ის აღარ არის აქტიურ პოლიტიკაში. მეტიც, შეიძლება, ითქვას, რომ პოლიტიკურ პროცესებს მხოლოდ შორიდან ადევნებს თვალს, თუმცა მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირის გარშემო „რკინის ფარდა“ იყო ჩამოშვებული, მართალია, მიტინგებზე, მაგრამ მაინც ნატოს ჯარების შემოყვანასა და საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე საუბრობდა. ირაკლი წერეთელი თავად გვიამბობს, რატომ გაუწია გულმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ და ჰგავს თუ არა ნატო ახლოდან ერთ დროს შორიდან ნაოცნებარს.
როდის გაგიჩნდათ საქართველოში ნატოს ჯარების შემოყვანის იდეა და ეს მაშინ, საბჭოთა დროს, რეალურად მიგაჩნდათ?
– დავაკონკრეტოთ, რაც უნდა ხმამაღლა ნათქვამად მოეჩვენოს ვინმეს, მე უკვე ვარ საქართველოს ისტორიის კუთვნილება, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. სულ რომ გასკდნენ შუაზე დღევანდელი პოლიტიკოსები, მე იგნორირებას ვერავინ გამიკეთებს. ამიტომ პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ქართველი ერის ისტორიაში ნატოში გაწევრიანების სტრატეგიული იდეა ერთპიროვნულად მეკუთვნის მე.
კი, ბატონო.
– მაშინ ნატოს ჯარების შემოყვანაზე არ ყოფილა მხოლოდ ლაპარაკი. ჩვენ, როდესაც ზვიად გამსახურდიასთან, მერაბ კოსტავასთან, გიორგი ჭანტურიასთან და სხვა გამოჩენილ მამულიშვილებთან ერთად დავიწყეთ ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისთვის, ეს მოძრაობა ისტორიაში შევიდა, როგორც ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა და სხვა არანაირი ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა არ ყოფილა. ეროვნულმა მოძრაობამ ზუსტად განსაზღვრა დამოუკიდებელი საქართველოს ადგილი მსოფლიოში. ჩვენ ეს განვსაზღვრეთ არა იმიტომ, რომ გენიოსები ვიყავით, უბრალოდ სხვას არავის უფიქრია ამ საკითხზე. ადამიანი, როდესაც დაიწყებს ფიქრს საქართველოზე, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოზე, მაშინვე მიხვდება, რომ საქართველოს ამერიკასა და ნატოზე უფრო კარგი პარტნიორი და მოკავშირე ვერ ეყოლება.
მართალია, გეთანხმებით, მაგრამ რატომ ვერ ეყოლება?
– ნატო შედგება ყველაზე უფრო მაღალგანვითარებული, ყველაზე უფრო მდიდარი და ძლიერი სახელმწიფოებისგან. მეგობარი როგორი ჯობია: ღარიბი და სუსტი თუ მდიდარი, ძლიერი და სამართლიანი?!
შენ არ უნდა იყო მდიდარი, ძლიერი და სამართლიანი, რომ მდიდარს, ძლიერსა და სამართლიანს შენთან მეგობრობა მოუნდეს?
– ჯერ ერთი, კაცობრიობის ისტორია სავსეა მაგალითებით, როდესაც მდიდარსა და ძლიერს მეგობრად სუსტი და ღარიბი ჰყოლია. მეორეც, მაგალითად, გალაკტიონ ტაბიძე არ ყოფილა მდიდარი, მაგრამ მას ჰქონდა ისეთი პიროვნული ღირებულებები, რომლებიც უფრო მაღლა დგას, ვიდრე სიმდიდრე, საქართველო კი გალაკტიონია. საქართველო არ არის ხელწამოსაკრავი ქვეყანა და მსოფლიო ამას ხედავს. დღეს არის ასეთ მდგომარეობაში, თორემ საქართველოს აქვს პოტენციალი, ეროვნული ენერგია საიმისოდ, რომ ჩამოყალიბდეს ძლიერ სახელმწიფოდ. სწორედ ძლიერ, დემოკრატიულ ქვეყნებთან ურთიერთობაში შეიძლება, ჩამოყალიბდეს ერი ჭეშმარიტად დამოუკიდებელ და თავისუფალ სახელმწიფოდ.
