ორი ისტორიული მოვლენის, ორი ისტორიული მოღვაწის შედარება საკმაოდ საჩოთირო საქმეა, მით უფრო, თუ მოვლენებიც და პიროვნებებიც ორ სხვადასხვა ეპოქას განეკუთვნება. საჩოთიროა იმიტომ, რომ ხშირად მსგავსება გარეგნულია და არა მთავარი და განმსაზღვრელი. ამჯერად რუსეთის იმპერატორის, პეტრე დიდისა და რუსეთის (საბჭოთა კავშირის) ერთპიროვნული მბრძანებლის, იოსებ სტალინის მსგავსებასა და განსხვავებაზე ვისაუბრებთ.
პირველი მსგავსება პეტრე დიდსა და იოსებ სტალინს შორის ის იყო, რომ ორივე ქართველი გახლდათ. პეტრე დიდის ბიოლოგიური მამა იყო კახეთის სამეფო სახლის წარმომადგენლის, თეიმურაზ პირველის შვილის დავითის ძე – ბატონიშვილი ერეკლე. პეტრე პირველის დედა გახლდათ მეფე ალექსი მიხეილის ძის სჯულიერი მეუღლე დედოფალი ნატალია ნარიშკინა. იოსებ სტალინი დაბალი სოციალური ფენიდან იყო გამოსული. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, აშკარაა ის განსხვავება, რომელიც პეტრე დიდსა და იოსებ სტალინს შორის იყო. პეტრე დიდი, მართალია, მეფე ალექსი მიხეილის ძის ბიოლოგიური შვილი არ იყო, მაგრამ ოფიციალურად იგი რუსეთის ტახტის კანონიერი მემკვიდრე გახლდათ და, ამდენად, უზარმაზარი სახელმწიფო მან მონარქის კანონიერი უფლებით ჩაიბარა. იოსებ სტალინი კი, რუსეთის ერთპიროვნული მბრძანებელი მხოლოდ თავისი ნიჭის წყალობით გახდა.
მეორე და არსებითი მსგავსება პეტრე დიდსა და იოსებ სტალინს შორის ის იყო, რომ მათ რუსეთი ჩაიბარეს იმ დროს, როდესაც სახელმწიფოებრივი კრიზისის ყველა ნიშანი სახეზე იყო და, საერთოდ, რუსულ სახელმწიფოს ნაწილებად დაშლა ემუქრებოდა, მათ კი ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანეს და შექმნეს უძლიერესი ზესახელმწიფო. ცხადი უნდა იყოს განსხვავებაც: პეტრე პირველი იბრძოდა მონარქის უფლებით, იგი მირონცხებული გვირგვინოსანი გახლდათ და, პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლაში სხვა რეპრესიულ ღონისძიებებთან ერთად, მას უმაღლესი იურისდიქციის – სიკვდილით დასჯის გამოყენების უფლებაც ჰქონდა. სტალინს არანაირი უფლება არ გააჩნდა რუსეთის სახელმწიფოს ერთპიროვნულ მბრძანებლობაზე, იგი არანაირი უპირატესობით არ სარგებლობდა ბოლშევიკ ლიდერთა შორის და, ამდენად, პოლიტიკური ოპონენტების სიკვდილით დასჯის შესაძლებლობა და უფლება მას თვითონ უნდა მოეპოვებინა.
მესამე მსგავსება ის გახლდათ, რომ პეტრე დიდმა და სტალინმა რუსული სახელმწიფოს ერთიანობის შენარჩუნებისა და პოლიტიკური ძალაუფლების განმტკიცების საშუალებად რეპრესიები დასახეს და სასტიკი დარტყმა მიაყენეს პოლიტიკურ ოპონენტებს. მსგავსება იყო ისიც, რომ პეტრე პირველი რუსეთის ევროპეიზაციისთვის იბრძოდა და დიდ შედეგებსაც მიაღწია, მაგრამ, ქვეყანას ისე განაგებდა, როგორც ტიპური აზიელი ტირანი. სტალინს სოციალისტად მიაჩნდა თავი, მაგრამ, ზესახელმწიფოს ისიც ისე განაგებდა, როგორც ტიპური აზიელი ტირანი. რეპრესიებთან მიმართებაში, პეტრე დიდსა და იოსებ სტალინს შორის განსხვავებაც შეინიშნება: პეტრე დიდის რეპრესიები შეეხო ძირითადად რუსეთის მოსახლეობის ზედა ფენას – პოლიტიკურ ელიტას და, ამდენად, მსხვერპლის რაოდენობაც შეზღუდული იყო. სტალინის რეპრესიები, პოლიტიკური ელიტის გარდა, შეეხო მოსახლეობის ყველა ფენას და, ამდენად, მსხვერპლი გაცილებით მეტი იყო. პეტრე დიდი მუდამ მზად იყო, პოლიტიკური ოპონენტისთვის თავი გაეგდებინებინა და ერთხელ პირდაპირი გაგებითაც ჩაიდინა ეს. მიუხედავად ამისა, ადამიანის, როგორც უმთავრესი ღირებულების უგულებელყოფა, პეტრე პირველს არასდროს გამოუხატავს ისე, როგორც ეს გამოხატა სტალინმა: „ერთი ადამიანის სიკვდილი უბედურებაა, რამდენიმე ადამიანის სიკვდილი ტრაგედია, ხოლო უამრავი ადამიანის სიკვდილი – სტატისტიკა“.
