„კრემონეზე“ იტალიის თასის მერვედფინალში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ შეხვდება, მაგრამ ლუკა ლოჩოშვილი ამ შეხვედრაში არ ითამაშებს.
ქართველი მცველი კრემონელთა განაცხადში არაა, ჯერჯერობით, მიზეზი უცნობია. ლუკას გარდა, „კრემონეზეს“ ახლა მთავარმა მწვრთნელმა დავიდე ბალარდინიმ, რომელსაც დებიუტი სწორედ „ნაპოლისთან“ ექნება, განაცხადში კიდევ 8 ფეხბურთელი არ შეიყვანა.
ლოჩოშვილმა მიმდინარე სეზონში 14-ჯერ ითამაშა და 1 საგოლე პასი გააკეთა. ის სერია A-ს ბოლო ტურში „მონცასთან“ სათადარიგო სკამზე იყო. აღსანიშნავია, რომ ლოჩოშვილმა გუშინ ბალარდინის ხელმძღვანელობით ივარჯიშა და მის ტრავმაზე ინფორმაცია არ ვრცელდება.
სავარაუდოდ, „ნაპოლის“ ძირითად შემადგენლობაში არ იქნება ხვიჩა კვარაცხელია. ლუჩანო სპალეტი სათასო მატჩში გუნდის ლიდერების დასვენებას და მომდევნო ეტაპზე გასვლას როტაციით აპირებს.
შეგახსენებთ, „ნაპოლისა“ და „კრემონეზეს“ შეხვედრა 17 იანვარს გაიმართება.