NDI–ს და ნაციონალების ინტერესები თანხვედრაშია

NDI–ს და ნაციონალების ინტერესები თანხვედრაშია

ამერიკის ეროვნულ - დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად პოლიტიკური რეიტინგებიც აისახა. აღსანიშნავია, რომ ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ NDI-ს მიერ ჩატარებული კვლევების შედეგების ტენდენცია ასეთია - „ქართული ოცნების“ და მასთან ერთად ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი კლებულობს, ასევე კლებულობს იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც ფიქრობენ, რომ დღეს საქართველოში დემოკრატიაა. ამასთანავე, სულ უფრო მეტ ადამიანს არ მოსწონს საქართველოს ამჟამინდელი ურთიერთობა რუსეთთან, ხოლო გამოკითხულთა უმეტესობისთვის (დაახლოებით 70-75%) მისაღებია საქართველოს ხელისუფლების დეკლარირებული კურსი ნატოსა და ვეროკავშირში ქვეყნის გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რაზე მეტყველებს NDI-ის კვლევებში გამოკვეთილი ეს ტენდენციები და შეესაბამება თუ არა ეს ყველაფერი რეალობას, ამ თემაზე for.ge-ს პოლიტიკური ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე ესაუბრება.

ხათუნა ლაგაზიძე: „მმართველი გუნდის რეიტინგის კლებაში მე განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ, რადგან ნებისმიერი ხელისუფლების ქვეყნის სათავეში მოსვლიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, მის მიმართ გარკვეული იმედგაცრუება იწყება, რადგან, ალბათ, მსოფლიო ისტორიაში ვერ მოიძებნება ხელისუფლება, რომელმაც შეძლო და დანაპირები ბოლომდე შეასრულა. ამასთანავე, ამ კვლევებში ასახული კლება საშუალო სტატისტიკური მონაცემებიდან ამოვარდნილი კლება არ არის, ანუ არ გვაქვს ისეთი სურათი, რომ რაღაც კატასტროფულ ტენდენციაზე მიგვანიშნებდეს.

თუ იმაზე ვისაუბრებთ, რა მიზეზები განაპირობებს რეიტინგის კლებას, აქაც ბევრი მიმართულებაა. სოციალური და ეკონომიკური ფონი არ გაუმჯობესებულა, განსაკუთრებით ეკონომიკური წინსვლის თვალსაზრისით, სულ მცირე, სტაგნაცია შეინიშნება. სოციალური თვალსაზრისით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ რამდენიმე თვეში შეიძლება გარკვეული გამოძახილი ჰპოვოს, მაგრამ ამას თან უნდა ერთვოდეს შესაბამისი ეკონომიკური ზრდა. უკვე რამდენიმე წელია, ფაქტობრივად, სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი გვაქვს და თუ ეკონომიკურმა ზრდამ ბიუჯეტს ხელი არ შეუწყო, არ ვიცი, საბოლოო ჯამში ეს რაში შეიძლება გადაიზარდოს. რა თქმა უნდა, საბიუჯეტო კრიზისზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ არსებული სოციალური და ეკონომიკური ფონი კმაყოფილებას არ იწვევს.

ხელისუფლების რეიტინგის კლების მთავარი მიზეზი კი მაინც სამართლიანობის აღდგენის დეფიციტია. სამართლიანობის აღდგენის განცდა, დღეს, ალბათ, საზოგადოების არც ერთ ფენას არ აქვს და ეს არის კოაბიტაციის გამოძახილი, რადგან ერთი მხრივ, ხელისუფლება, რომელსაც ერთმანეთის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ორი პოლიტიკური ძალა იყოფს, ქართული რეალობისთვის სრულიად უცხო რამ არის და აქედან გამომდინარე, კითხვის ნიშნები თავისთავად იარსებებდა, მაგრამ ამას ისიც ამძაფრებს, რომ ეს ორი პოლიტიკური ძალა ერთმანეთის მიმართ ანტაგონისტურად იყო განწყობილი და რაც მთავარია, საზოგადოება იყო ერთ-ერთი მათგანის, ანუ „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ ძალიან უარყოფითად განწყობილი. აქედან გამომდინარე, თავისთავად, ეს კოაბიტაციის პროცესიც გახდა არათუ საზოგადოების მხარდაჭერის საბაბი, არამედ ხელისუფლებით უკმაყოფილების ერთ-ერთი მიზეზი.

