კეზერაშვილის და ნაყოფიას საიდუმლო სერობა - ენმ დაშლისთვისაა განწირული, მელია - პოლიტიკური კრახისთვის

კეზერაშვილის და ნაყოფიას საიდუმლო სერობა - ენმ დაშლისთვისაა განწირული, მელია - პოლიტიკური კრახისთვის

ნიკა მელია საკუთარმა მხარდამჭერებმა გაყიდეს? - ეს კითხვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც გაირკვა, რომ რამდენიმე დღის წინ კობა ნაყოფია, რომელიც მელიას მხარდამჭერად ითვლება, დავით კეზერაშვილს საზღვარგარეთ შეხვდა. არადა მელია ამტკიცებს, რომ სწორედ ნაყოფია იყო ის პირი, ვის პარტიიდან გაშვებასაც კეზერაშვილი სთხოვდა და მასთან დაპირისპირებაც სწორედ ამის გამო წარმოიშვა. თუმცა ირკვევა, რომ ნაყოფია სიტუაციის დალაგებას კეზერაშვილთან თავად ცდილობს. ახლა „ნაციონალური მოძრაობა“ კობა ნაყოფიას თბილისში ჩამოსვლას ელოდება. პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გუნდს უნდა აუხსნას, რის გამო შეხვდა უკრაინაში დავით კეზერაშვილს და რა იყო მათი საუბრის შინაარსი.

როგორც for.ge-ს პარტიიდან სანდო წყარო უყვება, გაჩნდა მოსაზრება, რომ უკვე ჩაძირულ მელიას ნაყოფიაც განუდგა, რომელიც ახლა თავის გადარჩენას ცდილობს. ის ფიქრობს, რომ შესაძლოა კეზერაშვილ-მერაბიშვილს ადეიშვილიც კი შეურთდეს, ამიტომ ნაყოფია ცდილობს, რომ 2024 წლამდე სიტუაცია ახალ ბოსებთან დაალაგოს. ასევე პარტიის წევრები ეჭვობენ, რომ ნაყოფიას მერაბიშვილმა მელიას ფარული ჩანაწერები მოასმენინა, სადაც სააკაშვილს კიდევ უფრო უშვერი პირით აგინებს, ვიდრე ეს საჯაროდ გამოქვეყნდა. ამიტომ, პარტიის ერთ ნაწილში გაჩნდა ეჭვი, რომ ნაყოფიამ მელია 2024 წლის სიაში ადგილებზე და პარტიაში გავლენაზე გაცვალა.

მოლაპარაკების ამბავი ლევან ხაბეიშვილმა გათქვა. ის მელიასგან პასუხს ითხოვს, რატომ შეხვდა ნაყოფია კეზერაშვილს.

„გაგვცეს პასუხი, მათ შორის, ნიკა მელიამ და აგვიხსნას, რა ხდება, რატომ არის კობა ნაყოფია დავით კეზერაშვილთან შეხვედრებით დაკავებული. მეორე მთავარ კითხვაზე გასცეს პასუხი, 2020 წელს რატომ იყო მიშა სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატის წინააღმდეგი „ნაციონალური მოძრაობიდან“? - თქვა ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილს პასუხს მელიას მხარდამჭერი ბაჩო დოლიძე სცემს.

„ვიცი მხოლოდ ის, რომ შეხვდნენ. კობა რამდენიმე დღეში, როგორც ვიცი, საქართველოში იქნება და შესაბამისად, თვითონ აპირებს ამაზე საუბარს. შეხვედრის შესახებ არც თუ ისე დიდი ხნის წინ შევიტყვე პირადად მისგან, მაგრამ დეტალებს ნამდვილად არ ჩავურღმავდი, იმიტომ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სჯობს ისევ კობამ ისაუბროს. ზოგადად, სხვა საკითხებთან მიმართებაშიც, მე ვფიქრობ კობა უფრო კარგად გასცემს პასუხებს. ნამდვილად არ მინდა არც სპეკულირება არც ერთი ადამიანით და არც ერთი საკითხით. რაც ვიცი, იმაზე შემიძლია საუბარი, რაც არ ვიცი, იმაზე, უბრალოდ, არ ვიკადრებ“, - ამბობს ბაჩო დოლიძე, რომელიც მელიას მხარდამჭერია.

პარტიაში დავა ასევე, ნაჩუქარი მანქანის გამო დაიწყო. როგორც ირკვევა, ორი წლის წინ დავით კეზერაშვილის მიერ მელიასთვის გაგზავნილი ავტომობილი დღეს ენმ-ში ახალი დაპირისპირების საგანი გახდა. ხაბეიშვილის ფლანგმა მოქმედ თავმჯდომარეს დღეს სწორედ ეს ძღვენი წამოაძახა. ირკვევა, რომ მელია კეზერაშვილისგან საჩუქრებს ადრეც იღებდა და ამაზე პრეტენზია არც ჰქონია.

