„ვფიქრობ, ფრენების აღდგენაზე საუბარი, ნაციონალებისთვის პატარა მაშველი რგოლის გადაგდება შეიძლება იყოს, რაც ადვილი შესამოწმებელია“

„ვფიქრობ, ფრენების აღდგენაზე საუბარი, ნაციონალებისთვის პატარა მაშველი რგოლის გადაგდება შეიძლება იყოს, რაც ადვილი შესამოწმებელია“

ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, მოსკოვი საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენას გეგმავს, თუმცა ამ დრომდე რუსეთის ფედერაციას საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხთან დაკავშირებით მთავრობისთვის ოფიციალურად არ მიუმართავს. საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით ბევრი სირთულე და გამოწვევა არსებობს, შესაბამისად, ეს საკითხი ცალმხრივად გადასაწყვეტი არ არის, როგორც ეს კრემლში ჰგონიათ.

რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენა 2019 წელს შეაჩერა. ამის მიზეზი ის აქციები გახდა, რომელიც რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლას მოჰყვა. ვლადიმერ პუტინის მაშინდელი ბრძანებულებით, რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტრომ რუსეთში ქართული ავიაკომპანიების ფრენა შეაჩერა.

„ნაციონალური მოძრაობის“ მაშველი რგოლი სერგეი გავრილოვი გამოდის ინიციატივით, რომ საქართველოსთან აუცილებელია არა მხოლოდ ავიაფრენების, ასევე ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების სრულად განახლება. როგორც რუსი დეპუტატი აცხადებს, საელჩოსა და საკონსულო სამსახურის არსებობა ხელს შეუწყობს კონტაქტების გაფართოებასა და საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების მხარდაჭერას.

„უნდა გაიზარდოს ავიაკომპანიების რიცხვი, მათ შორის მეგობრული ქვეყნებიდან, რომლებიც საქართველოსა და რუსეთს შორის ტრანსპორტირებას განახორციელებენ. უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს დამოუკიდებელი პოზიციის გათვალისწინებით, ასევე რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების ომთან დაკავშირებით, საქართველოს დამოკიდებულებიდან გამომდინარე, აუცილებელია არა მხოლოდ ავიაფრენების, ასევე ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების სრულად განახლება“, - განაცხადა სერგეი გავრილოვმა.

რუსეთთან ფრენების აღდგენაში ვერავითარ პრობლემას ვერ ხედავს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე რომლის განცხადებით, ეს არის მეტი კომფორტის შექმნა საქართველოს მოსახლეობისთვის. თუმცა, რაც შეეხება რუსი მაღალჩინოსნების განცხადებას, სარჯველაძე ამბობს, რომ ვისთვისაც ყველაზე მეტად საყურადღებოა რუსეთის თანამდებობის პირების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, მათ შეუძლიათ, საკუთარი დასკვნები დაამყარონ ასეთ მოსაზრებებზე.

„საქართველოს მკაფიოდ აქვს გამოხატული ინტერესები, რისი დაცვისკენ არის მოწოდებული მთელი ხელისუფლების და ქართული საზოგადოების აქტივობები. შესაბამისად, ყველას მოუწევს მხედველობაში იმის მიღება, რომ საქართველოში დღეს არის ხელისუფლება, რომლისთვისაც ნომერ პირველი ღირებულება გახლავთ ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესები. ეს გულისხმობს, რა თქმა უნდა, დეოკუპაციას, ყოველმხრივ კომფორტის შექმნას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

რუსეთთან ფრენების აღდგენას მხარს არ უჭერს საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, იმ დროს, როცა ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა, სიტყვით თუ საქმით, მაქსიმალურ სოლიდარობას უცხადებს უკრაინის თავდადებულ ბრძოლას, მისთვის მთავრობისა და მმართველი პარტიის პოზიცია გაუგებარია.

„ვერ გავიზიარებ არგუმენტს, რომელსაც იშველიებენ ამ პოზიციის გასამყარებლად, ანუ ვითომც ეს რუსეთში მცხოვრები ქართველების პრობლემების შემსუბუქებას ემსახურებოდეს. თუნდაც იმიტომ, რომ თვეების განმავლობაში, ჩემი ყველა მცდელობის მიუხედავად, ვერ მივაღწიე შედეგს მოქალაქეობის მინიჭების კრიტერიუმების გამარტივებასთან დაკავშირებით - საკითხზე, რომელიც ყველაზე მეტად აღელვებს უცხოეთში და მათ შორის, რუსეთში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს.