თქვენ კი გინდოდათ ნატოსთან და ამერიკასთან, მაგრამ, მათ თუ იცოდნენ, რომ ეს გინდოდათ?
– საქართველო იყო მსოფლიო პოლიტიკის დაკვირვების ობიექტივში.
რამენაირი კონტაქტი თუ გქონდათ?
– როგორ მექნებოდა?! საქართველო იყო ოკუპირებული ქვეყანა. გვქონდა მიწერ-მოწერა, მაგრამ ცოცხალი კონტაქტები ვერ გვექნებოდა. ძირითადად, ურთიერთობა გვქონდა ამერიკის კონგრესთან. როდესაც ჩამოდიოდნენ უცხოელი პოლიტიკოსები, მე მათ ყოველთვის ვხვდებოდი. ის, რასაც ერქვა საქართველოს დეოკუპაცია, ნატოში გაწევრიანება, ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს განსაკუთრებული ურთიერთობა, საქართველოს მილიტარიზაცია და ბირთვულ სახელმწიფოდ გადაქცევა, იყო ჩემი პრიორიტეტები. სხვები უბრალოდ მეთანხმებოდნენ, თორემ ამაზე არავინ ლაპარაკობდა. დღეს, როდესაც სახელმწიფო პოლიტიკა აქეთკენ მიდის, პრეზიდენტით დაწყებული ყველა ვალდებულია, ქედი მოიდრიკოს ჩემ წინაშე, რადგან ეს იდეები მე მეკუთვნის და მე მიხარია, რომ ეს იდეა სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე ამაღლდა. სხვა ყველაფერი სისულელეა: საქართველოს ნეიტრალიტეტი თუ რუსეთთან მოლაპარაკება, ეს არის გამოკრეტინებული იდეები.
თუ ბალტიისპირეთს გვერდზე გადავდებთ, ეროვნული მოძრაობა დაიწყო საქართველოში და ყველაზე მეტად სწორედ საქართველო დაზარალდა. მაშინ, როდესაც დამოუკიდებლობა მიიღო ყველა მოკავშირე რესპუბლიკამ, შუა აზიამაც კი, რომლებსაც არანაირი დამოუკიდებლობა არ უნდოდათ.
– ეს არის ჩვენი ეროვნული სიდიადე.
იმის თქმა მინდა, რომ სხვებმაც მიიღეს დამოუკიდებლობა ჩვენს ხარჯზე და არც დაზარალებულან. ოპონენტები ამბობენ, რომ ჩვენც შეგვეძლო, სხვის ხარჯზე მშრალად გამოვსულიყავით.
– სხვები ვერ დაზარალდებოდნენ, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ბალტიისპირეთის არც ერთ რესპუბლიკაში არანაირი ავტონომია არ იყო. რაც მთავარია, ჩვენ ვერ გავითვალისწინეთ, რომ ქართველ ერში ძალიან დიდია უარყოფითი მუხტი. ქართველებს ერთმანეთის სიყვარული და თანადგომა გვაკლია. ჩვენ გვაქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ეროვნული თვისებები და ფაქტია, მიდრეკილი ვართ ერთმანეთთან დაპირისპირებისკენ. ამანაც შეასრულა თავისი როლი. მეორე, საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა ძალიან დიდია: თუ საქართველოს შეინარჩუნებდა რუსეთი, სხვებს არც უნდოდათ დამოუკიდებლობა. საქართველო იმიტომაც დაზარალდა, რომ ყველაზე მეტად იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის. ისინი არც კი იბრძოდნენ, მათ დამოუკიდებლობა ჩვენს ხარჯზე მიიღეს.
მეც მაგას გეკითხებით: ჩვენც მიგვეღო ვინმეს ხარჯზე?
– არსებობს ეროვნული ღირსებისა და თავმოყვარეობის განცდა და სხვის ხარჯზე მიღებული არაფერი ვარგა. ქართველები არასდროს ვყოფილვართ პარატიზი ერი, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბევრი პარაზიტი ცხოვრობს. ქართველებში რომ პარაზიტია, არ მგონია, რომელიმე სხვა ერში იყოს ამდენი, მაგრამ თვითონ ჩვენი ერი არ არის პარაზიტი. რატომ უნდა მიგვეღო დამოუკიდებლობა სხვის ხარჯზე?!