ირკვევა, რომ „ტოიოტას“ ჯიპი ახლა პარტიის ავტოსადგომზე დგას და ის ნიკა მელიას სახელზე გაფორმებული არ არის.

პარტიის საორგანიზაციო მდივნის, ბაჩო დოლიძის, განცხადებით კი დავით კეზერაშვილის წარმომადგენელს ავტომობილის დაბრუნება მან პირადად სთხოვა, თუმცა შეთავაზებაზე უარი მიიღო.

ცნობილია, რომ „ტოიოტას“ ჯიპი კეზერაშვილმა მელიას ციხიდან გამოსვლის შემდეგ გაუგზავნა.

ანალიტიკოსი გაი აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ რუსი ბიზნესმენის კობა ნაყოფიას ძებნილ ოლიგარქ დავით კეზერაშვილთან შეხვედრა იმაზე მეტყველებს, რომ ნიკა მელიას ზურგს უკან შეთქმულების გეგმა კიდევ უფრო ფართოვდება.

„ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მერაბიშვილი-კეზერაშვილის მარიონეტი ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ნომინალური თავმჯდომარე გახდეს. ეს თუ ასე მოხდა, ენმ კიდევ უფრო დაიშლება და მელიას მხარდამჭერები პარტიას გამოეყოფებიან, ეცდებიან, რომელიმე ოპოზიციური პარტია გაამსხვილონ, ანდა ახალს შექმნიან. არ არის გამორიცხული ამჟამინდელი მათი მწვავე დაპირისპირება დაძაბულ ფაზაში შევიდეს და ხალხში ასეთი ხუმრობაც კი გაჩნდა, რომ თუ ადრე ესენი საპროტესტო აქციებს ხელისუფლებას უწყობდნენ, ახლა აქციას ერთმანეთს მოუწყობენ. არაფერია გამორიცხული, შესაძლოა, ელექტრონული ვერსიით არჩევნების შედეგების გამოცხადებისას თქვან, რომ არჩევნები გაყალბდა. ერთმანეთს ახლა არჩევნების გაყალბებას დააბრალებენ. პარადოქსია ნამდვილად, რომ თუ ნაცოპოზიცია რამდენიმე თვის წინ ცხელ შემოდგომას ხელისუფლების წინააღმდეგ აანონსებდა, ყველაფერი ბუმერანგვით მოუბრუნდათ“, - აცხადებს აბაშიძე.

არსებობს ვერსია, რომ კეზერაშვილი და მერაბიშვილი 2024 წლის არჩევნებისთვის კობა ნაყოფიას გადმობირებას სიაში მისი ხალხის ჩასმით ცდილობენ, რასაც არც აბაშიძე გამორიცხავს, თუმცა აქვე ფიქრობს, რომ შესაძლოა, მელიას წინააღმდეგ კიდევ უფრო მეტი კომპრომატი არსებობს, რომელიც ნაყოფიას გააცნეს. ამიტომ მის გადასაბირებლად ბევრი ხერხი შესაძლოა კეზერაშვილმა და მერბიშვილმა გამოიყენონ.

