სააკაშვილი გალახვას გადაურჩა

სააკაშვილი გალახვას გადაურჩა

(იბეჭდება შემოკლებით)

აფხაზეთის ომის ერთ-ერთი  შედეგი დღეს არსებული პოლიტიკური ხასიათის დაპირისპირებაა. ომის ვეტერანების ერთი ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს უპირისპირდება.

ვეტერანების აღშფოთება გამოიწვია სააკაშვილის საჯარო თავდასხმებმა დავით სალარიძის მიმართ, რომელსაც ისინი თავის მფარველად თვლიან. ვეტერანების ერთი ნაწილი აცხადებს, რომ მათი ღვაწლი სახელმწიფო მოხელეებს შორის მხოლოდ საგადასახადო სამსახურის ყოფილმა უფროსმა და ექსომბუდსმენმა დაუფასა და დახმარებაც ხშირად აღმოუჩინა. კერძოდ, როგორც პატრიოტთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე ბადრი ფირცხელიანი აცხადებს, სალარიძემ ნაომარი ბიჭების ნაწილი სამსახურებში დაასაქმა და ნორმალური ხელფასიც მისცა.

სააკაშვილის გუშინწინდელ სატელევიზიო გამოსვლას და მისი მხრიდან დავით სალარიძის ლანძღვას, როგორც ფირცხელიანი ამბობს, პატრიოტთა კავშირში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა და თავად რომ არ ჩარეულიყო, 200-მდე ვეტერანი მიხეილ სააკაშვილთან მივარდნას აპირებდა. ბადრი ფირცხელიანმა „რეზონანსს“ უთხრა, რომ მეომარი ბიჭების დაშოშმინება ძლივს მოახერხა.

ამასთან დაკავშირებით „რეზონანსი“ ესაუბრა პატრიოტთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილეს, გაგრის ყოფილ კომენდანტს, პოლკოვნიკ ბადრი ფირცხელიანს, რომელიც აცხადებს, რომ თუ კიდევ გააგრძელებს მიხეილ სააკაშვილი დავით სალარიძის მისამართით შეურაცხმყოფელ გამოსვლებს, არ აპატიებენ და ნაომარი ბიჭები საკრებულოს თავმჯდომარეს მისივე ჯვრიანი დროშებით გაუსწორდებიან. მისივე თქმით, გუშინ გადარჩა სააკაშვილი, მაგრამ ყოველთვის ასე არ მოხდება.

ბადრი ფირცხელიანი: თქვენ თვითონ ნახეთ, როგორ არიან ბიჭები აღშფოთებული ამ სააკაშვილის გამოსვლებით. ეს პირველი არაა. მე რისი თქმა მინდა, ვინც კი მებრძოლებს და ნაომარ ხალხს დაეხმარა, მიშა ყველას დაეტაკა. ამ აზრზე არიან ბიჭები. ჩვენ მხოლოდ დავით სალარიძე დაგვეხმარა, ჩვენი ბიჭები დაიცვა, 70 კაცამდე ნაომარ ადამიანს ხელი გაუწოდა. შეკითხვას ვსვამ, რომელმა ერთმა, პოლიტიკოსები რომ არიან, ერთი მეომარი თუ მაინც მოაწყო სამსახურში. როდესაც ჩამოვედით და დაღუპულთა ოჯახების დაჯილდოება იყო, მოვიდა სალარიძე და მატერიალური ფონდიდან დაასაჩუქრა. მას ეს არა ერთხელ გაუკეთებია.

როგორც ვიცი, ძალიან აღშფოთებულები იყავით, რაღაც მივარდნასაც აპირებდით...

- პირდაპირ ვიძახი, თუ არ გაჩერდა, მივალთ და იმ დროშებს, გამოკიდებული რომ აქვს, სხვა დანიშნულებით გამოვიყენებთ. ჩვენ მეგობრობაც ვიცით, დაფასებაც, პასუხისმგებლები ვართ ჩვენი ნაბიჯების და ნებისმიერი გამოთქმული სიტყვისა. არ შეიძლება ამდენჯერ გამოხვიდე და ხალხს შეურაცხყოფა მიაყენო. სააკაშვილს მთელი საქართველო სძულს, სხვათა შორის, ამას თავისი პირითვე იძახის. ყველა სძულს და ვისი პრეზიდენტობა უნდა, ვერ გამიგია. თუმცა, ეს ჩემი საქმე არ არის, ჩემი საქმე ისაა, რომ ჩვენ მეგობრებს ყველგან გვერდში დავუდგეთ.

დავით სალარიძე კაცი იყო მოსამართლეც, გენერალიც, რაიკომის მდივანიც, პროკურორიც კაცი იყო სახალხო დამცველიც, პირველი ომბუდსმენის ინსტიტუტიც შექმნა. სადაც უმუშავია, ყველა მადლიერია. მიშამ ერთ ადგილას იმუშავა და ყველას ლანძღავს.

რაზე უნდა ველაპარაკოთ მას? მეომრების საპატიო დაფას ვაკეთებო. რომელი მეომრების, რომლებიც იუსტიციის სამინისტროში არ გაატარა? იმ გმირებზეა საუბარი, ვისაც მაგან ყველანაირად ჩირქი მოსცხო? ეხლა ახსენდებათ ყველას მეომრები, არჩევნების წინ გულები მოუგონ.

მიშას მოქმედება რას მაგონებს იცით? ჯანსუღ ჩარკვიანი რამდენიმე წლის წინ მოყვა ერთ ამბავს. სამწუხაროდ, მეომრები არ ვართ და საქართველოში მათ ვერ ვხედავო. ზოგი სად შეძვრა და ზოგი სადო. ჩვენ რომ მეომრები ვიყოთ, დღეს აფხაზეთის მიწა უნდა იწოდესო. მეომრები იყვნენ ისინი, ვინც იქ გმირულად დაეცნენო.

ერთი რამ მიხარია, რომ მე ვარ ერთ-ერთი კაცი, რომელიც ჯაბა იოსელიანის მეგობარი ვიყავი, სალარიძის მეგობარი ვარ. გული მწყდება, რომ ჯაბა ცოცხალი არ არის, რადგან მისმა სიკვდილმა ბევრი არაკაცი „გააგულავა“. რაც შეეხება სალარიძეს, იყო ომში, სახელმწიფოსგან გაგზავნილი. ტყვედ რომ ჩაიგდეს, იქაც ღირსეულად იყო. სააკაშვილი და მისნაირები რომ ჩავიდნენ, გამოიქცნენ იქიდან.

სააკაშვილი რომ გამოდის და მეომრებს რომ ლანძღავს... ჩემი შვილი ტირილით მოვიდა და თქვა, მართლა ასეთები ხართო? მიშამ რა იცის აფხაზეთის, რა იცის, ბიჭები რომ იხოცებოდნენ, მაშინ სააკაშვილი ბროდვეიზე სეირნობდა.