Calciomercato:

Calciomercato: "კვარაცხელიამ გაანადგურა "იუვენტუსი", რომელიც შეიძლებოდა მისი გუნდი ყოფილიყო"

„ნაპოლის“ ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ „იუვენტუსთან“ გაიბრწყინა და გამარჯვებაში (5:1) წვლილი გოლით და ორი საგოლე პასით შეიტანა. გარდა ამისა, არაერთხელ ითამაშა დიდებულად და პირველი გოლიც მისი დამსახურებაა.

Calciomercato-მ თამაშის შემდეგ დაწერა, რომ კვარაცხელიამ კრიტიკოსები დაადუმა და ისიც გაიხსენა, რომ 2021 წლის ზაფხულში „იუვენტუსი“ კვარაცხელიას შეძენასთან ძალიან ახლოს იყო.

„დაუვიწყარი საღამო „ნაპოლის“ გულშემატკივრებისთვის. „იუვენტუსი“ განადგურდა და 10-ქულიანი უპირატესობა მოპოვებულია. ახლა სკუდეტოზე ოცნება უფრო ღია თვალებით შეიძლება გაგრძელდეს, ვიდრე ოდესმე. 5:1-ით ისტორია დაიწერა: ეს იყო „ნაპოლის“ ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება „იუვენტუსის“ წინააღმდეგ, განსაკუთრებით ორი ფეხბურთელის დამსახურებით - ვიქტორ ოსიმენისა და ხვიჩა კვარაცხელიას.

2023 წლის დასაწყისი კვარაცხელიასთვის დაუვიწყარი არ ყოფილა, რომელიც დაიმორჩილეს „ინტერსა“ და „სამპდორიასთან“. თუმცა ეს იყო მატჩი იმისთვის, რომ დაბრუნებულიყო თავის საუკეთესო დონეზე, რათა თავისი კლასი კვლავ ეჩვენებინა. მანაც ყველაფერს უპასუხა: ფლანგზე დანილო გააგიჟა და გოლის გატანის შემდეგ მისი აღნიშვნა განმათავისუფლებელი იყო, რითაც მან დაადუმა კრიტიკოსები. საბოლოოდ, ამ მომენტიდან ზურგზე 77 ნომრით დაბრუნდა ტალანტი, რომელმაც მეორე ტაიმში დიდებული ფეხბურთი ითამაშა და ორი საგოლე პასი გააკეთა. ჯერ კუთხურიდან რაჰმანის გოლზე და შემდეგ უნაკლო გადაცემა ოსიმენს. მატჩის მიწურულს აპლოდისმენტები მიიღო, მათ შორის, საქართველოს უამრავი დროშისა და თანამემამულეების ფონზე.

ბედის ირონიაა. დიახ, იმიტომ, რომ „რუბინისა“ და „დინამო ბათუმის“ ყოფილ ფეხბურთელს შეიძლებოდა „იუვენტუსის“ მაისური მოერგო. 2021 წელს, „ბიანკონერის“ პრაქტიკულად ერთი ნაბიჯი აშორებდა ტურინში მის გადაყვანასთან. პარატიჩისთან წინასწარი კონტრაქტი მზად იყო, მაგრამ „იუვეს“ მაშინდელი სპორტული დირექტორი „ტოტენჰემში“ გადავიდა და გარიგება ჩაიშალა, „იუვემ“ კი ქართველი დათმო. ახლა მას „ნაპოლის“ მაისური აცვია და ანადგურებს იმას, რომელიც შეიძლებოდა მისი გუნდი ყოფილიყო“, - წერს Calciomercato.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ „იუვენტუსთან“ გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი გააკეთა. ქართველი ფეხბურთელის აქტივში ყველა ტურნირზე მიმდინარე სეზონში 20 მატჩში 9 გოლი, 10 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტია.