„ევროპული დემოკრატიული პარტიები გუნდურობის პრინციპით მოქმედებენ, რაც საქართველოს შემთხვევაში არ ხდება და ამიტომაც ქრებიან“

„ევროპული დემოკრატიული პარტიები გუნდურობის პრინციპით მოქმედებენ, რაც საქართველოს შემთხვევაში არ ხდება და ამიტომაც ქრებიან“

დამოუკიდებელ საქართველოს ისტორიაში საზოგადოებამ არაერთი პოლიტიკური პარტია იხილა, ზოგი მათგანი ხელისუფლებაშიც იყო, თუმცა დღეს უკვე აღარ არსებობენ. გაუქმებული პარტიების სია ასეთია: „ახალი მემარჯვენეები“, „დემოკრატიული აღორძინების კავშირი“, „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“, „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“, „შენების მოძრაობა“, „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ და ა.შ. დღეს კი, ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში - „ნაციონალურ მოძრაობაში“ დიდი არეულობაა. პარტია, რომელიც 9 წელი ხელისუფლებაში იყო, პარტიის ლიდერები ვერ იყოფენ. პოლიტიკურ სპექტრში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, დაიშალოს კიდეც.

რატომ ხდება, რომ ქართული პოლიტიკური პარტიები წლებს ვერ უძლებენ და რატომ ქრებიან პოლიტიკური სივრციდან? - ამ კითხვით ანალიტიკოსებს მივმართეთ.

ანალიტიკოსი გია აბაშიძის განცხადებით, პარტიების გაუქმების მიზეზი ის არის, რომ ოპოზიციურ პარტიებში შიდა დემოკრატია არ არსებობს. მხოლოდ ავტოკრატია და ამასთან ერთ ან ორ ამბიციურ ლიდერის პირად ხუშტურებზეა შიდა პოლიტიკა დამოკიდებული, რაც არასწორია.

„ევროპული დემოკრატიული პარტიები გუნდურობის პრინციპით მოქმედებენ, რაც საქართველოს შემთხვევაში არ ხდება, რადგან ერთ-ორ ლიდერს განსაკუთრებული ამბიცია აქვს, მათ შორის ფინანსურიც და ამით ცდილობენ დანარჩენი პარტიის წევრები აკონტროლონ. როდესაც ასეთ ერთ-ორ ადამიანზე არის დამოკიდებული პოლიტიკური პარტიის განვითარება, იქ ყოველთვის იქნება შეფერხება. როდესაც გუნდი მონაწილეობს ამა თუ იმ სუბიექტის განვითარებაში, იქ იდეების გაცვლის შედეგად ხდება საუკეთესოს შერჩევა და არა ერთი და ორი სუბიექტური აზრის მიხედვით. ამიტომაც არიან ჩამორჩენილები ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი და ამიტომაც ქრებიან წლების განმავლობაში ისინი, რადგან ვერ პასუხობენ იმას, რაც ელექტორატს სურს. პატარა პოლიტიკური პარტიები დაშლის პირას მყოფ „ნაციონალურ მოძრაობას“ ბაძავენ. სწორედ, აქ არის დიდი შეცდომა, როდესაც დამოუკიდებლად ვერ წყვეტენ ესა თუ ის პოლიტიკური პარტიები თავიანთ პოლიტიკის ჩამოყალიბებას“, - აღნიშნა გია აბაშიძემ.

ანალიტიკოსი ასე განმარტავს, თუ რატომ არ შეუძლიათ ქართულ პოლიტიკოსებს გუნდური თამაში. „მედიას არ ვადანაშაულებ, მაგრამ ერთ რამეს, როგორ ხდება ამა თუ იმ პოლიტიკოსის წარმოჩენა, ტიტრებში წერია - „პარტიის ერთ-ერთი ლიდერი“. როგორ შეიძლება პარტიაში ამდენი ლიდერი იყოს? ასე არ შეიძლება. კომპანიაში ყველა პრეზიდენტი ვერ იქნება, იგივეა ქართულ დამახინჯებულ პოლიტიკურ სპექტრში, ყველას უნდა ლიდეობა. ლიდერი არსებობს ერთი, დანარჩენები არიან წარმომადგენლები, ან ამა თუ იმ სფეროს კურატორი მდივნები“, - განუცხადა აბაშიძე, for.ge-ს.

მისივე თქმით გაუქმებულ და დაშლილ პარტიებს სამომავლოდ „ქართული ოცნებაც“ შეუერთდება, რადგან სამუდამო არაფერია.

„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს უახლოეს ისტორიაში დაამყარა დიდი რეკორდი, როდესაც ზედიზედ სამჯერ ხელისუფლებაში მოვიდა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ოპოზიციისგან განსხვავებით, მმართველ გუნდში, გუნდური თამაში იციან. ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან ხშირად იკრიბება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო და ამა თუ იმ თემაზე დისკუსია ხდება. მაგრამ, ისიც ვთქვათ, მუდმივი არაფერი არ არის. „ქართული ოცნება“ ნახევარი საუკუნე ნამდვილად ვერ იქნება ხელისუფლებაში“, - ამბობს გია აბაშიძე.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის თქმით, ქართველი ელექტორატი არა პარტიას, არამედ პარტიის ლიდერს უჭერს მხარს. თუკი ეს პოლიტიკური ლიდერი პოლიტიკიდან წავა, პარტიაც არსებობას ასრულებს და ამის მაგალითად ირაკლი ალასანია და მისი პარტია მოჰყავს.

„პოლიტიკური პარტია მხარდამჭერების გამო იქმნება, ერთი კაცი პარტიას ვერ ქმნის. ლიდერის მარცხის შემდეგ, პოლიტიკური პარტია ქრება. სამწუხაროდ, ამომრჩეველი მხარს არ უჭერს იმ იდეას, კონცეფციას, რასაც პარტია უნდა გულისხმობდეს. ჩვენს პარტიებს არ აქვთ განსხვავებული კონცეფცია. ახლა ვაკვირდებით ორი პარტიის ორთაბრძოლას - „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართულ ოცნებისას“. რა განსხვავებაა პოლიტიკური კონცეფციის თვალსაზრისით მათ შორის? - ორივეს უნდა ევროპაზე ორიენტაცია, ორივე მხარს უჭერს მემარჯვენე ტიპის ეკონომიკურ განვითარებას. მეტ-ნაკლებად „ქართული ოცნება“ სოციალისტებისკენ არის გადახრილი და ა.შ. ამ პარტიებს სახელები რომ მოვხსნათ და მარტო კონცეფციას გადავავლოთ თვალი, ვერ მივხვდებით რომელ პარტიასთან გვაქვს საქმე. ამიტომ არის, რომ პარტიები დიდხანს ვერ ძლებენ“, - განუცხადა for.ge-ს საყვარელიძემ და იქვე „ქართული ოცნების“ სამომავლო ბედსაც განმარტავს.

„გამორიცხული არ არის „ქართული ოცნებაც“ დაიშალოს, თუმცა იქამდე კიდევ ბევრი რამე უნდა მოხდეს. ვნახოთ, ზოგადად პარტიების ბედ-იღბალი როგორ განვითარდება. ყველაფერი შეიძლება მოხდეს“.