რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება ემხრობა ქვეყანას, რომელიც რუსეთის მხრიდან განიცდის აგრესიას. ჩვენ ამ მხარდაჭერას ვაცხადებთ პოლიტიკური თვალსაზრისით და ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ვართ ჰააგის სარჩელის თანაავტორები და მხარს ვუჭერთ ჰუმანიტარული თვალსაზრისით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლებასა და გარკვეულ წრეებს საერთაშორისო ასპარეზზე, როგორც ჩანს მოლოდინი ჰქონდათ, რომ საქართველოს როლი შესაძლოა სხვაგვარი ყოფილიყო.
„ისინი იმიტომ, რომ სხვა მოლოდინი აქვთ და სურდათ, რომ ჩვენ სხვა როლში ვეხილეთ, მოლოდინი ჰქონდათ ამის და არ არიან კმაყოფილი ამით. ჩემი აზრით, აკეთებენ ძალიან არაადეკვატურ განცხადებებს როგორც კასიანოვი, ისე მთელი რიგი პოლიტიკოსები და მაღალი თანამდებობის პირები. არ მგონია, რომ რამე ამოიწურება ელჩების დაბარებით ან საქართველოში, ან უკრაინაში, ვინაიდან ეს ყველაფერი ხელახლა გასავლელი და სალაპარაკოა უკრაინასთან, ასე ვთქვათ, გადასატვირთი ეს ურთიერთობა მას შემდეგ, რაც ეს კონფლიქტი დასრულდება“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.