მე არ ვიცი, არის თუ არა ამ მიმართულებით რაიმე გამოკითხვა ჩატარებული, ან NDI-მ თუ დასვა ასეთი კითხვა - რა განაპირობებს მმართველი გუნდის რეიტინგის კლებას. ალბათ, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის სრულიად გაუგებარი კოაბიტაცია იქნება.

რაც შეეხება საპრეზიდენტო კანდიდატების პოლიტიკურ რეიტინგებს, კვლევის თანახმად, გიორგი მარგველაშვილს გამოკითხულთა 29% უჭერს მხარს, ხოლონაციონალური მოძრაობისჯერ არდასახელებულ კანდიდატს - 10%. ნაციონალები კი ამბობენ, რომ ვინაიდან არდასახელებულ კანდიდატს 10%-იანი მხარდაჭერა აქვს, მისი დასახელების შემდეგ, ეს რეიტინგი კიდევ უფრო გაიზრდება. ეთანხმებით ამ პოზიციას?

- ეს უკვე ამ კვლელის საკმაოდ საინტერესო ნაწილია, სადაც გარკვეულ ტენდენციებზე შეგვიძლია ვისაუბროთ. ჩემთვის ბევრი არაფერია გასაკვირი იმაში, რომ მარგველაშვილს დაბალი რეიტინგი აქვს, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ამ ეტაპზე იგი საზოგადოებაში განსაკუთრებული პოპულარობით არ სარგებლობს და ამასთანავე, საარჩევნო კამპანია ფაქტობრივად არ დაწყებულა. გარდა ამისა, დღევანდელი ხელისუფლების მიმართ იმედგაცრუება, ბუნებრივია, მის მიერ წამოყენებულ კანდიდატზეც აისახება. მაგრამ მთავარი აქ არის ის, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ სასიცოცხლოდ აუცილებელი მიზანი არის მეორე ადგილის დაკავება, ნებისმიერ ფასად.

თუკი პაატა ბურჭულაძე წამოაყენებდა კანდიდატურას, ეს იდეალური საშუალება იქნებოდა ნინო ბურჯანაძისთვის ხმების წასართმევად და იმისათვის, რომ ნაციონალების მეორე ადგილზე გასვლის დღეს არარსებული შანსები გაჩენილიყო. მთავარი, რაც ამ კვლევამ გამოკვეთა არის სურვილი, რომ ნინო ბურჯანაძემ მეორე ადგილი ვერ დაიკავოს. მიმაჩნია, რომ ამ სურვილში „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ერთიანები არიან. ამ გადასახედიდან ბურჯანაძეს მეორე ადგილზე კონკურენტი არ ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო კამპანიაში ჯერ აქტიურად არ ჩართულა და შეიძლება სხვა საპრეზიდენტო კანდიდატებიც დასახელდნენ, ამ ეტაპზე, ნინო ბურჯანაძე მეორე ადგილის უკონკურენტო კანდიდატია, რაც მას ქართულ პოლიტიკაში ახალი სუნქთვის საშუალებას მისცემს. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ნაციონალების სასიცოცხლო ინტერესია, ბურჯანაძეს მეორე ადგილი არ დაუთმონ.

რაც შეეხება უშუალოდ ნინო ბურჯანაძის პროცენტს, ისევე, როგორც პირველი ოპქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა მოტივაციას შეადგენდა არა მხოლოდ უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, არამედ ისიც, რომ მას მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებიდან გასტუმრება უნდოდა. „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის გადაწყვეტილება ამ ორმა მოტივმა თანაბრად განაპირობა. ახლაც, როცა ბურჯანაძეზე ვსაუბრობთ, მისი პოტენციური ამომრჩეველი არის არა მხოლოდ ის, ვისაც ბურჯანაძე, როგორც პოლიტიკოსი მოსწონს, არამედ ამ ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი იქნება ის, ვისაც არ მოსწონს საქართველოს პროდასავლური კურსი და ის, ვისაც უფრო ულტრა-მართლმადიდებლური (თუ შეიძლება ეს ტერმინი გამოვიყენოთ) და ულტრა-ნაციონალისტური განწყობები გააჩნია.

