ორი ახალი წლისა და შობის დღეების ჩამთავრების შემდეგ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საახალწლო ვაჭრობა დასრულდა. სხვადასხვა სავაჭრო ქსელებმა და მოვაჭრეების უმრავლესობამ შედეგი უკვე დაითვალა. აქ კი, როგორც აღმოჩნდა, ურთიერთსაწინააღმდეგო ვითარებაა. მსხვილები, ისევე როგორც ყოველთვის, ახლაც კმაყოფილებას ვერ მალავენ, წვრილებმა კი წუწუნს უფრო უმატეს.
დიდი სავაჭრო ობიექტები, რომელთა წილი ქართულ ბაზარზე მცირეა, მოგებაზე საუბრობენ და გაყიდვებით კმაყოფილი არიან. ბაზრობასა და წვრილ-წვრილი სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლები კი ჩივიან, რომ მოლოდინმა არ გაამართლა და წინა წლებისაგან შედარებით რეალიზაციის მაჩვენებელი ერთობ მოკრძალებული აღმოჩნდა.
„გუდვილსა“ და „ელიტ ელექტრონიქსში“, 2009 წელთან შედარებით, ვაჭრობა საგრძნობლად გაიზარდა, ფასებმა კი 10,5%-ით მოიმატა. ორივე კომპანიის მენეჯმეტში იმასაც აცხადებენ, რომ წლეულს მომხმარებელი, შარშანდელისგან განსხვავებით, გაცილებით მეტს ხარჯავდა.
საერთაოდაც, ტექნიკის ბიზნესი ერთ-ერთი ის სფეროა, რომელშიც წელს სამომხმარებლო აქტივობა ყველაზე მკვეთრად გაიზარდა. „ტექნო-ბუმში“ ამბობენ, რომ საახალწლო გაყიდვებით კმაყოფილნი არიან და მათი მოლოდინები ამ წელმა გადაჭარბებით გაამართლა.
„კომპანია ბაზარზე მხოლოდ 7 თვეა მუშაობს თავისი სტრატეგიით, რომელიც მსოფლიო ბრენდებზე დაბალი ფასების ბუმს გულისხმობს. მომხმარებელს საშუალებას ვაძლევთ დარწმუნებული იყოს, რომ ის ყველაზე დაბალ ფასად ყიდულობს ცნობილი ბრენდების ტექნიკას. ივნისიდან დღემდე კომპანიის გაყიდვები ყოველთვიურად იზრდებოდა, დეკემბერში კი 300%-იანი ზრდა დაფიქსირდა,“ - აცხადებს „ტექნო-ბუმის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ეთერ ქოქოლაძე.
მოსალოდნელზე მეტად ივაჭრა წინასაახალწლოდ „ელიტ ელექტრონიქსმა“. კომპანიის სარეკლამო სამსახურის უფროსის ია გოგოლაძის განცხადებით, მენეჯმენტი სადღესასწაულო დღეებში 12 მილიონი ლარამდე რეალიზაციას გეგმავდა, თუმცა რეალურმა მაჩვენებელმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და 15-17 მილიონს მიაღწია.
სრულიად საპირისპირო სურათია საშუალო და პატარა სავაჭრო ობიექტებში. წინა წლების საახალწლო გაყიდვებს კი ბევრად ჩამორჩნენ წვრილ-წვრილი სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლები. ისინი უკმაყოფილებას ვერ ფარავენ. მათ დახლებზე ბევრი საახალწლო აქსესუარები გაუყიდავი დარჩა. მართალია ზარალი არ განუცდიათ, მაგრამ არც მოგების მაჩვენებელია აღმაფრთოვანებელი.
„წლევანდელი ნავაჭრით აღფრთოვანებას, ნამდვილად ვერ გამოვთქვამ. სურსათზე კარგი ვაჭრობა გვქონდა, რასაც ვერ ვიტყვი საახალწლო მოწყობილობებზე. თითქმის უმეტესობა კვლავ დახლებზე დამრჩა. ვერ ამოვყიდე. ეტყობა საშუალო ფენას კვლავ უჭირს და გასართობი ელემენტების შეძენისაგან თავს იკავებს.
სამწუხაროდ, ჩვენი რეალობა ასეთია. სიძვირე არა მარტო გასართობ ელემენტებზე, არამედ სურსათზეცაა. ახალი წლის მონაცემებთან შედარებით, გაზრდილი ფასების კლების ტენდენცია არაა, პირიქით, ისევ მომატებაზე საუბრობენ. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შაქარის ფასი კვლავ მატულობს. სავარაუდოდ, ერთი ტომარა შაქარი 150 ლარამდე გაიზრდება“, - ამბობს მაღაზია „ბარაქას“ გამყიდველი ნაირა ცერცვაძე.