იტალიური მედიის ინფორმაციით, „ნაპოლის“ ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია გამოჯანმრთელდა და ის გუნდთან ერთად ვარჯიშს სამშაბათს განაახლებს.
„სალერნიტანასთან“ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, „ნაპოლის“ ფეხბურთელებს ორდღიანი დასვენება მიეცათ, სამშაბათს კი სავარჯიშო პროცესი განახლდება, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიაც მიიღებს მონაწილეობას.
ქართველმა ფეხბურთელმა ვირუსის გამო „კრემონეზესთან“ სათასო, „სალერნიტანასთან“ კი სერია A-ს შეხვედრა გამოტოვა. პირველ მათგანში „ნაპოლი“ დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა, ამ უკანასკნელთან კი 2:0 მოიგო და იტალიის ჩემპიონატის პირველი წრე 50 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა.
ნეაპოლელები მომდევნო მატჩს 29 იანვარს, „რომას“ წინააღმდეგ ჩაატარებენ.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 20 მატჩში 9 გოლი გაიტანა, 10 საგოლე პასი გააკეთა და სამი პენალტიც გამოიმუშავა.