მინდა გითხრათ, რომ ეს საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილია, რადგან მართალია, ბოლო თვეებში დაწყებული საინფორმაციო კამპანია ასე პირდაპირ არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ უკავშირდება, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს პროდასავლური იდეის წინააღმდეგ ძალიან კვალიფიციური და მიზანმიმართული საინფორმაციო კამპანია ხორციელდება და ამის პარალელურად შემოდის რუსეთთან ხელახალი დაახლოების თემა. უკვე რაღაც მოდულებიც კი არის შექმნილი, თუ რასთან შეიძლება გაიგივდეს დასავლური კურსი. მაგალითად, სექსუალური უმცირესობები, რაც ყველაზე მტკივნეული თემაა ღრმად ჩამჯდარი ტრადიციული მორალისთვის - ხდება გაიგივება დასავლურ კურსსა და სექსუალურ უმცირესობათა უფლებების პრიორიტეტულად გამოცხადებას შორის.

მეორე მოდული, რომელიც ამ ანტიდასავლური საინფორმაციო პოლიტიკის ნაწილია, არის იმედგაცრუება დასავლეთის პოლიტიკური, ეკონომიკური, თუ სამხედრო გაერთიანებების მიმართ, ანუ ნატოსა და ევროკავშირის მიმართ. ამ საინფორმაციო პოლიტიკას წითელ ხაზად გასდევს ის, რომ ნატოში და ევროკავშირში ძალიან დიდხანს ვერ შევალთ და არის ძალიან შორეული და შესაძლოა, მხოლოდ თეორიული პერსპექტივა. ეს არის ის ორი ძირითადი მოდული, რაც ბოლო თვეებში წარმოებულ საინფორმაციო კამპანიას ახლავს თან.

მიუხედავად ამისა, NDI- ბოლო კვლევის და მის წინ (ანუ მარტში ჩატარებულ კვლევის) თანახმად, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობისთვის მისაღებია ხელისუფლების დეკლარირებული პოლიტიკა დასავლეთთან დაკავშირებით, ანუ სწრაფვა ნატოსა და ევროკავშირისკენ. რით აიხსნება ასეთი შედეგი?

- ერთია, როცა ეს მიზანი მისაღებია, მაგრამ ევროსტრუქტურებში ჩვენი გაწევრიანება რაღაც მითის დონეზე იყო ასული. ახლა ამ მითების მსხვრევა ხდება და სწორედ ეს არის ძალიან მტკივნეული, რადგან იმდენად გაზრდილი იყო ეს მოლოდინი, რომელიც აბსოლუტურად ვირტუალურ საფუძველზე იყო დამყარებული. ბოლო დროს ხშირად გვესმის დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ნატო და ევროკავშირი საქართველოსთვის ძალიან შორეული პერსპექტივაა. მითების მსხვრევა კი ძალიან მტკივნეულია, მით უმეტეს ისეთი საზოგადოებისთვის, როგორიც ჩვენ ვართ. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებლიანი საზოგადოება, არამედ სხვის წყალობაზე ვართ ჩამოკიდებული. ამიტომ, ვინც ეს საინფორმაციო პოლიტიკა დაგეგმა, ძალიან სწორი გათვლა გააკეთა. ერთი რასაც ჩვენ ვეფუძნებით, არის ტრადიციული მორალი, მეორე კი - მითები, რომლებთანაც ძალიან სერიოზული მიჯაჭვულობა გვაქვს.

