სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარე შეხვედრა, სადაც ქართულ ფეხბურთში არსებული პრობლემები განიხილება, მწვავე კამათსა და დაპირისპირებაში გადაიზარდა.
სასტუმროში, დაახლოებით, ერთი საათია, შეკრებილი არიან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები, სხვადასხვა საფეხბურთო კლუბების ხელმძღვანელები, ვეტერანი ფეხბურთელები და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.
გაფართოებული შეხვედრის საბაბი გახდა ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია ეროვნული ჩემპიონატის გაყალბებული შეხვედრების შესახებ. ამას დაემატა დღეს უეფა-დან გამოგზავნილი ახალი წერილი, რომელიც კიდევ დამატებით სამი მატჩის გაყალბებას ეხება.
აღნიშნული თემის განხილვა რამდენიმე წუთში გადაიზარდა სიტყვიერ შელაპარაკებაში ფეხბურთის ფრედერაციის პრეზიდენტსა და ვეტერან ფეხბურთელებს შორის. ამ კამათში ჩართული იყვნენ, ასევე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია, სპორტისა და ახალგაზდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი და სხვადასხვა ვეტერანი სპორტსმენები.
საბოლოოდ, მას შემდეგ, რაც სიტუაცია დაიძაბა, შეხვედრა ჟურნალისტებისთვის დაიხურა. ამ წუთებში სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" შეხვედრა ცხარე კამათის ფონზე, დაახურულ კარს მიღმა გრძელდება.