"იმ დროს, როდესაც ქვეყანა სტიქიურ უბედურებებს ყოველგვარი სახსრების გარეშე ებრძოდა, მიხეილ სააკაშვილის ფავორიტები კონცერტებისა და გასართობი ღონისძიებების გამართვისთვის სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი მილიონებით ჯილდოვდებოდნენ," - ნათქვამია სტუდია "მონიტორის" მიერ გადაღებულ მორიგ ჟურნალისტურ გამოძიებაში, რომლის პრეზენტაციაც გუშინ საია-ს ოფისში შედგა.
ფილმი ეხება 2008-09 წელს პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან, აგრეთვე კულტურის სამინისტროს ბიუჯეტიდან კონცერტებისა და გასართობი ღონისძიებებისათვის გამოყოფილი სახსრების ხარჯვას.
ფილმი იმ განცხადებით იწყება, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი კულტურის მოღვაწეები ყველა პრივილეგიით სარგებლობენ და ყოველგავრი ტენდერის გარეშე გასართობი ღონისძიებების ორგანიზატორები და მონაწილეები ხდებიან.
ასეთი მხარდამჭერების სია კი საკმაოდ ვრცელია. ფილმში დასახელებულია ის ადამიანი, ვინც 2007 წელს გადაცემა "პრაიმ-ტაიმში" პრეზიდენტს მხარდაჭერა ღიად გამოუცხადა.
"ლელა წურწუმია, ბუბა კიკაბიძე, მიშა მშვილდაძე, მაცაცო სეფისკვერაძე, მარინა ბერიძე, კახა ცისკარიძე, სტეფანე - ყველა ეს ადამიანი პრეზიდენტის ფავორიტები არიან და პრივილეგიებითაც სარგებლობენ. ამ ადამიანებმა მსხვილი სახელმწიფო დაკვეთები მიიღეს და გასართობი ღონისძიებების განხორციელებისთვის სარეზერვო ფონდებიდნ მილიონობით დოლარი გამოეყოთ," - ყვება ფილმში მისი ავტორი, "მონიტორის" ჟურნალისტი ირმა ზარნაძე.
ფილმის მიხედვით, კომპანია "სტეპ-რეკორდსმა", რომლის დამფუძნებლები არიან აჩიკო გულედანი და ვახო ბაბუნაშვილი, მსხვილი სახელმწიფო შეკვეთა მიიღო. მათ შარდენსა და იპოდრომზე კონცერტის გამართვა დაევალათ, რის გამოც სარეზერვო ფონდებიდან ორი მილიონი ლარი გამოეყოთ, თუმცა ფილმის მიხედვით ირკვევა, რომ რეალურად კონცერტის გამართვისთვის ბევრად ნაკლები თანხა დაიხარჯა, ვიდრე სარეზერვო ფონდებიდან იყო გამოყოფილი.
ფილმში რამდენიმე კულტურის კრიტიკოსის კომენტარია (ერთ-ერთი მათგანია დავით ჩიხლაძე), რომლებიც ამბობენ, რომ იპოდრომზე გამართული კონცერტი საკმაოდ უხარისხო იყო. ვახო ბაბუნაშვილმა ამ თემაზე ჟურნალისტთან საუბარი არ ისურვა.
ჟურნალისტური გამოძიების მორიგი სამიზნე კახა ცისკარიძე და სტეფანე აღმოჩდნენ, რომელთაც ევროვიზიის ალტერნატიული კონცერტის გამართვისთვის სარეზერვო ფონდებიდან 2 მილიონ 93 ათასი ლარი გამოეყოთ. თუმცა ფილმიდან ირკვევა, რომ რეალურად კონცერტისთვის ერთი მილიონი ლარი დაიხარჯა, აქედან 148 ათასი უცხოელ შემსრულებელებს გამოეყოთ, 49 ათასი კი სცენის მოწყობისთვის დაიხარჯა. ფილმის მიხედვით, ტექნიკური ხარისხი აქაც დახარჯულ თანხას არ შესაბამებოდა.
საახალწლო კონცერტისთვის კი, რომლის ორგანიზება "მემანიკა პროდაქშენს" დაევალა, ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ნიკა მემანიშვილს სარეზერვო ფონდიდან 1,9 მილიონი ლარი გამოეყო, აქედან მარტო მემანიშვილის ჰონორარი 25 ათასს შეადგენდა. არადა ფილმში ნიკა მემანიშვილი ყვება, რომ მსგავსი სახის კონცერტებზე მისი ჰონორარი ჩვეულებრივ 5 ათას ლარს შეადგენს.
ფილმში ასევე წარმოდგენილები იყვნენ ის მომღერლები, რომლებიც "ნაცმოძრაობის" ფავორიტთა სიაში არ არიან და შესაბამისად მმართველი გუნდის "კეთილგანწყობით" ვერ სარგებლობენ.
"გიორგი ივანიშვილი 4 წელია ალტერნატიულ მუსიკას უკრავს, ამ ხნის განმავლობაში ქალაქის მერიისთვის არაერთხელ მიუმართავს დახმარებისთვის, თუმცა უშედეგოდ. მსგავს ბედში მომღერალთა ჯგუფი "აივანიც" აღმოჩნდა, მათ ქალაქის მერიას აივნის გამოყოფა სთხოვეს, მაგრამ ამათაც მერიისგან უარყოფითი პასუხი მიიღეს," - ყვება სტუდია "მონიტორის" ჟურნალისტი.
ფილმში საყურადღებოა ერთი პასაჟიც, მაშინ, როდესაც ქვეყანა სტიქიურ უბედურებებს სახსრების გარეშე ებრძოდა, 2008-09 წლების განმავლობაში კონცერტებისა და გასართობი ღონისძიებებისათვის სარეზერვო ფონდიდან 8 მილიონი ლარია დახარჯული. როგორც საია-ს იურისტი თამარ გურჩიანი ამბობს, ეს თანხები კანონიერად არის დახარჯული, მაგრამ უსამართლოდ.