ამის პარალელურად დასავლური მითის ჩანაცვლება ხდება რუსული მითით, რაც საერთოდ საოცრებაა. მე ვფიქრობ, ამას ძალიან სერიოზული გამოკვლევა სჭირდება ეთნო-ფსიქოლოგების და ფსიქოლოგების მიერ, როგორ მოხდა, რომ საბჭოთა კავშირის ტყვეობიდან თავდახსნიდან სულ რაღაც 20 თუ 23 წლის შემდეგ, საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ სოლიდური ნაწილი ისევ რუსეთისკენ შეტრიალდა? ამას სჭირდება სერიოზული ახსნა, რადგან უახლოესი წლების ტენდენციები კარგად გვაჩვენებს, საით წავა საზოგადოება და ქვეყანა.

ჩვენ რომ ამაზე სათანადო კვლევები გქონდეს, არა მხოლოდ თეორიული და ლოგიკური ფაქტების ანალიზზე დაფუძნებული მსჯელობა გამოგვივიდოდა, არამედ ციფრებით გამყარებული ტენდენცია, თუ რას აირჩევს საზოგადოება.

თავისთავად, ეს გამაოგნებელი რამ არის, რომ რუსეთი კვლავ მორიგი მითი ხდება, რომლისკენაც პასუხისმგებლობას მიუჩვეველი ქართული საზოგადოება გადაიხარა. საზოგადოების ამ ნაწილისთვის, ანუ დასავლეთზე გულაცრუებული მოსახლეობისთვის დღეს ერთადერთი არჩევანი არსებობს - ნინო ბურჯანაძე. დღეს წამოყენებული ვერც ერთი პოლიტიკური ლიდერი ამ ნიშას ვერ აითვისებს და არც შეეცდება ათვისებას.

არის შანსი, რომ კანდიდატების რეგისტრაციისთვის დარჩენილი ერთი თვის ვადაში კიდევ რომელიმე პოლიტიკური ფიგურა შემოაგდონ, რომელიც ასევე შეეცდება ბურჯანაძეს ეს ელექტორატი გაუყოს, მაგრამ თუ ვერ მოახერხეს ასეთი ფიგურის შემოგდება, ბურჯანაძე ამ მასივს ძალიან მარტივად აიღებს ხელში. სხვათაშორის, მას საკმაოდ კვალიფიციური პიარკამპანია აქვს, რადგან ზუსტად იცის, საზოგადოების რა სეგმენტზე უნდა იმუშაოს და მინზობრივ ჯგუფებზე კონკრეტულად მიმართული მესიჯებით მუშაობს.

ამიტომ, ის რეალურად ძლიერი კონკურენტია, კიდევ ვამბობ, თუ არ შემოაგდეს ფიგურა, რომელსაც მისი ელექტორატის გაყოფა შეეძლება. ეს NDI-ისთვის ძალიან სახიფათო ტენდენციაა და მისი ადგილობრივი ოფისის და ნაციონალების ინტერესები თანხვედრაშია და მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეორე ადგილი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა დაიკავოს.

ამ რეიტინგში ასევე ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი, გიორგი თარგამაძეც არის წარმოდგენილი.

- დიახ, ძალიან საინტერესოა გიორგი თარგამაძის გაცოცხლება და მისი საკმაოდ მაღალი პროცენტი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბოლო თვეების განმავლობაში იგი საერთოდ არ ჩანდა, ის პროცენტი, რაც მან ამ კვლელებში მიიღო, საკმაოდ მაღალია. ამიტომ ესეც ძალიან საინტერესოა, გიორგი თარგამაძის სახით ხომ არ ხდება პროდასავლური ლიდერის თუ პოლიტიკური ძალის გაცოცხლება და ამაში NDI-ის ხელშეწყობა.

