ევროკავშირის ქვეყნები რუსეთს იმპორტირებულ საქონელში ყოველდღიურად ასეულობით მილიონ ევროს უხდიან“

ევროკავშირის ქვეყნები რუსეთს იმპორტირებულ საქონელში ყოველდღიურად ასეულობით მილიონ ევროს უხდიან“

CNN-ის მორიგი დეზინფორმაცია საქართველოს წინააღმდეგ. ტელეკომპანიის ჟურნალისტი მიზანმიმართულად ავრცელებს ყალბ ცნობებს საქართველოსთან მიმართებაში. რამდენიმე დღის წინ CNN-ის ჟურნალისტმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს დაუსვა კითხვა, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებულ ყალბ ინფორმაციას ეფუძნებოდა.

კერძოდ, ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის თანახმად, ვრცელდება ცნობები სხვადასხვა ქვეყნის და განსაკუთრებით, საქართველოს გავლით რუსეთში სანქცირებული საქონლის შეტანის თაობაზე და ევროკომისიის პრეზიდენტისგან დაინტერესდა, გადაჭრიდა თუ არა ევროკავშირის სანქციების მომდევნო პაკეტი ამ პრობლემას.

მაგალითად, ჟურნალისტს არ გასჩენია კითხვა, თუკი საქართველო რუსეთში სანქცირებულ პროდუქციას ატარებს, ასეთ შემთხვევაში 2022 წელს საქართველოდან რუსეთში ექსპორტი არაპროპორციულად უნდა გაზრდილიყო, თუმცა, ეს უკვე CNN-ის ჟურნალისტის ინტერესის სფეროს არ წარმოადგენდა. მსგავსი შეკვეთილი სიუჟეტები ცხადყოფს რა ამოძრავებს კონკრეტულ ძალებს და როგორ იყენებენ ამისთვის ერთ დროს გავლენიან მედიასაშუალებას - CNN-ს.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, ჟურნალისტის მიერ გაჟღერებული ყალბი ინფორმაცია მყისიერ რეაგირებას საჭიროებს. მისივე თქმით, სამწუხაროა, როდესაც ამ სიცრუის ტირაჟირებაში პრეზიდენტიც აიყოლიეს, რომელმაც ბრალდებებზე კატეგორიული და ფაქტებით გამყარებული პასუხის გაცემა მოითხოვა.

„რუსეთში ექსპორტის წილი საქართველოს საერთო ექსპორტში 2022 წელს არათუ არ გაზრდილა, არამედ მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც „სი-ენ-ენ“-ის ჟურნალისტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სიყალბეს უტყუარად ადასტურებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოდან შეტანილი საქონელი რუსეთის 2022 წლის საერთო იმპორტის მხოლოდ 0,3%-ს შეადგენს. ამ ფონზე, როდესაც კონკრეტული უცხოური მედიასაშუალებები ამტკიცებენ, რომ რუსეთი საქართველოდან შეტანილი საქონლით ითქვამს სულს, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან დიდი ტყუილია“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე და ფოტომასალა გაავრცელა, სადაც დეტალურად არის აღწერილი ინფორმაცია, როგორ აგრძელებს ევროპის ქვეყნები რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობას.

რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად, საქართველოს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების შენარჩუნების გამო აკრიტიკებენ და მათ შორის დასავლელი პოლიტიკოსები, მაშინ როდესაც ევროკავშირის ქვეყნები რუსეთს იმპორტირებულ საქონელში ყოველდღიურად ასეულობით მილიონ ევროს უხდიან. 2022 წლის თებერვალ-აგვისტოში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გერმანიაში რუსეთიდან იმპორტი გაიზარდა 33%-ით, პოლონეთი - 24%; იტალია - 100%; საფრანგეთი - 84%; ნიდერლანდები - 51%; ბელგია - 78%; უნგრეთი - 132%; საბერძნეთი - 142%; ესპანეთი - 51%; ავსტრია - 139%; სლოვაკეთი - 71%; ბულგარეთი - 116%; რუმინეთი - 55%; ჩეხეთში - 31%; სლოვენია - 346%; ხორვატია - 68%; კვიპროსი - 138%; ლუქსემბურგი - 262%.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ CNN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციაზე ისაუბრა ფინანსთა მინისტრმა, რომლის განცხადებით, არანაირი საფუძველი, რომ ვინმემ ეჭვი შეიტანოს იმაში, რომ საქართველოში სანქციების აღსრულება ჯეროვნად არ ხდება, არ არსებობს. ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიმართულებით. მისივე თქმით, სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლებას ყოველდღიური კომუნიკაცია აქვს მის პარტნიორებთან.

