ნათელაშვილი სააკაშვილის დაპატიმრებას ჰააგას სთხოვს

ნათელაშვილი სააკაშვილის დაპატიმრებას ჰააგას სთხოვს

„ლეიბორისტულმა პარტიამ" მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების მოთხოვნით, დღეს ჰააგის სასამართლოში სარჩელი გააგზავნა.

როგორც შალვა ნათელაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტს უმძიმესი, ადამიანობის საწინააღმდეგო და სამხედრო დანაშაულებები აქვს ჩადენილი, რის გამოც ის რომის სტატუტში გათვალისწინებული რამდენიმე მუხლით უნდა გასამართლდეს.

როგორც ნათელაშვილი აცხადებს, სააკაშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულთა ნუსხაში შედის ტერორიზმი, მასობრივი მკვლელობები, თავდასხმა მშვიდობიან ობიექტებზე, თავდასხმა ქართულ ქალაქებზე, სოფლებზე და საკუთარ მოქალაქეებზე, ასევე ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებზე და მათ ლიდერებზე.

შალვა ნათელაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ახალგაზრდობის მასობრივ მოსპობაში, ციხეების პოლიტიკური პატიმრებით გავსებასა და მათ წამებაში. მისი განცხადებით, აღნიშნული ჩამონათვალი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილს სამუდამო პატიმრობა მიესაჯოს. მანვე იმედი გამოთქვა, რომ ჰააგის სასამართლოზე დროული და სამართლიანი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.