ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი ბერა ივანიშვილის მეგობრის, ლევან მდინარაძის, იგივე "დიჯეი რემბოს" დაკავების ფაქტს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უწოდებს.
ამის შესახებ ირაკლი სესიაშვილმა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
როგორც სესიაშვილი აღნიშნავს, ლევან მდინარაძე დააკავეს მაშინ, როდესაც ის ქუჩაში "ქართული ოცნების" მაისურებს არიგებდა. ექსპერტის ცნობით, დაკავების საკითხს უკვე სწავლობენ ადვოკატები და ამ თემაზე განცხადება მოგვიანებით გავრცელდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ბიძინა ივანიშვილის მრჩეველემა ზურაბ ბიგვავამ განუცხადა, ლევან მდინარაძე დააკავეს იმავე მოტივით, რითაც, როგორც წესი, პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს აკავებენ.
მისი ინფორმაციით, მდინარაძე გუშინ, 01:00 საათზე, ნარკოტიკული ნივთიერების შენახვის ბრალდებით დააკავეს.
"ეს მოხდა ისევე, როგორც აკავებენ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს ბიჭი ნარკოტიკების მომხმარებელი არ არის. ის ძალიან პოპულარულია ახალგაზრდებში და მისი ერთადერთი დანაშაული ალბათ იმაშა, რომ ხალხს ურიგებდა მაისურებს, რომლებსაც ეწერა "ქართული ოცნება", - აღნიშნა ზურაბ ბიგვავამ.