მთავრობამ აზარტული თამაშების მომწყობებისთვის ახალი ვალდებულებები მოიფიქრა. ეს ახალი ვალდებულებები მათ მიერ ვიდეომეთვალყურეობის სისტემების დამონტაჟებას ითვალისწინებს. ამასთან დაკავშირებით მთავრობის, უფრო სწორად, შს მინისტრისს მიერ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. სათანადო ბრძანება მერაბიშვილის ხელმოწერით 2010 წლის 31 დეკემბერს არის გამოცემული და ძალაში 2011 წლის 15 იანვრიდან შედის.
ბრძანების თანახმად კი აზარტული თამაშობების მომწყობებისთვის დამატებითი რეგულაციები დაწესდა. კერძოდ, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი ვალდებული იქნება იქონიოს იმგვარი ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩაწერილი ინფორმაციის გადატანას ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელზე გამოსახულების ხარისხის დანაკარგის გარეშე.
ამას გარდა, თუ აქამდე კამერის ჩაწერის ხარისხში ვიდეოგარჩევადობა 640 X 480 პიქსელი უნდა ყოფილიყო, ახლა ჩანაწერის გარჩევადობა არანაკლებ 3 მეგაპიქსელი (2048X1536A) უნდა იყოს, ხოლო დღე-ღამის რეჟიმში განხორციელებული ჩანაწერი უნდა იძლეოდეს ადამიანის (ობიექტის) ზუსტი იდენტიფიცირების საშუალებას. ასევე, ვიდეოთვალთვალის აპარატურას კი ISO სერტიფიკატი უნდა ჰქონდეს.
აზარტული თამაშის ადგილის გარე პერიმეტრზე უნდა დამონტაჟდეს არანაკლებ 2 ვიდეომეთვალყურეობის სისტემა - იმ ადგილებზე, სადაც ეს შეუძლებელია – ერთი ვიდეომეთვალყურეობის სისტემა. ხოლო სათადარიგო გასასვლელების არსებობის შემთხვევაში, თითო ვიდეომეთვალყურეობის სისტემა თითო გასასვლელზე.
ასევე, ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განსაზღვრულ ადგილას და შერჩეული განლაგებით უნდა დამონტაჟდეს. ხოლო დისტანციური მონიტორინგის განხორციელების მიზნით, მოთხოვნის შემთხვევაში, აზარტული და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი ვალდებული იქნება უზრუნველყოს გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გლობალურ ქსელთან მუდმივი წვდომა.
ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟებასთან დაკავშირებით მეპატრონესთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შესაბამისი აქტიც გაფორმდება.
მერაბიშვილის ამ გადაწყვეტილებას მთავრობა უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობით ხსნის, თუმცა ოპოზიციისთვის ეს არგუმენტი მიუღებელია და აცხადებენ, რომ ამით ამძიმებენ სათამაშო ბიზნესში დასაქმებულთა მდგომარეობას.
„მე ამ დარგის სპეციალისტი ნამდვილად არ ვარ და არც ამ ბიზნესის გულშემატკივარი ვარ, მაგრამ ბოლო დროს იმდენი ისეთი რაღაც მიიღეს, რაც აზარტული თამაშების ბიზნესში დასაქმებულებისთვის დამატებითი წნეხი შეიძლება გახდეს, რომ უკვე ხელისუფლების გარკვეულ ინტერესებზე მიანიშნებს და ეს ინტერესები არა მგონია, რომ სამართლიანობის ჩარჩოებში ჯდებოდეს,“ - აცხადებს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი.
შეგახესენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ცვლილება შევიდა კანონმდებლობაში, რომელიც ლატარიებისა და სხვა აზარტული თამაშობების მოწყობისთვის ნებართვის აღებას ეხება. ცვლილებამდე ამ თამაშების მოწყობისთვის ნებართვის ასაღებად უნდა მიემართათ ფინანსთა სამინისტროსთვის და წარედგინათ სათანადო დოკუმენტაცია. ფინანსთა სამინისტროსთან არსებული მომსახურების სააგენტო კი განიხილავდა ამ საბუთებს და გასცემდა ან არ გასცემდა ნებართვას. ნებართვის გაცემის შემდეგ კი პირი ვალდებული იყო, გადაეხადა 10 ათასი ლარი აღნიშნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისთვის. ცვლილების თანახმად კი, ამ თანხის გადახდა წინასწარ გახდა საჭირო.
მანამდე კი, ისევ მთავრობის ინიციატივით მიღებული იქნა კანონი, რომლის თანახმად ლატარიასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისა და შესაბამისი სარეკომენდაციო გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ფინანსთა სამინისტროში სპეციალური საბჭო შეიქმნა.