ახლა არ ვცხოვრობთ სხვის ხარჯზე?
– არაფერი სხვის ხარჯზე არ ვცხოვრობთ.
დასავლეთის ფინანსურ დახმარებას და მხარდაჭერას ვგულისხმობ.
– ის, რითაც დასავლეთი გვეხმარება, ზღვაში წვეთია. ის ვალდებულია, დაგვეხმაროს, იმიტომ რომ დასავლეთს სწორედ საქართველომ მოაშორა ის საშიშროება, რასაც საბჭოთა იმპერია ჰქვია, თორემ დღესაც საბჭოთა კავშირი იქნებოდა. ასე რომ, არავის დასაყვედრებელი არაფერი გვაქვს.
ის მოსაზრებაც ხომ არის, რომ თვითონ კომუნისტებს აძლევდათ ხელს, რომ ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობას მოეგო არჩევნები დიდი უპირატესობით, იმ იმედით, რომ სახელმწიფოს ვერ მართავდნენ. აბა, რატომ ვართ ეს 20 წელი მოჯადოებულ წრეში?
– სანამ იყო ეროვნული ხელისუფლება ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, ის მართავდა ქვეყანას და, თუ ის ხელისუფლება დაემხო, ეს იყო რუსეთის იმპერიისა და შიდა განხეთქილების შედეგი. რა, ვერ მართავდა ზვიად გამსახურდია, სანამ იყო?!
შედეგით თუ ვიმსჯელებთ, მაინცდამაინც, ვერა, ალბათ.
– შედეგი ის იყო, რომ რუსეთის იმპერიას არ უნდოდა საქართველოს დამოუკიდებლობა და ისარგებლეს შიდა განხეთქილებით. თორემ, სანამ ეროვნული მოძრაობა მართავდა საქართველოს, არც შიმშილი ყოფილა და არც ტერიტორიები წაგვიგია. კარგად რომ მართავდა, იმიტომაც მოუწყვეს გადატრიალება, თუმცა შეცდომებიც იყო.
მაშინ ზვიად გამსახურდიას მოწინააღმდეგეთა ბანაკში იყავით, არა?
– მე ხელისუფლებაში არ ვყოფილვარ. იყო საკითხები, რაშიც ვეწინააღმდეგებოდი, მაგრამ იყო საკითხები, რაშიც თანამოაზრეები ვიყავით. მე მას ცეცხლითა და მახვილით არ ვებრძოდი და, რასაც ვებრძოდით, ისიც სანანებლად მაქვს ახლა.
საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ არსებობდა, როდესაც ეროვნული მოძრაობა დაიწყო, როგორი მეთოდებით გებრძოდნენ?
– ვერ ვიტყვი, რომ უშიშროება სრული ძალით გვებრძოდა. ასე რომ ყოფილიყო, უშიშროება გაიმარჯვებდა და იმპერია შენარჩუნდებოდა.
არ უნდოდა საბჭოთა უშიშროებას იმპერიის შენარჩუნება?
– უნდოდათ, მაგრამ ვერ შეინარჩუნეს, თუმცა თავიც არ მოუკლავთ მაინცდამაინც. ბოლოს და ბოლოს, დაგვხოცავდნენ, როგორც ბოლშევიკები იქცეოდნენ თავის დროზე და ამით დამთავრდებოდა ყველაფერი. უშიშროებას რომ თავზე ხელი აეღო და მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია და ირაკლი წერეთელი დაეხოცა, ქართველი ერი მიწაში ჩამოგვყვებოდა თუ რევოლუციას მოაწყობდა?! ვერ გადაყლაპეს „ზვიადისტებმა“ ზვიადის სიკვდილი?! ვერ გადაყლაპეს მერაბ კოსტავას სიკვდილი?! რა თქმა უნდა, უშიშროება გვიწევდა წინააღმდეგობას, მაგრამ, მოდი, ვთქვათ: საქართველოს თავისუფლება არის ქართველი ერისა და ეროვნულ-გამათავისუფლებელი ბრძოლის შედეგი, მაგრამ იმპერიამაც არ გაწია წინააღმდეგობა. როგორც ანდროპოვი სწევდა, ისეთი წინააღმდეგობა რომ გაეწია, ოც წელს კიდევ ისე იდგებოდა საბჭოთა იმპერია, როგორც არაფერი.
და რატომ არ გაწია წინააღმდეგობა?
– იმიტომ რომ, გორბაჩოვის სახით გონებაგახსნილი ადამიანი მოვიდა, რომელმაც დაინახა, რომ იმპერიების დრო წავიდა. მე იმით განვსხვავდები სხვებისგან, რომ არასდროს ვყოფილვარ ღორი: ყველა ადამიანს ჰგონია, თუ რამეს მიაღწევს, ეს საკუთარ ღირსებად უნდა ჩათვალოს. საქართველოს დამოუკიდებლობა არ არის მხოლოდ ქართველი ერის ბრძოლის შედეგი, იმპერიას რომ წინააღმდეგობა გაეწია, ვერავინ ვერაფერს გააწყობდა. ახლაც კი, როდესაც რუსეთის იმპერიას იმის მეათედი ძალაც არ აქვს, რაც მაშინ ჰქონდა საბჭოთა იმპერიას, როგორც კი ხელახლა დაიპყრო აფხაზეთი და სამაჩაბლო, მსოფლიო ამას შეგუებულია და ვერაფერს უშვრება, იმიტომ რომ გამოჩნდა კბილებიანი კაცი პუტინი, რომელსაც ანგარიშს უწევენ. ასეთი კბილებიანი კაცი რომ ჰყოლოდა მაშინ საბჭოთა კავშირს, დღესაც იქნებოდა. რა, მსოფლიო თავდაყირა დადგა, რუსეთის იმპერიამ რომ ჩეჩნები გაანადგურა?! პირიქით, გადაყლაპა! რატომ გვგონია, ქართველი ერისთვისაც რომ იგივე გაეკეთებინა საბჭოთა იმპერიას, მსოფლიო ამას არ გადაყლაპავდა?! კადაფი 42 წელია, ლიბიას მართავს. ახლა კი ხოცავს თავის მოსახლეობას და ერთი საათის საქმეა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მოამარ კადაფის პრობლემის მოხსნა, მაგრამ არაფერს აკეთებს.
ასე მარტივადაც არ არის, ალბათ, საქმე. სადამ ჰუსეინიც ერთი საათის ამბავი ეგონათ, მაგრამ არ აღმოჩნდა მთლად მასე?
– სადამ ჰუსეინის უკან სხვანაირი სახელმწიფო იდგა, ვიდრე კადაფის უკან დგას. სადამ ჰუსეინი შეიძლება, ვიღაცას არ უყვარდა, მაგრამ მის წინააღმდეგ მოსახლეობას მშვიდობიანი საპროტესტო აქციაც კი არ მოუწყვია. კადაფის კი ხალხი აუჯანყდა.
ისევ ჩვენს თავს დავუბრუნდეთ: იმის თქმა გინდათ, რომ საბჭოთა უშიშროება გულისფანცქალით ელოდა, როდის დაიშლებოდა სსრკ?
– მე მეცინება იმ ხალხზე, რომლებიც ყველაფერს უშიშროებას აბრალებენ.
არაფერს ვაბრალებ, გეკითხებით.
– თუ რამე ვერ გააკეთა ეროვნულმა მოძრაობამ, თავისი უტვინობით ვერ გააკეთა, თუმცა, რაც გააკეთა, ეს მხოლოდ მისი დამსახურებაა. უშიშროება წინააღმდეგობას 9 აპრილამდე გვიწევდა, შემდეგ ყველაფერი მოიხსნა. მე რამდენჯერმე მცემეს, არალეგალური სტამბები დაგვირბიეს. იმის მეასედ აგიტაციას არ ვეწეოდით, რასაც ახლა ვეწევით, მაგრამ ქართველი ერი იყო ძალიან აქტიური და მონდომებული. ქართველი ერის მხარდაჭერა რომ არ ყოფილიყო, ვერაფერს გავაკეთებდით.
