მინიმალური ხელფასი რომ არ გადაუხადონ, კლინიკებში ექთნების პოზიციებს აუქმებენ ან უშვებენ სამსახურიდან

მინიმალური ხელფასი რომ არ გადაუხადონ, კლინიკებში ექთნების პოზიციებს აუქმებენ ან უშვებენ სამსახურიდან

იანვრიდან ექიმებისა და ექთნებისთვის მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაწესდა. თითქოს ამით მეტად საპასუხისმგებლო პოზიციაზე დასაქმებულ პერსონალს შეღავათი უნდა მიეღო, მაგრამ გარკვეული ნაწილისთვის სიტუაცია, პირიქით, გაუარსედა. მინიმალური ხელფასი რომ არ გადაუხადონ, კლინიკები ექთნების პოზიციებს აუქმებენ ან საერთოდ უშვებენ კლინიკებიდან.

მთავრობის დადგენილებით, 2023 წლის პირველი იანვრიდან ექიმებისა და ექთნებისთვის მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაწესდა. კერძოდ, ექიმებისთვის მინიმალური ანაზღაურება - 1 საათში 7 ლარით, თვეში, საშუალოდ, 1 260 ლარით, ხოლო ექთნების - 1 საათში 4.4 ლარით, თვეში, საშუალოდ, 792 ლარით განისაზღვრა. საერთო ჯამში, ხელფასის ზრდა 9 000-მდე ექიმსა და 8 000-ზე მეტ ექთანს შეეხო, თუმცა, როგორც ირკვევა, სამედიცინო დაწესებულებები ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილებას გაურბიან და ექთნებს პოზიციურად „აკნინებენ“.

სფეროს წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ კლინიკების მხრიდან მინიმალური ხელფასის გადახდისგან თავის არიდების ფაქტები გახშირდა. როგორც სოლიდარობის ქსელის თავმჯდომარემ სოფო ჯაფარიძემ აღნიშნა, მინიმალური ხელფასი რომ არ გადაუხადონ, კლინიკები ექთნების პოზიციებს აუქმებენ ან საერთოდ უშვებენ კლინიკებიდან.

„ექიმებისა და ექთნებისთვის მინიმალური ხელფასის დაწესებას მივესალმებით და ძალიან გვიხარია. თუმცა, პრობლემამ იჩინა თავი. კლინიკები აუქმებენ ექთნების პოზიციებს, რომ არ გადაუხადონ მათ მინიმუმი ხელფასი და გადაყავთ ექთნის ასისტენტად, ტექნიკოსად, ლაბორანტად, ანუ სხვა დასახელებას აძლევენ, რათა არ გადაუხადონ ის მინიმალური ანაზღაურება, რაც დააწესა სახელმწიფომ. თუ ექთანს 3 წლამდე მუშაობის სტაჟი ან უვადო ხელშეკრულება არ აქვს, ძალიან მარტივად შეუძლიათ კლინიკებს, რომ ეს გააკეთონ.

ძალიან ბევრმა ექთანმა დაგვირეკა, თბილისიდან, აჭარიდან, გურიიდან, იმერეთიდან, ამ პრობლემის შესახებ. ჩვენ გავაგებინეთ შესაბამის უწყებებს და აქტიურად ვმუშაობთ, რომ არ გადაიყვანონ ექთნები სხვა პოზიციებზე ან ვინც გადაიყვანეს, დაუბრუნონ ექთნის პოზიცია და მინიმალური ხელფასიც გადაუხადონ.

გარდა ამისა, არის შემთხვევები, როდესაც ასაკით უფროს ან პენსიონერ ექთნებს უშვებენ სამსახურიდან და ვინც რჩება, მათ ამუშავებენ ორმაგად, ოთხმაგად. მნიშვნელოვანი და სასიხარულოა, რომ შრომის ინსპექციამ გადაწყვიტა კლინიკების შემოწმება ამ თვალსაზრისით, მაგრამ რამდენს გაწვდებიან? არ აქვთ ამხელა ადამიანური რესურსი, რომ ყველა კლინიკაში შევიდნენ“, - განაცხადა გადაცემა „საქმეში“ ჯაფარიძემ.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტრო შესაძლო შემთხვევების შესახებ ინფორმირებულია. სანიმისტროში შემავალ სტრუქტურაში - შრომის ინსპენქციის სამსახურში ამბობენ, რომ თუ ინსპექტირებისას მსგავსი ფაქტი დადასტურდება, შემთხვევა ჩაივლება დარღვევად, რაც გამოიწვევს სამედიცინო დაწესებულების დაჯარიმებას, ასევე კლინიკას დაეკისრება ექიმის - ექთნის კუთვნილი ხელფასის სრულად ანაზღაურება.

„2023 წლიდან შრომის ინსპექციის სამსახური ექიმებისა და ექთნების მინიმალური ხელფასის საკითხსაც შეისწავლის. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარული კომპონენტით ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება ექიმებისა და ექთნების სახელფასო ანაზღაურება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მინიმალური ზღვრის გათვალისწინებით დაადგინოს. შრომის ინსპექციის სამსახურს აქვს უფლებამოსილება განახორციელოს სრული ინსპექტირება სამედიცინო დაწესებულებებში, როგორც შრომის უფლებების აღსრულების, ასევე ექიმებისა და ექთნების მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.

კანონმდებლობაში მკაფიოდ არის განმარტებული ექიმისა და ექთნის ფუნქცია-მოვალეობები, შესაბამისად, თუ ინსპექტირებისას დადგინდება, რომ მინიმალური ხელფასის ანაზღაურების თავიდან არიდების მიზნით, ექიმს ან ექთანს დაკისრებული აქვს რანგით უფრო დაბალი ან სხვა პროფესიის ფუნქციები, შრომის ინსპექციის სამსახურის მხრიდან ეს ფაქტი ჩაითვლება დარღვევად, რაც გამოიწვევს სამედიცინო დაწესებულების დაჯარიმებას, კლინიკას ასევე დაეკისრება ექიმის - ექთნის კუთვნილი ხელფასის სრულად ანაზღაურება.

შრომის ინსპექციის სამსახურს ექნება შესაბამისი, მკაცრი რეაგირება დამსაქმებელების მხრიდან განხორციელებულ ნებისმიერ არაკეთილსინდისიერ ქმედებაზე და ყველა დასაქმებულის უფლება იქნება დაცული კანონის შესაბამისად!“ - აცხადებენ შრომის ინსპექციის სამსახურში.

სამედიცინო სექტორში დასაქმებული პირების შრომითი ანაზღაურების მინიმალური ზღვარის დაწესების შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა 2022 წლის დასაწყისში დააანონსა. შესაბამისი ცვლილება სულ რაღაც იანვრიდან ამოქმედდა, თუმცა კლინიკები დადგენილებას შემოღებისთანავე ცდილობენ ვალდებულებების შესრულებას თავი აარიდონ.

merab მერე იტყვიან: კადრების დეფიციტის!
1 წლის უკან
merab დეფიციტიაო
1 წლის უკან