მთავარი კი ამ საბჭოს დაკომპლექტების წესია. „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონის თანახმად, საბჭოს ფინანსთა მინისტრი ქმნის და ის მთავრობის ნაცვლად განიხილავს და შეათანხმებს თამაშობის ზოგად წესს, წამახალისებელი გათამაშების მოწყობის შემთხვევაში. ამასთან, საბჭოს მიეცა უფლება, განიხილოს ყველა ის საკითხი, რაც მომავალშიც დაკავშირებული იქნება ლატარიასთან.
გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებას ახორციელებს კანონით გათვალისწინებულ ტენდერში გამარჯვებული ერთი ორგანიზაცია, მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ საბჭო, რომელიც განიხილავს ლატარიებთან დაკავშირებულ საკითხებს, კიდევ უფრო წარმომადგენლობითი იყოს. შესაბამისად, ფინანსთა მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საბჭოს შემადგენლობაში სამთავრობო სტუქტურების წარმომადგენლების გარდა, შესაძლებელი იქნება შევიდნენ „სხვა პირებიც“.
ეს „სხვა პირები“ დაკონკრეტებული არ არის და ამის გამო ოპოზიციამ მთავრობის ამ ინიციატივის გაჟღერებისთანავე გამოთქვა ეჭვი, რომ ამ საბჭოში კეზერაშვილის ოფიციალურად შეყვანა უნდათ, ვინაიდან სწორედ მის მფლობელობაში ითვლება ეროვნული ლატარიის კომპანია.
გარდა ამისა, უკვე გადაწყვეტილია, რომ დედაქალაქში სათამაშო აპარატებსა და ტოტალიზატორტების აპარატებზე მოსაკრებლის მაქსიმალური ზღვარი იქნება.
თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, თითოეულ სათამაშო აპარატზე მოსაკრებელი თბილისში, კვარტალში 3 000 ლარი იქნება ნაცვლად 850 ლარისა, ხოლო ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროზე – კვარტალში 7 500 ლარი, ნაცვლად 2300 ლარისა.
საკრებულოს გადაწყვეტილება პარლამენტის გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს, რომელმაც საშემოდგომო სესიაზე სათამაშო ბიზნესზე მოსაკრებლის განაკვეთის ზედა ზღვარი გაზარდა. კერძოდ, სათამაშო აპარატებზე კვარტალში მოსაკრებელის ზედა ზღვარი 1500 ლარიდან 3 000 ათას ლარამდე გაიზარდა, ხოლო ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროზე მოსაკრებელი კვარტალში 3 750 ლარიდან, 7 500 ლარამდე გაიზარდა.
კანონმდებლობით, თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 1 500 ლარიდან 3 000 ლარამდე უნდა იყოს მოსაკრებელი, ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროზე – კვარტალში 3 750 ლარიდან 7 500 ლარის ჩათვლით.
ცაგარეიშვილის თქმით კი, ამ ყველაფერს უკვე მერაბიშვილის მიერ გამოცემული ბრძანებაც დაემატა, ვინაიდან, როგორც იგი განმარტავს, „ამ აპარატურის დამონტაჟება, შესაძლოა, იმდენად ძვირი აღმოჩნდეს, რომ იძულებული გახდეს, სულაც დახურონ“. ამით კი, მისი თქმით, კეზერაშვილს გარკვეულწილად კონკურენტები ჩამოშორდება.
ამ ეჭვის არგუმენტად კი ცაგარეიშვილი იმ ფაქტორს ასახელებს, რომ არ არსებობს დასაბუთებული განმარტება, თუ ამ მონაცემების კამერების დამონტაჟება რატომ არის აუცილებელი და, რაც მთავარია, იქნება თუ არა იმის გარანტია, რომ ამით უსაფრთხოება იმაზე მეტად იქნება დაცული, რაც ახლა არსებული აპარატურით არის შესაძლებელი.
„მე არ ვამბობ, რომ ეს ქვეყნისთვის სასიცოცხლო ბიზნესია და მის განვითარებას აუცილებლად ხელი უნდა შეეწყოს. მაგრამ, არც ის შეიძლება, რომ ერთი ადამიანისთვის დანარჩენებს ყელში უჭერდნენ. ისედაც ხომ მთელი ეს ბიზნესი კეზერაშვილს აქვს ხელში ჩაგდებული და მთლიანად იგი აკონტროლებს ამ სფეროს, ახლა კი, როგორც ჩანს, უნდათ, რომ შესაძლო კონკურენტებიც წინასწარვე ჩამოაშორონ. არ ვიცი, ამას სამართლიანობასთან რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს,“ - აცხადებს ცაგარეიშვილი.