„სანქციების აღსრულების ნაწილში, როგორც საფინანსო სექტორის, ასევე ვაჭრობის ნაწილში, საქართველოს ხელისუფლებისა და ეროვნული ბანკის მიერ ძალიან მკაცრი კონტროლი ხორციელდება. შესაბამისად, არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ვინმემ ეჭვი შეიტანოს იმ ღონისძიებებში, რა ღონისძიებებსაც საქართველო ახორციელებს. ამ ნაწილში მე შემიძლია ცალსახად ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან მჭიდრო კოორდინაციაში ვართ ჩვენს პარტნიორებთან - როგორც აშშ-თან, ასევე ევროკავშირთან. ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში ხდება ინფორმაციის გაცვლა და კომუნიკაცია“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებული განცხადება, მიუღებელი აღმოჩნდა ოპოზიციის იმ ნაწილისთვის, რომელიც CNN-ის ჟურნალისტის ნაცვლად ცრუ და ყალბ ინფორმაციას ავრცელებს საქართველოსთან მიმართებაში. მიხეილ დაუშვილის ფიქრობს, რომ ირაკლი კობახიძე მანიპულირებს. პარტია „საქართველოს“ წევრის განცხადებით, როცა ვაჭრობაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ არავის გაუკიცხავს „ოცნება“ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებისთვის.

მისი თქმით, კობახიძე და „ქართული ოცნება“ ცდილობს, ისე წარმოაჩინოს, თითქოს ხელისუფლებას ქართველი ფერმერის წარმოებული პროდუქტის რუსეთში გაყიდვის გამო აკრიტიკებს, თუმცა სინამდვილეში კრიტიკა რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით გაჩენილმა კითხვებმა გამოიწვია. დაუშვილის განცხადებით, მთავარი, რის გამოც კითხვები ჩნდება, არის ის, რომ „ქართულ ოცნებას“ დასავლეთში არ ენდობიან და მათ სიტყვებს ფასი არ აქვს.

„სამწუხაროა, რომ „ოცნების“ და კობახიძისთვის CNN-ც კი მათთან მებრძოლი გახდა. საბოლოო ჯამში, ეს ხალხი ერთ რამეს ვერ მიხვდა, რომ მათ ქვეყანა აბარიათ, ქვეყანაზე აქვთ პასუხისმგებლობა აღებული და არ შეიძლება ის, როგორც იქცევიან. „ოცნებას“ რაზეც აკრიტიკებენ, ეს უკავშირდება ორ რამეს: სათანადო პოლიტიკური მხარდაჭერის გამოცხადების ნაკლებობას და გაჩენილ კითხვებს, ხომ არ ეხმარებიან რაიმე ფორმით რუსეთს სანქციებისთვის თავის არიდებაში. ამ ორ ელემენტარულ საკითხს ვერ გაართვა „ოცნებამ“ თავი და ვერ გაართვა, თუ არ გაართვა, ეს კიდევ საკითხავია,“ - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

ტრადიციულად, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებაში ანტიდასავლური ხაზი აღმოაჩინა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ, რომლის განცხადებით, კობახიძემ გავრილოვთან პოლიტიკური ფლირტის გამო ერთხელ ლამის დაასრულა პოლიტიკური კარიერა და თუ ასე გააგრძელებს, მალე მოუწევს დასრულება.

„თურმე CNN და დასავლეთი არიან „გლობალური ომის ძალები“ და ლავროვი და გავრილოვი ყოფილა კეთილისმყოფელი - კობახიძეს „გამორჩა“ და გამოაქვეყნოს ტრანზიტთან დაკავშირებული სტატისტიკაც რამდენი პროცენტით არის გაზრდილი ტრანზიტული ტვირთების რაოდენობა. კობახიძე აგრძელებს ანტიდასავლურ მავნებლურ პათოსს, რომ თავის ღალატი გაამართლოს.