„დაუდასტურებელი, წინასწარი ინფომაციით ირკვევა, რომ ნიკა მელია მიხეილ სააკააშვილზე კიდევ უფრო უარესებს ამბობს. შესაძლოა, მას ეს ჩანაწერები მოასმენინეს. თუმცა აქვე კითხვა ჩნდება, რატომ კობა ნაყოფია? არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის პარტიაში სიების ერთ-ერთი შემადგენელი იყო, არამედ ის არის მილიონერი, რომელმაც დიდი ფული რუსეთში იშოვა. ნაყოფია მელიას ერთ-ერთი ხაზინადარია, დამფინანსებელია, რომელიც დაშლისთვის არის განწირული. ამიტომ არაა გამორიცხული ნაყოფიაც თავის მხრივ თავისი ფულის და პარტიაში გავლენების შენარჩუნებას ცდილობს. ყველას მაინც საკუთარი თავი ანაღვლებს. ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებას პირველად ვეთანხმები, როცა მან თქვა, რომ თუ მერაბიშვილი პარტიის მმართველობას ხელში აიღებს, სჯობს პარტია დაიშალოს. მან ისიც თქვა, რომ კარვების გაშლის ინიციატივას, როგორც ხაბეიშვილი, ასევე მელია სხვადასხვა მოტივით ეწინააღმდეგებოდნენ. პარტიაში დაპირისპირებული ორვე მხარე ათვიცნობიერებს, რომ სააკაშვილის პოლიტიკური ბედი უკვე წარსულია, ის ვერაფერს ვეღარ მიაღწევს და ამიტომ ცდილობენ ეს პარტია გააცოცხლონ. მთავარია, ოპოზიციური პარტიის სტატუსი კვლავაც შეინარჩუნონ, რაც როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს ძალიან გაუჭირდება. პარტიას პოლიტიკური სიცოცხლისუნარიანობა უკვე დაკარგული აქვს და ნამსხვრევები სხვადასხვა მიმართულებით უკვე გასროლილია. პარტია ბევრმა მხარდამჭერმა უკვე დიდი ხნის წინაც დატოვა, ზოგი კიდევ აპირებს წასვლას, ელოდებიან მოვლენები როგორ განვითარდება. კეზერაშვილის ფულით რამდენიმე პოლიტიკური ლიდერის გადმობირება ძალიან მარტივად შეიძლება“, - ამბობს აბაშიძე.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის დუმილს და ვითომ პროეცესებისგან დისტანცირებას, აბაშიძე მიიჩნევს, რომ ეს არის ბლეფი და რეალურად სააკაშვილი სიტუაციას დიდი გულისყურით აკვირდება. თვალთმაქცობაა ის, თითქოს მას ქართული პოლიტიკა არ აინტერესებს. აბაშიძე ამბობს, რომ სააკაშვილი ბუნებრივი მიზეზებიდან გამომდინარე, მიმდინარე პროცესებს ვერ აკონტროლებს, ამიტომაც დუმს და აინტერესებს შემდგომ მოვლენები როგორ განვითარდება. ამის შემდეგ კი მოქმედების სტრატეგიას ოჯახთან ერთად შეიმუშავებს.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძეც ფიქრობს, რომ გასაკვირი არაა თუკი კობა ნაყოფია კეზერშვილის და მერაბიშვილის მხარეს გადაინაცვლებს. ძაბირაძე for.ge-სთან არ გამორიცახვს, რომ ნაყოფიას პირადი მიზნები ამოძრავებდეს და ის ამ აურზაურში თვითგადარჩენას ცდილობდეს. მისი აზრით, თუ მერაბიშვილს მელიაზე რამე კიდევ აქვს, მაშინ არჩევნების წინა დღეებში მას კიდევ გამოაჩენს. ეს კი იმის ნიშანი იქნება, რომ მელია არჩევნებს წააგებს.

„ორივე ჯგუფი ცდილობს, რომ სააკაშვილი პოლიტიკასთან ასოცირებული არ იყოს და თან მისი სახელით იბრძოლონ. ორივე მხარემ კარგად იცის, რომ სააკაშვილის სახელის გარეშე ეს პარტია არაფერს წარმოადგენს. ამიტომაც მის დასახსნელად ვინ უფრო გრანდიოზულ გეგმას წარმოადგენს და აქტიურობას დაიწყებს, ოჯახიც და სააკაშვილიც მის მახრეს იქნება. რა თქმა უნდა, ხაბეიშვილის მხარეს შანსები მეტია. მერაბიშვილი ელოდებოდა მელია პოლიტიკურ შეცდომებს როდის დაუშვებდა. თუ მერაბიშვილი „ბუაა“ და ის ოფისში არ უნდა შეუშვან, მაშინ კეზერაშვილისგან საჩუქრებს რატომ იღებდა? ან სააკაშვილი რატომღაა მაშინ უცოდველი? ანუ იმ სისტემის პასუხისმგებლობა  მხოლოდ მერაბიშვილს რატომ უნდა დაეკისროს?! მელია საკუთარ ნათქვამშივე თავად იჭრება. მერაბიშვილი  ამას არ გაუტარებდა. სააკაშვილის ამ მდგომარეობაში ყოფნა ორივე ჯგუფს აწყობს. ძალიანაც კარგია, რომ ის პორცესებს ვერ მართავს და ამ მხრივ განეიტრალებულია. სააკაშვილიც ჩუმად არის იმიტომ, რომ ორიევე მხარეს უყურებს.

ვინც ბელადის გამო თავს არ დაზოგავს, არჩევნების შემდგე მის მხარეს იქნება. ის პროცესებს თვალს შორიდან ადევნებს. რა თქმა უნდა, სწორი პოზიციონირება აქვს არჩეული, რომ არც ერთის მხარეს არ იკავებს. პარტია სულ რომ დაეშალოს, არ უნდა. ამიტომაც ვინც თავს გადაირჩენს, ისიც მის მხარეს დადგება. ჩვეულებრივი შეჯიბრი აქვს მოწყობილი და თვალს შორიდან ადევნებს. მე ვფიქრობ, შესაძლოა პარტია 3 ნაწილადაც კი დაიშალოს. ეს იყოს ხაბეიშვილის, მელიას და სააკაშვილის მხარდამჭერები. თუმცა მაინც მივიჩნევ, რომ ორად გაყოფა გარდაუვალია. მისშისტების მხარდაჭერას რომელი მათგანიც უფრო მოიპოვებს ის გაიმარჯვებს“, - ამბობს ძაბირაძე.