ამერიკაში მანქანები მკვეთრად იაფდება, საქართველოში კი გაძვირებას აპირებენ

ამერიკაში მანქანები მკვეთრად იაფდება, საქართველოში კი გაძვირებას აპირებენ

ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით დეკემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მეორადი ავტომობილების საფასური 14.9%-ით შემცირდა, რაც ვარდნის რეკორდული მაჩვენებელია. გაიაფება იანვარშიც გაგრძელდა. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში მეორადი მანქანები მკვეთრად გაიაფდა, საქართველოში მსგავსს არაფერს ელოდებიან.

ადგილობრივ ბაზარზე მკვეთრად გაზრდილია ავტომობილებზე მოთხოვნა, შესაბამიად, რეალიზაციაც მაღალ ნიშნულზეა (ძირითადად რეექსპორტის ხარჯზე). სწორედ ამიტომ გაიაფება არავის თავში აზრად არ მოსდის. საერთაშორისო ბაზრის საპირისპირო ტენდენციის გასამართლებლად კი იმპორტიორები სხვადასხვა არგუმენტებს იშველიებენ.

როგორც ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ლაშა დარბაისელმა განაცხადა, იქედან გამომდინარე, რომ ავტომობილების ტრანსპორტირების დრო გაზრდილია, მატულობს ხარჯიც.

„2022 წელს წელს ზრდა გვაქვს დანამდვილად. ყოველთვიურად იმატებს მანქანების რეალიზაცია, მაგრამ ეს მონაცემები დამაკმაყოფილებელი მაინც არ არის. ჩვენი ასოციაცია შედარებას ახდენს 2019 წლამდე პერიოდთან, როდესაც ღია იყო სომხეთის ბაზარი. ჩვენი სურვილი და მიზანი არის ის, რომ დიდი ნაბიჯებით იყოს მატება და არა ისე, როგორც ახლაა, ნელ-ნელა, მინიმალური პროცენტებით. ესეც კარგია, წინა წლებთან შედარებით, მაგრამ ყველაფერი ძალიან კარგად მაინც არ არის.

ავტომობილის ტრანსპორტირება საიდანაც არ უნდა მოხდეს, ყველგან გაძვირებულია. ჩამოყვანის ხარჯი თითქმის მანქანის ღირებულების ტოლია. თანაც რაც უფრო დიდხანს არის ავტომობილი გზაში, იმპორტიორი მით უფრო მეტად ზარალდება, რადგან ჩვენს ბიზნესში დროის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. შეკვეთილი პროდუქციის ჩამოსვლის დრო გაიზარდა, შესაბამისად მოიმატა ხარჯებმაც.

ამ ეტაპზე ავტოიმპორტიორებს ტრანსპორტირება თითქმის ერთი მანქანის საფასური გვიჯდება, შესაბამისად, სანამ ეს პრობლემა, კონტეინერებისა და გემების შემოსვლა არ მოწესრიგდება, მანამ მანქანები არ გაიაფდება, პირიქით, შესაძლოა, ფასი 10-15%-ით გაიზარდოს“, - განაცხადა დარბაისელმა.

ავტოიმპორტიორთა ასოციაციის დამფუძნებელი ალექსი ნონიაძე კი ავტომობილებზე ფასის მატებას ნაწილობრივ ინფლაციას, ნაწილობრივ რეცესიას, ნაწილობრივ ლოგისტიკური ხარჯების ზრდას და იმ პრობლემების გავლენას უკავშირებს, რაც ამ სფეროში წარმოიშვა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ პოსტპანდემიური პერიოდია, რაც ასევე გავლენას ახდენდა ბაზარზე. ასოციაციის დამფუძნებელმა ყურადღება გაამახვილა ავტომობილების იმპორტისა და რეექსპორტის სტატისტიკურ მონაცემებზე.

„ბოლო 10 წელიწადია, ფაქტობრივად, პირველ სამეულში ვართ როგორც იმპორტის, ასევე ექსპორტის თვალსაზრისით. იმპორტის მიმართულებით, 2022 წელს წინა წელთან შედარებით, 683 მლნ-ით მეტი ვივაჭრეთ, ექსპორტის მიმართულებით კი - 447 მლნ-ით მეტი. თუმცა, სრული სურათის დასანახად, თუ რა მდგომარეობაადარგში, არაა საკმარისი მხოლოდ ვაჭრობის მოცულობა თანხობრივ გამოხატულებაში. მნიშვნელოვანია ვნახოთ, ქვეყანაში რამდენი ერთეული ავტომობილი შემოვიდა და გავიდა.

შარშან ავტომობილების იმპორტი 73%-ით გაიზარდა თანხობრივ ნაწილში, თუმცა შემოყვანილი ავტომობილების რაოდენობა გაიზარდა 18%-ით. თანხობრივ ნაწილში უფრო მეტი გვაქვს ზრდა, გამომდინარე იქიდან, რომ როგორც გითხარით, საშუალოდ 46%-ით არის გაზრდილი ფასები ავტომობილზე. რაც შეეხება ექსპორტს, ქვეყნიდან გაყვანილი ავტომობილების რაოდენობა 25%-ით არის გაზრდილი“, - აღნიშნა გადაცემა „საქმეში“ ნონიაძემ.

იმპორტიორები აპელირებენ, რომ თუკი ჩამოყვანის ფასი არ შემცირდება, მაშინ ისინი საკუთარი სურვილით ავტომობილის ღირებულებას ვერაფერს დააკლებენ.