რუსეთი აკრიტიკებს და არ მოსწონს ევროპელი ლიდერები, უნგრეთის პრემიერის, ბელარუსის და სერბეთის პრეზიდენტის გარდა, ამ რიგში ჩაეწერა კობახიძე. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებისთვის კი არ ემზადებიან, საქართველოს ამზადებენ რუსეთ-ბელარუსის კავშირში გასაწევრიანებლად“, - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

პოლიტოლოგის რამაზ საყვარელიძის შეფასებით, ცხადია, რომ CNN-ი არ არის რიგითი მედიასაშუალება და ამ ფაქტიდან კარგად ჩანს, ორკესტრირებული შეტევა ქართულ სახელმწიფოზე. როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, გამომდინარე იქიდან, რომ CNN არ არის რიგითი რეგიონალური და პროვინციული მედია, ამიტომ უფრო დიდი თანხა ღირს ალბათ მისი მხრიდან ამდაგავრი კითხვის დასმა.

რაც შეეხება იმას, რა შეიძლება იყოს ამ პროცესების უკან, პოლიტილოგი ფიქრობს, რომ დაახლოებით იგივე საკითხია, რის გარშემოდაც „ხალხის ძალა“ მსჯელობს. კერძოდ, რაღაცა ინტერესები აქვს დასავლეთს და ეს შეიძლება არის მეორე ფრონტის გახსნა.

„თუმცა, მე მაინც მეეჭვება, რომ ამჟამად მეორე ფრონტის შექმნის გამო იყოს გააქტიურებული დასავლური მედია და ამიტომ იყოს ქართული თემის ასეთი პედალირება. მეორე ფრონტი უამრავ ადგილას შეიძლება გაიხსნას. იგივე მოლდოვაში, მაგრამ არ ისმის ასე მძაფრად საკითხი მოლდოვასთან მიმართებაში. ამიტომ, ვეჭვობ, რომ ამის მიზეზი შეიძლება იყოს საქართველოში ხელისუფლების შეცვლის მოტივი იმიტომ, რომ ის კითხვა რაც უკრაინული პოლიტიკური ტრიბუნიდან ისმეოდა და ნათვამიც იყო - აი, სააკაშვილი რომ ყოფილიყო ის ჩაერთვებოდა ომში - აქ შეიძლება სიტყვა „ომის“ თემა არაა გადამწყვეტი. არ გამოვრიცხავ, რომ აქ გადამწყვეტი იყოს ის, რომ რაღაცა პოლიტიკურ რეცეპტს არ დაემორჩილა საქართველოს ხელისუფლება და არის მოლოდინი, რომ დაემორჩილებოდა სააკაშვილი. ამაზე მიდის ძირითადად ბრძოლა“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, ამ ბრძოლის ავანგარდში არის ის ჯგუფი, რომელიც ბევრ რამეს განსაზღვრავს დღევანდელ დასავლეთში და კერძოდ, უკრაინის მმართველი ჯგუფი.

„ეს არის ის ხალხი, ვინც „ნაციონალური მოძრაობა“ შეიკედლა და ჰყავს თავისთან. ბუნებრივია და ლოგიკურია, რომ ამ ჯგუფს ურჩევნია საქართველოს ხელისუფლებაში ნახოს „ნაციონალური მოძრაობა“, ვიდრე ამ პარტიასთან დაპირისპირებული „ქართული ოცნება“. მე მაინც მგონია, რომ ეს მაინც არის კონკრეტული პოლიტიკური ძალის ინტერესით გადადგმული ნაბიჯები და არა ევროპული ნაბიჯები. უკრაინაშიც დაწყებულია იმის გარკვევა, სად წავიდა და მიდის ის დიდი თანხები, იარაღი და ა.შ. ასე რომ, გამორიცხული არ არის, რომ დღევანდელ უკრაინის ხელისუფლებას დასჭირდეს ისეთი პარტნიორი როგორიც თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობისთვის“ აღმოჩნდა უკრაინა.

