბიშვილმა სააკაშვილზე შურია იძია, გაანადგურა როგორც პოლიტიკურად, ასევე ადამიანურად“

„მერაბიშვილმა სააკაშვილზე შურია იძია, გაანადგურა როგორც პოლიტიკურად, ასევე ადამიანურად“

მიხეილ სააკაშვილის პარტიაში, არჩევნების შედეგების მიხედვით, გავლენები მერაბიშვილ-კეზერაშვილის ხელში გადავიდა. დაიშლება თუ არა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, ამაზე არა მხოლოდ პარტიის, არამედ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მომავალიც დგას. შესაბამისად, მსჯავრდებული ექსპრეზიდენტისთვის ერთობა მნიშვნელოვანია. სააკაშვილი, რომელიც პარტიულ არჩევნებს უდროოს უწოდებდა, ხაბეიშვილს გამარჯვებას ულოცავს, მელიას კი წარსული საქმიანობისთვის მადლობას უხდის.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილი 52.58 %-ით აირჩიეს. მისმა მთავარმა კონკურენტმა, ნიკა მელიამ კი ხმების 40% მიიღო, გიორგი მუმლაძემ 3.68 %, ნონა მამულაშვილმა კი 3.73 %. ახლა ყველა იმას ელოდება, როგორ შეძლებს ორ ბანაკად გაყოფილი ერთი პარტია ერთობლივად მუშაობას და ვინ იქნება შემდეგი, ვისაც პარტიული თანამდებობის დატოვება მოუწევს.

2 წლის წინ, პარტიის ყრილობაზე ერთხმად არჩეული ნიკა მელია „ნაციონალურ მოძრაობაში“ დღეს უკვე ყოფილი თავმჯდომარის სტატუსით მივიდა, მან დამარცხება აღიარა, კონკურენტს გამარჯვებაც მიულოცა და იმ პარტიაში დარჩენაც დააანონსა, რომელიც მისივე თქმით, არაფორმალურად კეზერაშვილ-მერაბიშვილის მიერ იმართება.

შიდაპარტიული არჩევნების მოგების შემდეგ, ლევან ხაბეიშვილმა პირველი დაპირებებიც გასცა. მიხეილ სააკაშვილის შეჰპირდა, რომ მისი ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად ბრძოლას განაგრძობს. პარალელურად კი, მზადაა პარტიაში ახალი ადამიანების მისაღებად.

„ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილმა, ხაბეიშვილის არჩევა უკან გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა. მელიას ფრთის ნაწილი პარტიაში რჩება და „ოპოზიციის ოპოზიციაში“ ყოფნას აანონსებს.

ლევან ხაბეიშვილის არჩევას „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხოლოდ თავმჯდომარის ცვლილება არ გამოუწვევია. შედეგების გამოცხადებიდან მალევე, პარტიული თანამდებობები დატოვეს ნიკა მელიას გუნდის წევრებმა. პირველივე დღეს, მინიმუმ 6 თანამდებობა ვაკანტური გახდა. მათ შორის, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის სავარძელიც. დღის ბოლოს კობა ნაყოფიამ ამ თანამდებობაზე უარი თქვა. პარტიულ თანამდებობა დატოვა მისმა მოადგილემაც, ახალი კადრით ჩანაცვლდება საორგანიზაციო მდივანიც, სტრატეგიული კომუნიკაციების და პარტიის პრესსამსახურის პოზიციებიც.

პარტიის მმართველობითი რგოლის საკუთარი რჩეულებით დაკომპლექტება ლევან ხაბეიშვილს, თბილისის გარდა, რეგიონებშიც მოუწევს. გიორგი კირთაძემ, ვისაც ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში პარტიის გენერალური მდივნის პოზიცია უნდა დაეკავებინა, ბათუმის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა. ახლა ყველა იმის მოლოდინშია, როგორ შეასრულებს დაპირებას ხაბეიშვილი და რა რესურსებით შეძლებს სააკაშვილის გამოყვანას.

„მართვის სტრატეგიუილი ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ლევან ხაბეიშვილი გამარჯვება გარდაუვალი იყო, რადგან მის უკან იდგა, როგორც ფინანსური, ასევე ადამიანური რესურსი, რომელსაც მელია ვერ გაუმკლავდებოდა. მამრაძე ფიქრობს, რომ ხაბეიშვილი შერჩეული ყავს კეზერაშვილ-მერაბიშვილს იმისთვის, რომ რასაც ეტყვიან, ის გააკეთებს. მათთვის ის იქნება მორჩილი პირი, რომელსაც უბრალოდ, სახელად თავმჯდომარე ეწოდება.

