(იბეჭდება შემოკლებით)
ბეჟან გუნავა, საქართველოს კონსერვატიული პარტიის წევრი:
საერთოდ, რევანშიზმისა და ისეთი ხელისუფლების მომხრე არა ვარ, რომელიც პოლიტიკურ მოღვაწეობას დაპატიმრებებით იწყებს, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან ისეთ კანონდარღვევებთან გვაქვს საქმე, ისეთ სერიოზულ და უხეშ დარღვევებთან, რომ არ არის გამორიცხული, ზოგიერთი მათგანის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.
თუ შეიქმნება პრეცენდენტი იმისა, რომ დანაშაულისთვის არავინ დაისჯება, ასეთ შემთხვევაში შემდგომი ხელისუფლებაც ისევე იპარპაშებს, როგორც ახლანდელი. ამიტომ, ჩვენ უნდა შევქმნათ პრეცენდენტი, რომ დანაშაულისთვის ხელისუფლების მაღალი ეშელონების წარმომადგენლებიც შეიძლება იქნენ დასჯილნი.
დღევანდელმა ხელისუფლებამ ექსხელისუფლების ის წარმომადგენლები დაიჭირა, ვინც, ფაქტობრივად, პოლიტიკას არ ქმნიდა, ხოლო ის პირები, ვინც ყველაფერს წარმართავდა, თუნდაც პრეზიდენტი, სახელმწიფო მინისტრები, სტრუქტურების ხელმძღვანელები არ არიან დასჯილი და ეს უნდა შეიცვალოს. დასასჯელი, პირველ რიგში, ქვეყნის უმაღლესი პირები არიან.
პირველ რიგში, ალბათ, ყველა ძალოვანი უწყების ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. თუმცა, ამ უწყებებში მინისტრებზე არანაკლები დამნაშავენი მათ ირგვლივ მყოფი პირები არიან, რომლებიც ძალიან დიდი ძალაუფლებით არიან აღჭურვილნი და ამას ძალიან ბოროტად იყენებენ.
მათი მოღვაწეობის შედეგად ქვეყანაში უამრავი ადამიანია დაღუპული და უსამართლოდ დაპატიმრებული. თუნდაც ერთი მაგალითი მოვიყვანოთ, გირგვლიანის მკვლელობაში გარეული ყველა პირი რომ უნდა იქნეს დაპატიმრებული, ეს ცხადია.
დღევანდელი ხელისუფლების ყველაზე დიდი დანაშაული კერძო საკუთრების ხელყოფაა და ამისთვის პასუხი უნდა მოეთხოვოს, პირველ რიგში, საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს. ჩვენს ქვეყანაში უნდა შეიქმნას პრეცენდენტი იმისა, რომ შეიძლება პრეზიდენტიც კი გასამართლდეს.
ეკონომიკური დანაშაულისთვის ფინანსური სანქციები უნდა დაედოთ იმ პირებს, რომელთაც ხელყვეს სახელმწიფო საკუთრება და საქართველოში დღეს ასეთი ასეულობით მილიონის ქონებაა. ამ თანხების დაბრუნება ამ პოლიტიკის გამტარებლებს აუცილებლად მოუწევთ. ფინანსური სანქციები იქნება გამოყენებული იმ პირთა მიმართაც, ვინც არამიზნობრივად ხარჯავს სახელმწიფო ქონებას. ასეთია ქალაქის მერი გიგი უგულავა.
ეკონომიკურ კრახზე ხელისუფლებასთან ერთად პასუხი უნდა მოეთხოვოს კახა ბენდუქიძეს, რომელმაც ქართველი ხალხი შეაჩვია იმ აზრს, რომ საქართველოში ყველაფერი შეიძლება გაიყიდოს, ტყეებით და მდინარეებით დამთავრებული.
უნდა დადგეს განათლების მინისტრის კახა ლომაიას პასუხისმგებლობის საკითხი და, ბოლოს და ბოლოს, უნდა გაირკვეს, ვინ არის ეს ლომაია. მან არამარტო ფინანსური საქმიანობისთვის უნდა აგოს პასუხი, არამედ იმისთვისაც, რომ დაანგრია ქართული განათლების სისტემა.
პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის აზრით, დღევანდელმა ხელისუფლებამ დასაჭერი ყველა დაიჭირა და უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, გეგმასაც კი გადააჭარბა
-არა მგონია, მერაბიშვილს ვინმეს დაჭერა გამორჩენოდეს. ერთი კია, თუ ქვეყნის წინაშე ჩადენილ დანაშაულზე მიდგება საქმე, ყველაზე დიდი დამნაშავე ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე იყო და რატომღაც, დღევანდელმა ხელისუფლებამ ის დაინდო. უფრო სწორად, დაინდო არა ამ ხელისუფლებამ, არამედ დაინდეს ამერიკელებმა და ამ შემთხვევაში ეს ხელისუფლება უძლური იყო, რამე გაეკეთებინა.