არაა გამორიცხული, რომ უკრაინას დასჭირდეს ქვეყანა, სადაც დროებით მაინც მშვიდობიანად იქნებიან. უპრიანია, რომ ასეთი ქვეყანა მათთვის იყოს საქართველო და უფრო უპრიანია, რომ ამ დროს ხელისუფლებაში იყოს „ნაციონალური მოძრაობა“. შეკედლებაზე შეიძლება ვაჭარბებთ, მაგრამ ის, რომ ამ ქვეყანაში ურჩევნიათ „ნაცმოძრაობა“, ეს ცხადია და ამისთვის ამ ქვეყნის ხელისუფლების დისკრედიტაცია უნდა მოხდეს. ხომ ვხედავთ, რომ დისკრედიტაცია ხდება იმ ფორმულების მიხედვით, რაც მოდის უკრაინის დღევანდელი მმართველების მხრიდან“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ფიქრობს, რომ თავი და თავი არის ის, რომ ყველას და განსაკუთრებით მსოფლიო საინფორმაციო საშუალებებს, რომლებსაც არნახული რეიტინგი და ნდობა ჰქონდათ მსოფლიოში მოპოვებული, ერთი ხელის მოსმით ე.წ. ლობიზმისა და ამავე დროს ფულების ძალიან დიდი სიყვარულის გამო ჩაყარეს წყალში.

„წარმოიდგინეთ როგორი აბსურდი არის CNN-ის მიერ გაკეთებული ეს გადაცემა. თურმე საქართველოზე ყოფილა დამოკიდებული ყველაფერი, თურმე სამმილიონიანი საქართველო არჩენს 150 მილიონიან რუსეთს. CNN-მა საქართველო მთელი მისი მოსახლეობით ჯერ გინესის რეკორდების წიგნში და შემდეგ ნობელის პრემიაზე უნდა წარადგინოს. ეს ხომ წარმოუდგენელია და ამიტომ ლაპარაობდა გებელსი, მომეცით პროპაგანდის საშუალებები და ადამიანებს ღორების კოლტად ვაქცევო.

ამათ უნდათ მთელი მსოფლიოს ღორების კოლტად ქცევა, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში. ეს მიუთითებს მხოლო და მხოლოდ ერთადერთ რამეზე - ეს არის ორკესტრირებული მსოფლიოში არსებული ბნელი ძალების მიერ, რომელთაც უნდათ საქართველოში ხელისუფლების შეცვლა და ამის შემდეგ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა და ჩაბმა იმ ომში, რომელიც მიმდინარეობს უკრაინასა და რუსეთს შორის“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძემ.

ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე აცხადებს, რომ საქართველოდან რუსეთის მიმართულებით ექსპორტი ყველაზე დაბალ ნიშნნულზეა. მისი თქმით, ის ინფორმაცია, რომელიც გავიდა წამყვანი უცხოური მედიასაშუალების, CNN-ს მიერ, არის მთლიანად სიცრუე.

„იმიტომ, რომ როდესაც ასეთი სიუჟეტი გადის, თავისუფლად შეეძლო ჟურნალისტს იგივე სავალუტო ფონდის სტატისტიკური მონაცემების ნახვა, სადაც რეალობა არის აბსოლუტურად სხვა. საქართველოს ექსპორტი არის გაზრდილი, მაგრამ გაზრდილია ძირითადად რეგიონის ქვეყნების ხარჯზე. სომხეთში არის მნიშვნელოვნად გაზრდილი, აზერბაიჯანში და ყაზახეთში. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ჩვენი ექსპორტისა არის რუსეთში. ამიტომ ჩვენ არავისთან თავის მართლება არ გვჭირდება“, - აცხადებს გიორგი ცუცქირიძე.

 

merab მხოლოდ იდიოტი ვერ მიხვდება, რა უნდა დასავლეთს.
რა თქმა უნდა -ხელისუფლების შეცვლა მეორე ფრონტის გასახსნელად.
აბრმავებენ და ატყუებენ მსოფლიოს. მაგრამ, ვისაც უნდა, გაიგებს.
1 წლის უკან
merab აყრუებენ
1 წლის უკან