ნიკა მელია: მივიღებ გადაწყვეტილებას, რა ხარისხით უნდა ვიყო ჩართული მომავალ პარტიულ საქმიანობაში, თუმცა მე ვრჩები ბრძოლაში, ვრჩები „ნაციონალურ მოძრაობაში“

ნიკა მელია: მივიღებ გადაწყვეტილებას, რა ხარისხით უნდა ვიყო ჩართული მომავალ პარტიულ საქმიანობაში, თუმცა მე ვრჩები ბრძოლაში, ვრჩები „ნაციონალურ მოძრაობაში“

არავის ეჭვი არ უნდა შეეპაროს, რომ მე ამ ბრძოლაში ვრჩები, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც პარტიის თავმჯდომარის არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა.

მელიას თქმით, ის მიზნები და ამოცანები, რომლის მიღწევა და შესრულებაც სურდა, ჯერ კიდევ მიუღწეველია.

„ვრჩები ბრძოლაში, რომელსაც შემოვუერთდი 2013 წლიდან და რა თქმა უნდა, ვიქნები ამ ბრძოლის ავანგარდში „ნაციონალური მოძრაობის“ იმ ათასობით უღალატო მხარდამჭერთან ერთად, რომელიც ჩემთვის გაცილებით უფრო ძვირფასია, როგორც თანამებრძოლი, გაცილებით უფრო ძვირფასია, როგორც პარტიის წევრები, მხარდამჭერები, ამომრჩევლები, ვიდრე თუნდაც მეგობრები. ჩემთვის ამ ბრძოლაში თანამებრძოლობა გაცილებით აღმატებული ხარისხის ურთიერთობაა, ვიდრე ბავშვობის მეგობრები. ამიტომ მადლობა ყველას, ვინც მიიღო ამ პროცესში მონაწილეობა, განსაკუთრებული მადლობა ყველა უღალატო ადამიანს, რომელიც შეასრულებს ძალიან დიდ როლს ამ ქვეყნის განვითარების პროცესში.

ამ ბრძოლაში, მე გააზრებულად შემოვუერთდი ძალიან დიდ გუნდს 2013 წლიდან და ის მიზნები და ამოცანები, რომლის მიღწევა და შესრულებაც მე მსურდა 2013 წლიდან, ჯერ კიდევ მიუღწეველია და მე მიმაჩნია, რომ ქვეყანას კიდევ უფრო მეტი გამოწვევა აქვს დღეს, ვიდრე 2013 წელს და ამ რეალობაში მე ვრჩები ბრძოლაში, მე ვრჩები პარტიაში, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია, განსაკუთრებით მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი არის პირადი ტყვე რუსული რეჟიმისა.

ამის შემდეგ მე ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად მივიღებ გადაწყვეტილებას, რა ხარისხით უნდა ვიყო ჩართული მომავალ პარტიულ საქმიანობაში, თუმცა ბრძოლაში არათუ ვიქნები ჩართული, არამედ კიდევ უფრო მეტი ენერგიით, მოტივაციით ვიქნები „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლის ავანგარდში. ამაში ეჭვი არავის შეეპაროს. ეს ასე იყო ყოველთვის, ასე არის და ასე იქნება“, - განაცხადა მელიამ.