კიდევ ერთი თემა, რაც ძალიან საინტერესოა და რაზეც ჩემი აზრით, უფრო ღრმა კვლევა უნდა ჩატარდეს, არის საზოგადოების რეალური განწყობა დასავლეთის და რუსეთის მიმართ. რას ეფუძნებოდა დასავლეთის მითი, ანუ რა იყო საზოგადოების ძირითადი მოლოდინი, რას ველოდით ჩვენ ამ სტრუქტურებისგან - უსაფრთხოებას? რუსეთისგან დამოუკიდებლობას? ეკონომიკურ კეთილდღეობიას? სოციალურ სტაბილურობას? ალბათ, უფრო სოციალურ და ეკონომიკურ სტაბილურობას და დანარჩენი ყველაფერი უკვე ამის ქვეშ იყო მოქცეული. ხოლო რადგან ეს ვერ მივიღეთ, უკმაყოფილების ძირითად მიზეზიც, ალბათ, სწორედ ეს არის.

კვლევის თანახმად, საკმაოდ გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც რუსეთთან საქართველოს დღევანდელი ურთიერთობა არ მოსწონს. თქვენი აზრით, ეს რაზე მეტყველებს?

- როდესაც ასეთი კითხვა ისმის, საინტერესოა, რა იგულისხმება ამაში, ანუ რას ითხოვს საზოგადოებისის ნაწილი, რომელიც ამ ურთერთობის გაუმჯობესების მომხრეა. დარწმუნებული ვარ, რუსეთის მიმართაც ძირითადი მოთხოვნა ისე ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობაა. როდესაც რუსეთისგანაც ვერ მიიღებენ ამას, უკვე აღარ ვიცი სხვისი ხელისშემყურე საზოგადოების ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი, ვისკენ წავა და სად დაიწყებს პატრონის ძებნას. ყოველ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, რომ მათ ეს იმედგაცრუებაც ელოდებათ, თუმცა, რამდენად ახლო პერსპექტივაში, ეს ძნელი სათქმელია.

ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საინტერესოა, რისკენ და რაზე არის საზოგადოების ეს ნაწილი რეალურად წამსვლელი. ამიტომ მიმაჩნია, რომ ხელისუფლებას თუ ქვეყნის საგარეო კურსი მართლაც აღელვებს და არა მხოლოდ დეკლარირების დონეზე და თუ ქვეყნის უსაფრთხოებაზე ფიქრობს, აუცილებლად ჩასატარებელია კვლევა - რამდენად ღრმად შეიძლება საქართველოს მოსახლეობა რუსეთთან ურთიერთობაში წავიდეს. რისთვის არის ის, მზად? არის იმისთვის მზად, რისკენაც დღეს ფაქტობრივად მთელი დსთ-ს სივრცე მიდის, ანუ საბაჟო კავშირში დამკვირვებლის სტატუსისთვის, რასაც ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინა და სომხეთი დაეთანხმა? რეალურად, საკითხი ასე რომ დადგეს, ანუ საქართველომ საბაჟო კავშირში დამკვირვებლის სტატუსი რომ მიიღოს, წავა ამაზე ქართული საზოგადოება? და რა მოლოდინები აქვს მას?

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემები, რომლებზეც კვლევები უნდა ტარდებოდეს და არა იმაზე, თუ ვინ გახდება პრეზიდენტი, რადგან ეს ის რეალობაა, რომელსაც ორ-სამ თვეში ისედაც ვიხილავთ. სამწუხაროდ, ასეთი ტიპის კვლევები შეიძლება ტარდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, არ განსაჯაროებულა. რამდენად იკვლევს ამ თემებს იგივე NDI და IRI, ანუ ამერიკული ორგანიზაციები და რამდენად აინტერესებთ მათ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილება, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვფიქრობ, რომ მათ აქვთ ინფორმაცია (რომელიც ზედაპირზე არ ამოაქვთ), რომ საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ სოლიდური ნაწილი დასავლეთით იმედგაცრუებულია და რუსეთისკენ შებრუნდა და სწორედ ამიტომ ამ კვლევებით ეს ორგანიზაციები ცდილობენ, კიდევ ერთხელ, შემოგვთავაზონ ვირტუალური რეალობა. კერძოდ, ის, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში პროდასავლური ძალის წარმომადგენელი გადის მეორე ადგილზე და არა იმ საზოგადოების ლიდერი, რომელიც დასავლეთით იმედგაცრუებულია. გიორგი თარგამაძის, ანუ კიდევ ერთი პროდასავლური ლიდერის გაცოცხლებაც სწორედ ამ თემას ემსახურება, რომ, თითქოს, პროდასავლური ტენდენცია ქართულ საზოგადოებაში ისევ ძლიერია, თუმცა როგორია რეალობა, ზუსტად მე არ ვიცი და ძალიან მაინტერესებს.

კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ტენდენცია, რაც პოლიტიკურ რეიტინგებს არ უკავშირდება, არის ერთი კითხვა, რაც ჩემი აზრით ყველაზე საინტერესოა - სწორი მიმართულებით ვითარდება თუ არა საქართველო და აღმოჩნდა, რომ 8 პროცენტით გაიზარდა იმ ადამიანების ოდენობა, ვინც თვლის, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება. აქაც არ ჩანს, რა იგულისხმება არასწორი მიმართულებით განვითარებაში.

ამ მხრივ, ალბათ, საინტერესოა ქართული საზოგადოების დამოკიდებულება დემოკრატიის მიმართაც. კერძოდ, კვლევის თანახმად, გაზრდილია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ დღეს საქართველოში დემოკრატია არ არის, თუმცა არ ჩანს, მათ ამ მხივ რა პრეტენზია გააჩნიათ.

- ეს ხომ საერთოდ აბსურდია. აქ ორი ვარიანტია, ეს ან ჩვენი საზოგადოების სრულიად გაუნათლებლობაზე მიუთითებს და მათ ელემენტარულად არ ესმით, რა არის დემოკრატია (მაგრამ არ არის საჭირო გესმოდეს, რა არის დემოკრატია, მთავარია გესმოდეს, რა არის თავისუფლება), ან ესეც ძალიან სერიოზული მანიპულაციისთვის მზადებაა. საოცარი ისაა, რომ კითხვარის კვალიფიციურმა შემდგენმა ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ ასეთი ზოგადი კითხვა აბსოლუტურად არაკვალიფიციურია და სპეციალურად მანიპულაციისკენ მიმართული კითხვაა. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, ხელისუფლების რომელი მიმართულებით მუშაობისკენ შეიძლება იყოს საზოგადოება უკმაყოფილო. რა თქმა უნდა, სოციალური და ეკონომიკური კუთხით ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ის, რაც დღეს ხდება, მაგრამ სამაგიეროდ თავისუფლების ინდექსი ყველა მიმართულებით არის მაქსიმალურად უზრუნველყოფილი და ადამიანის ყველა უფლება, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო კონვენციებით არის უზრუნველყოფილი, საქართველოში დღეს დაცულია. ამიტომაც ვამბობ, რომ ეს კითხვა თავის თავში შეიცავს მანიპულაციის ნიშნებს, რადგან პირველი ემოცია, რაც მე გამიჩნდა არის ის, რომ ცხრა წლის განმავლობაში გამაუპატიურებლების რეჟიმში ვცხოვრობდით და დემოკრატიის მიმართულებით მდგომარეობა ახლა უფრო გაუარესებულია?

მეორე, რაც თქვენ ახსენეთ, ეს საერთოდ ცინიზმია, რადგან ის, რომ თურმე, ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატიის ხარისხი შემცირდა, ეს არის ამ კვლევის ავტორების მიერ ქართული საზოგადოების დაცინვა. ეს ზუსტად ის თემაა, სადაც შეუძლებელია დღევანდელი ხელისუფლების მიმართ რაიმე კითხვები არსებობდეს, რადგან სიტყვის თავისუფლება სრულად უზრუნველყოფილია, სასამართლოს დამოუკიდებლობა „ქართული ოცნების“ მხრიდან ასევე უზრუნველყოფილია. თუ სასამართლოს ნაციონალები აკონტროლებენ, ეს სხვა თემაა, მაგრამ ზოგადად, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი დღეს გაცილებით მაღალია, ვიდრე ნაციონალების მმართველობის დროს იყო, რადგან ხელისუფლების აღმასრულებელი (პრეზიდენტის გარდა) და საკანონმდებლო შტოს ზეწოლისგან ის თავისუფალია, რასაც სასამართლოს მიერ ბოლო დროს მიღებული გადაწყვეტილებებიც ადასტურებს.