ამ დროს, თუ რაიმე გვახსოვს რუსეთის უკვე მოძველებული ხრიკებისა, უნდა გვესმოდეს, რომ კრემლი ასეთი თემებს მაშინ „გამოაგდებს“, როცა იმედი აქვს, რომ რაიმე ბზარს გააჩენს ჩვენსა და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს შორის. ამის დაშვება დაუშვებელია“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

პრეზიდენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ სერიოზულად იყოს შესწავლილი რუსეთის მოქალაქეების შემოდინების საკითხი, ყველა თავისი სოციალური და პოლიტიკური პარამეტრით, რათა მისი თქმით, საზოგადოებას გაუჩნდეს განცდა, რომ მისი ეროვნული ინტერესები და უსაფრთხოება გათვალისწინებული და დაცულია.

„გვჭირდება რეგულაციები - სამუშაო უფლებების, ბიზნესის რეგისტრაციის, საკუთრების შეძენის თუ რუსულენოვანი სკოლების გახსნის საკითხთან მიმართებაში. ასევე, ფრენების აღდგენის მაგივრად, მთავრობა უნდა ზრუნავდეს ქვეყნის რეპუტაციაზე, კატეგორიულად პასუხობდეს ქვეყნის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს - საქართველოს გზით სანქციების გვერდის ავლის შესახებ! ეს ყოველივე მოითხოვს სერიოზულ სახელმწიფოებრივ მიდგომას და ბრალდებების უარყოფას, რომელიც იქნება კატეგორიული და ფაქტებით გამყარებული“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

რუსეთის მიზანი ცხადია, თუმცა ფაქტია ისიც, რომ რუსეთი ამ დრომდე მხოლოდ ინიციატივას აჟღარებს. საქართველოს მთავრობა ამ ეტაპზე ოფიციალურად არ ადასტურებს სურვილს რუსეთთან ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. თავისთავად ჩნდება კითხვა, მაშინ, როდესაც უკრაინასთან ომში მყოფი რუსეთი აძლიერებს უსაფრთხოებას კრემლის გარშემო, რაში შეიძლება სჭირდებოდეს საქართველოს ცა? დიპლომატი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ირაკლი მენაღარიშვილი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში აქ საჭიროებაზე არ არის საუაბრი, არამედ ეს სუფთა პოლიტიკური ჟესტი, რომ რუსეთი მზად არის აღადგინოს დიალოგი ცივილიზებულ სამყაროსთან და რეპრესიულ ზომებს, რომელსაც მანამდე მიმართა თითქოს უკან იბრუნებს.

„რა თქმა უნდა, სიფრთხილეა საჭირო. მე საერთოდ არ ვიჩქარებდი ასეთი გადაწყვეტილებების მიღებას, მაგრამ გააჩნია. ფრენა ეს მაინც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის თემაა, მაგრამ დიპლომატიურ ურთიერთობაზე საერთოდ ძალიან ადრეა საუბარი იმიტომ, რომ ეს არაა ის თემა, რომელიც რუსეთის გადასაწყვეტია.

ჩვენ რუსეთთან ჩვენი პრეტენზიები გვაქვს, დიპლომატიური ურთიერთობებიც ადრე სწორედ ამის გამო შეწყდა და ეს არის დეოკუპაცია. მხოლოდ ამ საკითხებში პროგრესის შემთხვევაში შეიძლება ამ საკითხებზე საუბარი. ეს არის საკითხი, რომელსაც ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ ჩვენ თვითონაც“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირაკლი მენაღარიშვილმა.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, რუსეთთან ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით ბევრი მსჯელობა იყო, მათ შორის ისიც, რომ ეს საკითხი დასჭირდა ნაციონალების დასახმარებლად. როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, რუსეთი ხშირ შემთხვევაში ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომელიც ნაციონალების პოზიციებს აძლიერებს საქართველოში.

„ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ ეს საკითხი - ნაციონალებისთვის დახმარება. ფაქტია, რომ აღდგენა და რუსეთისთვის კუდის გაქიცინება არის ნაციონალების ძირითადი ბრალდება. ვფიქრობ, რომ ეს უფრო ნაციონალებისთვის კარდინალურად თუ არა, პატარა მაშველი რგოლის გადაგდება შეიძლება იყოს, რაც ადვილი შესამოწმებელია. დაეთანხმოს ხელისუფლება და ნახონ მოლაპარაკებები. თუკი მოლაპარაკებები სერიოზულად წავიდა, მაშინ რაღაცა სხვა ვერსიაზე უნდა ვიფიქროთ. თუ რუსეთმა მოლაპარაკებები ჩააგდო ე.ი. მის ამ განაცხადს მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა. პოლიტიკური დატვირთვა ერთადერთი შეიძლებოდა ჰქონოდა საიმისოდ, რომ ეჩვენებინა დასავლეთისთვის, რომ მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა საქართველოსთან, იმდენად კარგი, რომ რაღაცა ნაბიჯებეზე თვითონ რუსეთიც მიდის და ამითი გარკვეული ხიდი გაებზარა, თუ არ ჩაეტეხა საქართველოსა და ევროპას შორის“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.