„რა თქმა უნდა, ბოლოს ყველამ კარგად იცოდა და ვნახეთ კიდევაც როგორ გადადიოდნენ ხაბეიშვილის მხარეს, რომ „ნაციონალების“ ძირითადი დამფინანსებელი დავით კეზერაშვილია. სწორედ ამიტომ არ ამოიღო მიხეილ სააკაშვილმა ხმა ხაბეიშვილის წინააღმდეგ და მიულოცა კიდევაც. ფინანსების გარეშე, ჩემზე კარგად ვინ იცის, რომ ენმ ელიტას არანაირი მოტივაცია არა აქვს. მეორე მხრივ კი ვანო მერაბიშვილის ძალა, მისი კომპრომატები და გავლენები, რა თქმა უნდა, პარტიაში ბევრს აშინებს. მერაბიშვილი ციხიდან რომ გამოუშვეს, ბიზნესმენი ოქრიაშვილი, რომელიც „ოცნებაში“ იყო, ასევე მასთან გაიქცა და მერაბიშვილმაც გვერდით დაიყენა. მაშინვე ფოტოც კი გადააღებინა. აი, სწორედ ასე გადაიბირა პარტიაში მყოფი პოლიტიკური ელიტა. მელიამ კი, როგორც ლიდერმა, პარტიაში თავი ვერანაირად ვერ გამოიჩინა. მას არ აღმოაჩნდა ის ქარიზმა, რომლის მეშვეობითაც პარტიაში ხალხის გაერთიანება და მობილიზება შეეძლო. რა თქმა უნდა, ხედავდნენ, რომ მელია კეთილდღეობას ვერ მოუტანდა. ასევე ბევრი პოლიტიკური შეცდომა დაუშვა. ის შეეხო მერაბიშვილს, რომელმაც მისი მოშორება დაგეგმა და განახორციელა. ეს მისთვის ძალიან მარტივი იყო“, - ამბობს მამრაძე.

რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის და დავით კეზერაშვილის პოლიტიკაში შემსოვლას და მიზეზს, რის გამოც მათ ეს გადაწყვეტილება მიიღეს, მამრაძე ფიქრობს, რომ პირველ რიგში, მათ ძალაუფლების სურვილი ამოძრავებთ. ასევე მამრაძე მიიჩნევს, რომ მერაბიშვილმა ამით სააკაშვილზე, როგორც იქნა შური იძია. პოლიტიკურადაც და ადამიანურადაც სრულიად გაანადგურა. მამრაძე დარწმუნებულია, რომ მერაბიშვილი იყო ის ფიგურა, რომელიც ლორთქიფანიძესთან ერთად მის ქვეყანაში ჩამოყვანას ხელმძღვანელობდა.

„მერაბიშვილი პოლიტიკოსი არ არის. ის არის ადამიანი, რომელსაც ძალაუფლებაში ყოფნის მუდმივი დაუოკელები სურვილი აქვს და ყველაფერს მხოლოდ ძალისმიერი მეთოდით მართავს. ეს არის კაცი, რომელსაც ინტრიგების, ე.წ. კომრომატების და შანტაჟის მეტი არაფერი შეუძლია. გვახსოვს, ალბათ, როცა სააკაშვილმა მერაბიშვილი პრემიერად დაასახელა, პრესკონფერენციის ბოლოს ხელები გაშალა და ისე წავიდა. ამ ჟესტით თქვა, რომ სხვა გზა არ მქონდა, თორემ ეს რისი პრემიერ-მინისტრიაო. მერაბიშვილის ყოველი მოქმედება „ოცნების“ წინააღმდეგ კონტრპროდუქტიული იყო. რასაც მერაბიშვილი ივანიშვიის წინააღმდეგ აკეთებდა, უკან მასვე უბრუნდებოდა. ის არ იყო პოლიტიკოსი და არ შეეძლო სიტუაცია პოლიტიკური შედეგებიდან გამომდინარე ემართა. ახლაც ხაბეიშვილის გამარჯვება შედეგია იმის, რომ მათ ხელთ დიდი ფული აქვთ და მერაბიშვილმა ისევ ე.წ. კომრპმატები გამოიყენა. როგორც ჩანს, მელიამ მიიღო პირობა, რომ სიჩუმის სანაცვლოდ მის კიდევ სხვა ჩანაწერებს არ გამოაქვეყნებენ. ის უკვე კარგად ხვდება, ვის შეეჯახა. უბრალოდ, პარტიიდან სამარცხვინოდ გაგდებას, ამ ფორმით თანამდებობდის დატოვება ერჩივნა.

