„მიხეილ სააკაშვილის დაჭერის დღიდან მისი გათავისუფლების სპეცოპერაცია მიმდინარეობს და როგორც ჩანს, ამ პროცესის ნაწილია პრეზიდენტი ზელენსკი“

„მიხეილ სააკაშვილის დაჭერის დღიდან მისი გათავისუფლების სპეცოპერაცია მიმდინარეობს და როგორც ჩანს, ამ პროცესის ნაწილია პრეზიდენტი ზელენსკი“

„ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში მკურნალობას ახლა უკვე უკრაინის ხელისუფლებაც ითხოვს. ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ საქართველოს მთავრობას მოუწოდა, რომ ექს-პრეზიდენტი სამკურნალოდ უკრაინაში ან სხვა ქვეყანაში გააგზავნონ.

„მინდა ახლა მივმართო ყველა ჩვენს მეგობარს და კეთილსინდისიერ ადამიანს საქართველოში. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ალბათ, ახლა ყველა ხედავს. ამიტომ მივმართავ ქართველ ხალხს, საქართველოს ხელისუფლებას - აუცილებელია გულმოწყალება, განსაკუთრებით შობის წინ. რაც ახლა მიხეილის თავს ხდება, სისასტიკეა. ეს საქართველოს არ შეეფერება. ეს უნდა შეწყდეს. გთხოვთ მიიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც გადაარჩენს მის სიცოცხლეს- გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ერთ-ერთ კლინიკაში, ევროპის სხვა ქვეყანაში, ამერიკაში. დროა, გადაიდგას ეს კარგი ნაბიჯი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, განაცხადა, რომ მისთვის რთულია ყურება თუ „როგორ კლავენ სააკაშვილს“.

„შეუძლებელია უყურო როგორ კვდება პირდაპირ ეთერში ადამიანი, რომელსაც იცნობ. შეუძლებელია უყურო როგორ კლავენ საქართველოს ისტორიასა და მის პრეზიდენტს ცივილური სამყაროს წინაშე. უკრაინა მზად არის მიიღოს მიხეილ სააკაშვილი, უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება და სათანადო მკურნალობა. საქართველო, გააკეთე სწორი არჩევანი“, - წერს მიხაილო პოდოლიაკი.

უკრაინის ხელისუფლების წარმოამდგენლების განცხადებებს საქართველოში მიესალმნენ როგორც მიხეილ სააკაშვილის ოჯახის, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.

„ძალიან გამახარა ზელენსკის ასეთმა აქტიურმა ჩარევამ. საკმაოდ კარგად ინფორმირებულია მიშიკოს ჯანმრთელობის შესახებ, ყველაფერი იცის დეტალურად. ეს უკვე ყველამ იცის და ზელენსკიმ მით უმეტეს, უკრაინულმა მხარემ ეს ძალიან კარგად იცის. რაღა არის სპეკულაცია, დევს დასკვნები, ყველა ექიმის. აბა რომელია მაშინ სანდო? უსათუოდ ამათი განცხადებები, ვიღაც ერთეულების, რომლებიც საერთოდ არაფერ კავშირში არ არიან მედიცინასთან, თუ იმ ექიმების?!“, - აღნიშნა ექს-პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ.

„პრეზიდენტ ზელენსკის მიმართვა ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, ეს არის ცივილიზებული სამყაროს ლიდერების სწორება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენისკენ. იმ ქვეყნის პრეზიდენტის განცხადება, რომელიც ჩართულია რუსეთთან ომში, გულისხმობს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან მნიშვნელოვანი ხმა უკრაინისთვის, უკრაინის პრეზიდენტისთვის და უკრაინელებისთვის“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კი ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული სააკაშვილის საქართველოში გამოგზავნის სპეცოპერაციაში, რაც, საბედნიეროდ, ჩავარდა და ზელენსკისაც აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა სააკაშვილის მიმართ:

„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვამბობდით, რომ ვინც მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოიყვანა, სწორედ ის ადამიანები აქტიურობენ მის გასათავისუფლებლად. მათ აქვთ ერთგვარი პასუხისმგებლობა სააკაშვილის წინაშე. მათ ჩამოიყვანეს სააკაშვილი საქართველოში და ამ პასუხისმგებლობას გრძნობენ. ზელენსკის ამ განცხადებამ მხოლოდ დაადასტურა ეს ყველაფერი, რასაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვამბობდით“.