პეტრე დიდსა და იოსებ სტალინს შორის მეოთხე მსგავსება შემდეგში მდგომარეობდა. ორივე რუსული სახელმწიფოებრიობის გაძლიერებისა და აყვავებისათვის იბრძოდა და ერთმაც და მეორემაც, მთელი სულიერი და ფიზიკური ენერგია ამ მიზნის რეალიზებას შეალიეს. იყო განსხვავებაც: პეტრე დიდისთვის იდეალს წარმოადგენდა ევროპული ღირებულებები და მასზე დაფუძნებული სახელმწიფო; სტალინისათვის კი ევროპული ღირებულებები მიუღებელი იყო, მან რუსული სახელმწიფოებრიობის გაძლიერებასა და აყვავებას ის ღირებულებები დაუდო საფუძვლად, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ მას ეკუთვნოდა, მისი მოაზრებული იყო. განსხვავება მდგომარეობდა იმაში, რომ, სახელმწიფოებრიობის გაძლიერებისა და აყვავების ურთულეს გზაზე, პეტრე დიდი მუდამ რუს პატრიოტად რჩებოდა, იოსებ სტალინი კი რუსეთის პატრიოტი არ ყოფილა, მისთვის რუსეთი იყო სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნებოდა მის მიერ მოაზრებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ღირებულებებზე დამყარებული სახელმწიფოს ჩამოყალიბება. ანუ, სტალინი ატარებდა ექსპერიმენტს – მას სურდა, გაეგო, სად გადიოდა მისი შესაძლებლობების ზღვარი. ამაზე მეტყველებს ერთი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტი: 1943 წლის ოქტომბრის ბოლოს და ნოემბრის დამდეგს უმძიმესი ბრძოლები მიმდინარეობდა ქალაქ კიევისათვის. გერმანელები ყველანაირად ცდილობდნენ ქალაქის შენარჩუნებას. დიდი მსხვერპლის მიუხედავად, საბჭოთა ჯარებმა კიევი ვერ დაიკავეს. სტალინს სთხოვდნენ, დროებით შეეჩერებინა იერიში კიევზე. მაგრამ, ბელადი 7 ნოემბრისთვის მოითხოვდა ქალაქის დაკავებას. მისი ბავშვობის მეგობარმა ისარგებლა შემთხვევით და სტალინს უთხრა: ბევრი ადამიანი იღუპება და, იქნებ, მართლაც შეგეჩერებინა კიევზე შეტევაო. სტალინმა უპასუხა: იღუპებიან, მაგრამ, რუსები მე თვლით არ ჩამიბარებია ნიკოლოზ მეორისგანო.
პეტრე პირველმა შექმნა ძლიერი ზესახელმწიფო, მაგრამ, დაუშვა სტრატეგიული შეცდომა – მან ვერ დაინახა, რომ რუსი „მუჟიკისთვის“ რუსული სამყაროს დანგრევა ტრაგედიის ტოლფასი იყო, რის გამოც, ევროპეიზაციის გზაზე შემდგარ რუსეთს დიდი საფრთხე ელოდა. სტალინმაც შექმნა უძლიერესი ზესახელმწიფო, მაგრამ, რუსული სამყაროს, როგორც რუსული სახელმწიფოებრიობის სიძლიერის დანგრევა არ უცდია. პეტრე დიდმა გაჭრა სარკმელი ევროპისკენ, იოსებ სტალინმა კი ეს სარკმელი კარგა ხნით საიმედოდ დახურა.
ისტორიამ პეტრე დიდსა და იოსებ სტალინს მსჯავრი გამოუტანა. დიდი კატაკლიზმების მიუხედავად, რუსეთი მაინც დაადგა ევროპეიზაციის გზას – პეტრე პირველის გზას. მიუხედავად დიდი რეპრესიებისა და სისხლისღვრისა, რუსული სამყარო მაინც დაინგრა. თუმცა, ცხადია ისიც, რომ სტალინის მიერ აღორძინებული და ტრანსფორმირებული რუსული სამყარო პოზიციებს მაინც არ თმობს და მილიონობით რუსისათვის ის დღესაც იდეალია. ალბათ, ამის გამოხატულებაა ბოლო ხანებში გავრცელებული ანეკდოტი: „ახალი რუსი” ყოველგვარ კომფორტს რომ მიაღწევს, შემდეგ დისკომფორტი ეწყება – ძველი ცხოვრება ენატრებაო.