ცხადი და გასაგებია, რომ რეკომენდაციების ბევრი პუნქტი გვაქვს შესასრულებელი, პირველ რიგში პოლარიზაცია გვაქვს დასასრულებელი, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს, პირველ რიგში, ჩვენი წარსულის გამო, ასევე იმ კულტურის გამო, რომელიც ქართველ ხალხს გააჩნია და ეს თავსებადია დასავლურ კულტურასთან. რაც შეეხება რეკომენდაციების შესრულებას, აქ ცხადი და ყველასთვის გასაგებია, რომ ბევრი პუნქტი გვაქვს შესასრულებელი, პირველ რიგში, პოლარიზაცია გვაქვს დასასრულებელი. ამის შემდეგ შეიძლება ამაზე საუბარი. მაგრამ ის, რომ გვამხნევებენ, მგონია, რომ ძალიან კარგია და გვიბიძგებენ, რომ ჩვენც სათანადოდ მოვიქცეთ“,- აღნიშნა ხვიჩიამ.
საქართველოს ევროინტეგრაცია და 12 რეკომენდაციის შესრულება - სტრასბურგში ევროსაბჭოს მაღალი თანამდებობის პირი, ჩვენს ქვეყანას პოზიტიურ გზავნილს უგზავნის და იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მალე მიიღებს. ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩის მხარდამჭერ განცხადებაზე, საქართველოში შეფასებები კეთდება.