სპალეტი:

სპალეტი: "შეცვლაზე ვინც შედის, თანაგუნდელისთვის ადგილის წასართმევად არ თამაშობს"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „რომასთან“ გამარჯვების (2:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ეს მოგება გუნდური სულისკვეთებისა და ერთიანობის დამსახურებაა.

„მხოლოდ ასეთი ერთიანი გუნდით შეიძლება მოიგო ასეთი დელიკატური მატჩი. დღეს ყველამ ითამაშა, ყველამ, ვინც თამაში სათადარიგო სკამიდან დაიწყო, აჩვენა, რომ გონებით უკვე მოედანზე იყვნენ, სანამ ნამდვილად შევიდოდნენ მოედანზე.

ყოველთვის ასეთი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს, გვინდა მაღალ მიზნებს მივაღწიოთ. ვინც შეცვლაზე შედის, ის არ თამაშობს თანაგუნდელის ნაცვლად, არამედ თამაშობს თანაგუნდელის გვერდით. გუნდში მყავს კაცები, რომლებსაც არ სურთ ძირითადში ადგილი ვინმეს წაართვან, უბრალოდ უნდათ თავიანთი წვლილი შეიტანონ გუნდის გაძლიერებაში.

ოსიმენმა ფანტასტიკური გოლი გაიტანა, მას ყველაფერი აქვს: ძალა, ხარისხი და ტექნიკა. მისი მეურვეობა ძალიან რთულია მაშინაც, როცა ბურთი არ აქვს, რადგან ყველაფერს აკეთებს. რატომ შევცვალე? მყავს ფეხბურთელები, რომლებიც ყოველთვის იმსახურებენ თამაშს და ყოველთვის ერთი და იგივე მოთამაშეების გამოყენება არ შემიძლია. რასპადორის და სიმეონეს მსგავსი ადამიანები თამაშს იმსახურებენ. ისინი არიან თავდამსხმელები, რომლებმაც გადამწყვეტი გოლები გაიტანეს ჩემპიონთა ლიგაზე, როცა ოსიმენს ტრავმა ჰქონდა და მათი გოლებით ჯგუფიდან გავედით. დღეს ერთიანობით მოვიგეთ და მატჩის ბოლოს გუნდური ჩახუტებაც ჩვენი ერთიანობის დასტურია. 13-ქულიანი უპირატესობა? რთული მატჩის მოგებით სატურნირო ცხრილში 3 ქულით მეტი გვაქვს, მხოლოდ ეს ვიცი“, - განაცხადა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, „ნაპოლი“ სერია A-ს 53 ქულით ლიდერობს, მომდევნო შეხვედრას კი 5 თებერვალს, სტუმრად „სპეციას“ წინააღმდეგ ჩაატარებს.