საქართველოსა და რუსეთს შორის შესაძლოა, პირდაპირი ავიამიმოსვლა ისევ განახლდეს. ბოლო 15 წელიწადში მერამდენედ შეწყდა და დაიწყო მოლაპარაკებები ავიარეისების აღდგენის შესახებ, უკვე ძნელი დასათვლელია, თუმცა ახლა ორ ქვეყანას შორის ფრენა რუსეთს უფრო სჭირდება, ვიდრე საქართველოს. სანქციების წნეხის ქვეშ მყოფი და სანახევროდ ჩაკეტილი ქვეყანა ცდილობს გარშემომყოფებთან კავშირები გააქტიუროს.
რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენა 2019 წელს შეაჩერა. ამის მიზეზი კი ის აქციები გახდა, რომელიც სერგეი გავრილოვის ჩამოსვლას მოჰყვა. ვლადიმერ პუტინის მაშინდელი ბრძანებულებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში მიმოსვლა დროებით აეკრძალათ. თავის მხრივ, რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტრომ რუსეთში ქართული ავიაკომპანიების ფრენა შეაჩერა.
გუშინ კი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მალე აღდგება საქართველოსთან პირდაპირი რეისები. „ვიმედოვნებ, მალე პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას შევძლებთ“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
მისი თქმით, რუსეთი თვალს ადევნებს, თუ რა ზეწოლას ახორციელებს დასავლეთი საქართველოსა და სხვა ქვეყნებზე ანტირუსულ სანქციებთან მიერთების მოთხოვნით.
„ის ფაქტი, რომ პატარა ქვეყანას და მის მთავრობას ჰყოფნის გამბედაობა, საკუთარი და თავისი ეკონომიკური ინტერესებით იხელმძღვანელოს, პატივისცემას იწვევს“, - აღნიშნა ლავროვმა.
მისი შეფასებით, 2022 წელს საქართველოს მშპ 10%-ით გაიზარდა, რაც, ძირითადად, რუსი ტურისტებისა და რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების ხარჯზე მოხდა. „მოხარული ვარ, რომ ჩვენსა და ქართველ ხალხს შორის კონტაქტები აქტიურად ვითარდება“, - განაცხადა რუსმა მინისტრმა.
თავის მხრივ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ რუსეთთან პირდაპირი მიმოსვლის აღდგენაში ცუდს ვერაფერს ხედავენ. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი რეისების აღდგენა საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობის შეამსუბუქებს, რაც მისასალმებელია.
„2019 წელს რუსეთმა ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება ფრენის შეწყვეტის თაობაზე. ეს იყო ერთგვარი სანქცია, რომელიც ამოქმედდა საქართველოს მიმართ და საქართველოს მოქალაქეები დააზარალა. მილიონამდე ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში. 2019 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ მათ ძალიან გაურთულა პირობები და მდგომარეობა. თუ ავიამიმოსვლა აღდგება, ეს მნიშვნელოვანი და, რა თქმა უნდა, მხოლოდ მისასალმებელი იქნება“, - განაცხადა კობახიძემ.
საკუთარი პოზიცია დააფიქსირა დედაქალაქის მერმაც. კახა კალაძის აზრით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება შესაძლოა, საქართველოსთვის კარგიც კი იყოს.
„თუ მათი მხრიდან ეს გადაწყვეტილება იქნება, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. პირიქით, შეიძლება კარგიც იყოს ჩვენი ქვეყნისთვის. თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ მილიონამდე ჩვენი თანამემამულე რუსეთში ცხოვრობს და ადამიანებს პირდაპირი მიმოსვლაში დაეხმარება“, - განაცხადა კალაძემ.
რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციაში ადასტურებენ, რომ თუკი საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენა აღდგება, ტუროპერატორები სიამოვნებით ისარგებლებენ ამ შესაძლებლობით და ტურისტული პაკეტების რეალიზაციას დაიწყებენ, რითაც საგრძნობლად გაიზრდება ვიზიტორების ნაკადი საქართველოში.
„იმავდროულად რუსი ტურისტები მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ თუ საქართველოში პირდაპირი ფრენა განახლდება, ქვეყანაში ბილეთები გაძვირდება“, - თქვა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, სერგეი რომაშკინმა.