ალბათ, მერაბიშვილი ახლაც შეეცდება, რომ მსგავსი პატარა პროვოკაციები მოაწყოს. თავის ამომრჩეველს რომ დაჰპირდნენ სააკაშვილს გამოვიყვანთო, რაღაცა ხომ უნდა გააკეთონ. ირაკლი ღარიბაშვილმა სააკაშვილის დაკავების დღეს განაცხადა, რომ მერაბიშვილი იყო, რომელიც სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნებას აძალება. არწმუნებდა, რომ ხალხს ქუჩაში გამოიყვანდნენ. აბა დააკვირდით, მერაბიშვილმა ეს ბრალდება არ უარყო. მას ერთხელაც არ გაუპროტესტებია, რომ სააკაშვილი არ ჩამომიყვანიაო. როგორც ჩანს, ამის მტკიცებულებები არსებობს. ამიტომ იქნება რაღაცა მცდელობა, მაგრამ პირიქით, ეს ხელისუფლებისთვის სასარგებლო პროცესი იქნება“, - ამბობს პეტრე მამარაძე.

რატომ შეიძლება ლევან ხაბეიშვილის გამარჯვება ხელისუფლებას პოლიტიკურად ხელს აძლევდეს და რა ფორმით შეიძლება ეს გამოიყენოს? - ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ, ადრე თუ გვიან, ნიკა მელიას ენმ-იდან წასვლა მოუწევს და ეს, ალბათ, გაზაფხული იქნება. მათ ერთმანეთს გამარჯვება კი მიულოცეს, მაგრამ ანალიტიკოსი ეჭვობს, რომ ეს მხოლოდ ფორმალური აქტი იყო, რომლის შემდეგაც სიტუაცია სრულად შეიცვლება.

„ახლა ლევან ხაბიშვილის გამარჯვება ყველაზე მეტად ხელისუფლებას აწყობს. „ოცნება“ ენმ-ში არსებულ მდგომარეობას შესაშინავად გამოიყენებს. ნაციონალები მმართველ გუნდს უკვე მოგუდული ჰყავს, მორჩა, პარტია, როგორც ასეთი, აღარ არსებობს და მისი სიძლიერე დასრუდა. ახლა საქმე იმაში იქნება, რომ ხელისუფლებას ვანო მერაბიშვილის და დავით კეზერაშვილის სახით ის ფიგურები ეყოლება, რომელთა მეშვეობითაც 9-წლიან სისხლიან რეჟიმზე უფრო ადვილად ისაუბრებს. მერაბიშვილს ხალხის ხოცვა ედება ბრალად და იმ სასტიკი რეჟიმის შექმნა, დავით კეზერაშვილს კი ბიუჯეტის და ჯარის გაძარცვა ომის დროს. ეს ხალხი „ოცნებისთვის“ 2024 წლის არჩევნების წინ სრული საჩუქარია. თუკი დასჭირდათ, სიტუაციის კიდევ უფრო დრამატიზება, მაშინ მიხეილ სააკაშვილს შინაპატიმრობაშიც კი გამოუშვებენ. აბა დააკვირდით, სიტუაცია და მოვლენები როგორ იცვლება. სააკაშვილის დედა ამბობს, რომ ქვეყნიდან გასვლა აღარ გვინდა, უბრალოდ სასჯელი გადაუვადეთ და ჩვენ გადავწყვეტთ რას ვიზამთო. ამიტომ ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. არჩევნების წინაც შეუძლია „ოცნებას“ სააკაშვილის ფიგურა ისე გადაათამაშოს, როგორც ეს სურს. თუ ხაბეიშვილი ქუჩაში ხალხის გამოყვანას დაიწყებს, ერთი-ორჯერ გაილახებიან. ხალხში კი ნაცების მიმართ შიში ისევ გაიღვიძებს და ხელისუფლებაც ამით პოლიტიკურად ისარგებლებს. ანუ გამოდის, რომ სიტუაციას „ოცნება“ ოპოზიციაშიც კი მართავს და ხაბეიშვილი საითაც არ უნდა გაიქცეს და რაც არ უნდა გააკეთოს, მაინც წყალს ხელისუფლების წისქვილზე დაასხამს“, - ამბობს ძაბირაძე.