ჟოზე მოურინიო:

ჟოზე მოურინიო: "იტალიის თასი ევროპაში ყველაზე ცუდი ტურნირია"

„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ იტალიის თასის ფორმატი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ეს ტურნირი ევროპაში ყველაზე ცუდია.

საქმე ისაა, რომ იტალიის თასზე ნახევარფინალამდე ერთმატჩიანი დუელებია და უფრო ძლიერი გუნდები საკუთარ მოედანზე თამაშობენ, გასული სეზონის სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე. სწორედ ეს არ მოსწონს ჟოზე მოურინიოს, რომელიც ფიქრობს, რომ თასზე შინ უფრო დაბალი დონის გუნდებმა უნდა ითამაშონ.

„მომწონს გამარჯვება და მომწონს, როდესაც „რომა“ რომში თამაშობს, მაგრამ იტალიის თასი ევროპაში ყველაზე ცუდი ტურნირია. პატარა გუნდებს ამ ტურნირზე არავინ იცავს. ვსაუბრობ იმაზე, რომ „ტორინომ“ თასიდან იტალიის ჩემპიონი „მილანი“ გააგდო, მისსავე მოედანზე დაამარცხა, მაგრამ მომდევნო ეტაპზე „ფიორენტინასთან“ ისევ გასვლაზე უნდა ითამაშოს, მხოლოდ იმიტომ, რომ გასულ სეზონში „ფიორენტინამ“ მეშვიდე ადგილი დაიკავა და „ტორინომ“ მერვე თუ მეცხრე. ეს არ მესმის.

პატარა გუნდის მწვრთნელი რომ ვიყო, მოედანზე აკადემიის შემადგენლობას გავიყვანდი და თამაშს განზრახ წავაგებდი, რომ ტურნირი დამეტოვებინა. ყველა პატარა გუნდი სტუმრად თამაშობს, რა მოტივაცია უნდა ჰქონდეთ მათ? სად არის ამ ტურნირის მშვენიერება?“, - თქვა მოურინიომ.

შეგახსენებთ, „რომამ“ მერვედფინალში პაულო დიბალას გოლით „ჯენოა“ 1:0 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.