დემოკრატიის ყველა ელემენტი, რაზეც კი შეიძლება ვისაუბროთ, დღეს შეუდარებლად მაღალია, ვიდრე იყო ნაციონალების მმართველობის დროს.

მაშინ რას ემსახურება კვლევის ფარგლებში გამოკვეთილი ამ ტენდენციის გაჟღერება?

- მე ვფიქრობ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და ამ კვლევის დამკვეთების, შემსრულებლებისა და გამჟღერებლებიდან (მიჭირს კონკრეტული სეგმენტი დავასახელო, რადგან ეს სამი სხვადასხვა ორგანიზაციაა) რომელიღაც სეგმენტი თანხმდებიან შემდეგ ინტერესებში – პირველი არის ის, რომ დააფიქსირონ (ვერ გავა, მაგრამ მაინც) თითქოს, მეორე ადგილზე ნაციონალების საპრეზიდენტო კანდიდატია და ეს პირდაპირ ბმაშია იმასთან, რომ ნაციონალები დასავლეთში უკვე ამზადებენ საზოგადოებრივ აზრს იმასთან დაკავშირებით, რომ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები ყველაზე არადემოკრატიულ არჩევნებად დაასახელონ, რაც კი საქართველოში დღემდე ჩატარებულა. მათთვის ეს ორი მომენტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და მე ძალიან ვწუხვარ, რომ ამ კვლევის გარკვეული ტენდენციები მიანიშნებს იმაზე, რომ ზემოთ ჩემს მიერ დასახელებული სამი ორგანიზაციიდან რომელიღაცის და ნაციონალების ინტერესები ერთმანეთში თანხმდება.

ამ კვლევის ძირითადი მიზანი არის ის, რომ თითქოს, დემოკრატიის ხარისხი საქართველოში კლებულობს და, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე, თითქოს, მეორე ადგილს ნაციონალების კანდიდატი დაიკავებს. არჩევნებამდე კიდევ სავარაუდოდ ორი კვლევა ჩატარდება და ამ კვლევების შედეგებში დემოკრატიულობის ხარისხი იქნება გაუარესებული, ხოლო ნაციონალების საპრეზიდენტო კანდიდატის მეორე ადგილი უფრო გამყარებული იქნება. ეს ყველაფერი მიგვიყვანს იქამდე, რომ როდესაც არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ აქტიურად დაიწყებს არჩევნების გაყალბებაზე საუბარს და მოწმედ სწორედ ამ შედეგებს მოიყვანენ (მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანაო), თითქოს, საზოგადოების განწყობები უკვე რამდენიმე თვით ადრე ჩანდა.

ხელისუფლებისთვის ამ სიტუაციიდან იდეალური გამოსავალი არის ის, რომ თუკი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ ნაწილი არჩევნების შემდეგ დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ არჩევნები გაყალბდა, მათი მეორე ნაწილი გამოვიდეს და თქვას, რომ გაყალბება არ მომხდარა და ეს მხოლოდ მათ მეორე გუნდის მანიპულაციის შედეგია. იდეალური იქნება, თუკი ამას თავად საპრეზიდენტო კანდიდატი აღიარებს. ისე, როგორც თავის დროზე თბილისის მერის არჩევნებში დამარცხება ირაკლი ალასანიამ აღიარა და თქვა, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდა, თუკი ნაციონალების საპრეზიდენტო კანდიდატიც ასე მოიქცევა, ეს ქართული საზოგადოებისთვის და ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან პროდუქტიული და კარგი ნაბიჯი იქნება.

არ ვიცი, რამდენად შეძლებენ ნაციონალები საკუთარ ინტერესებზე მაღლა ქვეყნის ინტერესების დაყენებას, მაგრამ თუკი ისინი ამას შეძლებენ, მათი პოლიტიკური მომავლისთვის ეს საეტაპო ნაბიჯი იქნება.