ახლოდანაც ისეთივე აღმოჩნდა ნატო, როგორიც მაშინ, ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟზე, შორიდან გეჩვენებოდათ?
– უფრო კარგი აღმოჩნდა, იმიტომ რომ ცხოვრება წინ მიდის და ნატოს ქვეყნებიც ვითარდებიან. პრობლემა ის არის, რომ ნატოს წევრი სახელმწიფოების სათავეში სუსტი ლიდერები არიან. არ ჰყავს დღეს ამერიკას ისეთი ძლიერი პრეზიდენტი, როგორიც რონალდ რეიგანი ან ჯორჯ ბუში უფროსი იყო; არ არის კამერონი ისეთი ძლიერი პოლიტიკოსი, როგორიც მარგარეტ ტეტჩერი იყო. არადა პიროვნებაზე ბევრი რამაა დამოკიდებული.
ესე იგი, მსოფლიოც ტირის: „სად არის გმირიო“?
– ზოგიერთს ჰგონია, რომ გმირი მხოლოდ თავისუფლებისთვის ბრძოლაშია საჭირო, არადა გმირი და დიდი პიროვნება ყოველთვის აუცილებელია, რადგან ძლიერების შენარჩუნება ისეთივე დიდი საქმეა, როგორიც ძლიერების მოპოვება. ეროვნულ მოძრაობასაც ეს დაემართა: ძალიან ადვილად მიაღწია პოლიტიკურ დიდებას, ცა ქუდად არ მიგვაჩნდა და დედამიწა – ქალამნად, ამიტომ მოვადუნეთ ყურადღება საკუთარი ძალების გაძლიერების მიმართულებით. პოლიტიკა ფიზიკურ ვარჯიშს ჰგავს, როგორც კი სპორტსმენი ადუნებს ვარჯიშს, ეს მასზე მაშინვე აისახება. დღეს მსოფლიოს ძლიერი ლიდერები სჭირდება.
მე მგონია, რომ, თუ რუსეთი მოახერხებს, ჩაგვითრიოს ისევ თავისი გავლენის სფეროში, რომ იტყვიან, ბუნდღას არ დატოვებს ჩვენგან. თქვენ?
– საქართველოს ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის იდეა ისაა, რომ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროს გარეთ გაგვეყვანა. ეს მიზანი დაისახა ეროვნულმა მოძრაობამ. ეს იდეა გააგრძელეს მომდევნო პრეზიდენტებმაც, თუმცა მათ დაუშვეს შეცდომები, რამაც ეს პროცესი შეაფერხა. ჩემს ამოცანად ის მიმაჩნია, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო გააქტიურდეს და მე მინდა, მოვუწოდო ქართველ ერს, რომ წელს, 9 აპრილს, როდესაც ბოლშევიკური ოკუპაციის 90 წლისთავია, ყველანი შევიკრიბოთ როგორც სრულიად საქართველოს მასშტაბით, ისე მთელ მსოფლიოში მცხოვრები ქართველები და მთელ პლანეტაზე ჩატარდეს გრანდიოზული აქცია დეოკუპაციისა და საქართველოს ნატოში შესვლის მოთხოვნით. ყველამ უნდა დაინახოს, რომ ერი იბრძვის თავისუფლებისთვის, რაც დღეს ნაკლებად ჩანს: დღეს ხელისუფლება უფრო მეტს ლაპარაკობს დეოკუპაციასა და ნატოზე, ვიდრე მოსახლეობა. ჩვენ 25 თებერვალს გვინდოდა ამ აქციის ჩატარება, მაგრამ ხელისუფლებიდან არავის გახსენებია, რომ წელს საქართველოს ოკუპაციის 90 წლისთავია. ამიტომ გვინდა, ეს აქცია 9 აპრილს ჩავატაროთ. შეიძლება, რომ ბოლშევიკური ოკუპაციის 90 წლისთავზე, 9 აპრილს, ქართველმა ერმა არ დაანახვოს მსოფლიოს, თავისუფლება რომ უნდა?! საქართველოს თავისუფლება კი ნიშნავს საქართველოს დეოკუპაციას და მის გამოსვლას რუსეთის გავლენის სფეროდან.