გუშინ თბილისის საკრებულოში კვორუმის არარსებობის გამო მიხეილ სააკაშვილმა სხდომა გადადებულად გამოაცხადა, რასაც მიწისძვრით დაზარალებულთა უკმაყოფილება მოჰყვა.
მათი თქმით, სხდომა სპეციალურად ჩაშალეს, ამიტომაც საკითხის გარკვევამდე შიმშილობის დაწყებას აპირებენ.
„ლეიბორისტული პარტიის უმეტესობა სხდომას არ ესწრებოდა. მიუხედავად ამისა, ისინი სხდომის გადადებას აპროტესტებენ. ეს არის სკანდალის მოწყობის მორიგი მცდელობა. ძალიან მიკვირს, რატომ მოჰყავთ ეს ხალხი საკრებულოში და არა კანცელარიასთან,“ - განაცხადა საკრებულოს წევრმა, გიორგი არველაძემ.
კონფლიქტი ვაკის პარკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, თემურ ჯიბლაძესა და დათო ოქიტაშვილს შორისაც წარმოიშვა.
ორი დღის წინ ჯიბლაძემ კანცელარიის გისოსებზე თავი მიიჯაჭვა, გუშინ კი ოქიტაშვილი ვაკის პარკის გასხვისებაში დაადანაშაულა.
„ძალიან გთხოვთ, დააკვირდით აი, ამ ორ წერილს. ერთში თანახმაა, რომ 800 კვადრატული მეტრი მიწა გაიყიდოს ვაკის პარკში და თვითონ აწერს ხელს... მეორეში კი - ოქიტაშვილს დიდი მადლობა, რომ ვაკის პარკს არ ჰქონდა წითელი ხაზი და მომეხმარეთ. ესეც წაიღეთ და გაავრცელეთ,“ - მიმართა ჟურნალისტებს ოქიტაშვილმა და ფურცლები ააფრიალა.
იგი ჯიბლაძის წინააღმდეგ საქმის სასამართლოში შეტანას და მორალური ზარალისთვის გვარიანი კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს.