არჩილ თალაკვაძე კასიანოვის განცხადებაზე: ეს პოლიტიკურ განცხადებას უფრო ჰგავს, ვიდრე დიპლომატიურ ძალისხმევას - ვიმედოვნებ, ახალი ელჩი ამ ყველაფერს დაარეგულირებს

არჩილ თალაკვაძე კასიანოვის განცხადებაზე: ეს პოლიტიკურ განცხადებას უფრო ჰგავს, ვიდრე დიპლომატიურ ძალისხმევას - ვიმედოვნებ, ახალი ელჩი ამ ყველაფერს დაარეგულირებს

არჩილ თალაკვაძემ კასიანოვის განცხადება „ქრონიკაში“ შეაფასა და აღნიშნა, რომ ქართველი საზოგადოება ასეთი ტიპის შეფასებებს არ იმსახურებს. ვიცე-სპიკერის თქმით, ასეთი ტიპის განცხადებები ორ ქვეყანას შორის მეგობრობას არ ემსახურება.

„პირველად არ ვისმენთ კასიანოვის საყვედურიან განცხადებებს. მე, ჩემს კოლეგებთან, რადაში მაქვს კომუნიკაცია. ის, განცხადება, რომელიც კასიანოვმა გააკეთა, ჩვენი მეგობრების მოსაზრებებს არ ემთხვევა, რადგან მათ ზუსტად იციან რას აკეთებს საქართველო უკრაინის მხარდასაჭერად. ჩვენ ასევე ვიცით უკრაინის საზოგადოების, უბრალო ხალხის აზრი, გამოკითხვებში ისინი საქართველოს ერთ-ერთ პირველ მხარდამჭერად მოიხსენიებენ. შესაბამისად ასეთი საყვედურები ერთის მხრივ რეალობას არ გამოხატავს, მეორე მხრივ, ჩემი აზრით ეს უფრო პოლიტიკურ განცხადებებს უფრო ჰგავს, ვიდრე დიპლომატიურ ძალისხმევას. მე ვიმედოვნებ, რომ ახალი ელჩი ასეთი ტიპის განცხადებებს დაარეგულირებს.

ასეთი ტიპის განცხადებები არ ემსახურება ორ ქვეყანას შორის მეგობრობას, რომლისთვისაც ჩვენ და მეორე მხრიდანაც, ის პოლიტიკოსები, რომლებიც უკრაინაში საქართველოს ნამდვილი მეგობრები არიან, ყოველდღიურად ამდენ ძალისხმევას ვდებთ. ასეც რომ არ იყოს, ჩვენი საზოგადოება და ქვეყანა ასეთი ტიპის შეფასებებს არ იმსახურებს, რადგან ის ყველაფერს აკეთებს და მთელი გულით მხარს უჭერს უკრაინას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ანდრეი კასიანოვი საქართველოდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობას არ გამორიცხავს, თუ მათ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენისა და „რუსების მასიურად შემოდინების“ შემთხვევაში, საფრთხე დაემუქრებათ.