ცუდი შედეგების მიუხედავად, იურგენ კლოპი „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვებას არ აპირებს - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი.
კლუბის ხელმძღვანელობა კვლავაც ენდობა გერმანელ სპეციალისტს და მუშაობაში ხელს არ უშლის. ასევე წყარო გვატყობინებს, რომ უახლოეს ხანში ტრანსფერები მოსალოდნელი არ არის.
პრემიერლიგის 19 მატჩში „წითლებმა“ 28 ქულა მოაგროვეს და ცხრილში მეცხრე ადგილზე დგანან. დღეს, 17 იანვარს კი ინგლისის ასოციაციის თასის 1/32 ფინალის გადათამაშებაში „ვულვერჰემპტონს“ დაუპირისპირდებიან. მატჩი თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.
კლოპი „ლივერპულს“ 2015 წლიდან წვრთნის. კლუბთან მის კონტრაქტს ვადა 2026 წლის 30 ივნისს ეწურება.