თავიდან ფიურერიც დარწმუნებული იყო საკუთარ ძალებში და ეგონა, რომ ხალხი მისი სიყვარულით ჭკუაზე არ იყო. მაგრამ, როცა დამარცხდა, თავი მოიკლა, ფსიქიკამ ვერ გაუძლო. ისტორიიდან მსგავსი მაგალითის გახსენება შეიძლება. ისე, შევარდნაძე ზვიად გამსახურდიას რეჟიმსაც პროვინციულ ფაშიზმს ეძახდა. პირველმა პრეზიდენტმაც მარცხს ვერ გაუძლო და თვითმკვლელობით დაასრულა ცხოვრება. სააკაშვილს ერთსაც ადარებენ და მეორესაც. მაგრამ როგორი ფსიქიკა აქვს მიხეილს? ბურჯანაძე-დემოკრატების გაერთიანებით სააკაშვილმა შესაძლოა საკუთარი მარცხის მოახლოება იგრძნო. ალბათ, ამიტომაც აკეთებს ის სასოწარკვეთილ განცხადებებს.
ადრე სააკაშვილი ჟვანიას ბაძავდა. იმდენად, რომ მინისტრობის პერიოდში თვალი სულ პარლამენტისკენ ეჭირა. საქმე ისეთ კურიოზამდე მიდიოდა, რომ იუსტიციის სამინისტრო პარლამენტში ასეთი ინფორმაციისთვისაც კი რეკავდა: უკაცრავად და, გათბობას როდის რთავთ?
- და ეს თქვენ რაში გაინტერესებთ?
- მინისტრს აინტერესებს. ჩვენც იმ დღეს უნდა ჩავრთოთ გათბობა, რა დღესაც ჟვანია პარლამენტში ჩართავს.
სააკაშვილმა შესაძლოა, ამიტომაც „დააწერა“ მაია ნადირაძე ტრადიციონალისტებს. ამ ქალბატონს საარჩევნო სიაში პირველ ნომრად ჩაწერას დაჰპირდნენ. ქალბატონსაც პირველობამ თავბრუ ისე დაახვია, რომ ტრადიციული პოლიტპარტნიორები მიატოვა. სააკაშვილსაც სურს, ჟვანიას მსგავსად გვერდში ქალბატონი ედგას. თუმცა, ბურჯანაძის რეიტინგი ნადირაძესთან რა მოსატანია.
სხვათა შორის, სწორედ ჟვანიასა და ბურჯანაძის შიშის გამო სააკაშვილი გაერთიანებაში შესვლაზე უარს აცხადებდა. ისე, თავიდან, როცა ჟვანიამ ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდა, გამყრელიძესაც და სააკაშვილსაც ეგონათ, რომ ექსთავმჯდომარე საკუთარი თავის გადასარჩენად ზრუნავდა. ამიტომაც გამყრელიძემ თავიდანვე დაიჭირა დისტანცია. ისინი ყველაზე მეტად პასიურობდნენ. სააკაშვილმა კი გადაწყვიტა, გადამდგარი თავმჯდომარის „გასაჭირით“ დამტკბარიყო. ამიტომაც საკუთარი რეიტინგები ააფარა თვალებზე დემოკრატებს. აი, ნახეთ, ვინ არის ლიდერიო. სხვათა შორის, სააკაშვილმა მოითხოვა საკუთარი პოლიტკუნთების აღიარება, თანაც წერილობით. წერილობითი გარანტიებისადმი მიდრეკილება ნაციონალებში განსაკუთრებით მას შემდეგ გაჩნდა, რაც დემოკრატების ჰორიზონტზე ბურჯანაძის ფიგურა გამოჩნდა. აი, მაშინ მოითხოვა სააკაშვილმა წერილობითი გარანტია ბურჯანაძისგან იმის შესახებ, რომ ეს უკანასკნელი არასოდეს დააყენებდა თავის კანდიდატურას საპრეზიდენტო მარათონზე. ეს პირობა ჟვანიასაც ეხებოდა. თუმცა, მას, სააკაშვილის აზრით, შანსები ნაკლები რჩებოდა. ბურჯანაძე პირად საუბრებში ხუმრობდა კიდეც: მალე სააკაშვილი მოითხოვს, ბურჯანაძე სხვა პლანეტაზე გადასვითო.
სხვათა შორის, ბურჯანაძისგან არ ვიცით, მაგრამ დემოკრატებმა სააკაშვილს „სამკურნალო აბი“ მისცეს. ანუ უფორმებდნენ გარანტიებს მის ლიდერობასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, ჟვანიამ მის დასამშვიდებლად გააკეთა განცხადება: ყველა ლიდერს, ვინც ოპოზიციაში გაერთიანდება, ჩემზე წინ ჩავწერთ საარჩევნო სიებშიო. მაგრამ მაშინ გამყრელიძესაც და სააკაშვილსაც ეგონათ, რომ პარლამენტის ექსთავმჯდომარე საკუთარი კარიერის გადარჩენას ცდილობდა.
საბოლოოდ, გათვლაში ორივე შეცდა. გამყრელიძეს, ალბათ, პატარკაციშვილის კანცელარიის რაინდად ქცევის შემდეგ მაინც უნდა გაუჩნდეს გაერთიანების სურვილი. მათი საარჩევნო სტარტი იმდენად სუსტია, რომ ბოლოში შეიძლება საეჭვო შედეგებით მივიდნენ. სააკაშვილში კი ჯერ მხოლოდ პოლიტიკური თვითმკვლელობის ეფექტი იღვიძებს. ის ხვდება, რომ გარეთ დარჩენით წააგო. სხვათა შორის, სოციოლოგიური გამოკითხვებიც იგივეს მოწმობს. ბურჯანაძემ არამხოლოდ ლორთქიფანიძე დაამარცხა, სააკაშვილიც. ამიტომაც მან სწორად შენიშნა: სააკაშვილის პოლიტიკურმა პიკმა გადაიარაო. რამდენად მყარი ფსიქიკით შეხვდება საკუთარი კარიერის დასასრულის მოახლოებას სააკაშვილი?
ახლა ის მამალაძის სტილში აკეთებს განცხადებებს. მამალაძესაც ყველაფერი შეუძლია დააბრალოს ჟვანიას, ტერაქტებიდან დაწყებული და ცუდი ამინდებით დასრულებული. სააკაშვილიც იგივეს აკეთებს.
-მწუხარებით აღვნიშნავ, ჟვანიას შევარდანაძემ რომ დაუძახოს, იმწუთშივე გაიქცევაო.
სააკაშვილმა სწორედ მას დააბრალა დიდი ოპოზიციური გაერთიანების ჩაშლა. დემოკრატები აცხადებენ, რომ ისინი არასოდეს დაუპირისპირდებიან ნაციონალებს, პატივს სცემენ და მოერიდებიან ხალხს, რომელსაც კინკლაობა მობეზრდა.
კარიერის დასრულებას ყველა უცნაური და უხერხული განცხადებით აღნიშნავს ხოლმე. ახლა მიჭირს ფიურერის ცნობილი ფრაზების გახსენება, მაგრამ ეროვნული მოძრაობის ლიდერები, მაგალითად, ბლოკადას უცხადებდნენ რუსეთს. ისინი ვერ ხვდებოდნენ, რომ ასეთი რევოლუციური მანერით ისინი საკუთარ თავსა და ქვეყანას აქცევდნენ ბლოკადაში. იგივე დაემართა სააკაშვილს. ოპოზიციაში არშესვლით მანაც და გამყრელიძემაც საკუთარ პარტიებს ბლოკადა გამოუწერეს.