ანალიტიკოსი ლადო ბოჟაძე მიიჩნევს, რომ უკრაინის ხელისუფლების წევრების განცხადებები ნიშნავს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას, ასევე ცდილობენ ზეგავლენის მოხდენას მოსამართლოზე, რათა მიიღოს მათთვის სასურველი გადაწყვეტილება.

„მიხეილ სააკაშვილის დაჭერის დღიდან მისი გათავისუფლების სპეცოპერაცია მიმდინარეობს და ამაში ჩართულია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ მთელი რიგი მექანიზმის მანქანები. როგორც ჩანს, ამ პროცესის ნაწილია პრეზიდენტი ზელენსკი. არადა ცნობილია, რომ 22 დეკემბერს უნდა გაიმართოს სასამართლო პროცესი, სადაც მოსამართლემ უნდა მიიღოს კანონიერი გადაწყვეტილება - თუ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კანონმდებლობიდან გამომდინარე, ითვალისწინებს სასჯელის გადავადებას, გადაუვადოს, ან თუ დიაგოზი ამას არ ითვალისწინებს, მაშინ დარჩება პატიმრობაში. ასევე, მისმა ოჯახმა ნაცვლად იმისა, რომ ექიმები დაექირავებინა, პირიქით, პიარ-ტექნოლოგები დაიქირავეს. როგორც ჩანს, ადეიშვილის გავლენების გარდა, სხვა ძალებიც არიან ჩართულები, რომლებსაც უნდათ, რომ სააკაშვილი მართლმსაჯულებას გაექცეს. ამ პროცესში ასევე ჩართულები არიან „ნაციონალური მოძრაობის“ მეგობრები ევროპარლამენტიდანაც. მათ თავის დროზე ექს-პრეზიდენტს არ დაუშალეს საქართველოში შემოსვლა და ახლა ომში ჩართულ ქვეყანაში სამკურნალოდ გამგზავრება უნდათ. როგორ შეიძლება საქართველოში არ იყოს სათანადო მკურნალობა და ომში ჩართულ უკრაინას კი შეეძლოს, ეს ხომ აბსურდია“, - აღნიშნა ბოჟაძემ.

ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებას მიხეილ სააკაშვილზე, ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ასე აფასებს:

„უკრაინის ხელისუფლება სააკაშვილთან დაკავშირებით გააქტიურდა იმიტომ, რომ მათ უკან ის ბნელი ძალები დგანან, რომლითაც ისინი იმართებიან. კონკრეტულად ამ ძალებს ვერ დავასახელებ, მაგრამ ეს ძალები დგანან გონჩარენკოების, არესტოვიჩების, დანილოვების და ამისთანა მასხარების უკან, ზელენსკის მეთაურობით. რატომ ვლაპარაკობ ამას?- მათ კარგად იცოდნენ, რაც უნდა მომხდარიყო, ანუ უკრაინაში ომი რომ უნდა დაწყებულიყო და ამიტომ, სააკაშვილი საქართველოში შემოაგზავნეს. სააკაშვილი საქართველოში შემოაგზავნეს, მაგრამ ის დაპატიმრებული იქნა. როგორც ჩანს, მათ ექს-პრეზიდენტისთვის პირობა ჰქონდათ მიცემული, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ შენს გვერდით ვართო. ამაში, როგორც ჩანს, დიდი ფული იყო ჩადებული, მაგრამ ეს ფული გააქრეს. ახლა ჩამოვიდა სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია და მათ პასუხს სთხოვს. ანუ, დასკვნა ასეთია - ზელენსკიმ და მისმა ხროვამ სააკაშვილი გაწირეს და მასზე გამოყოფილი ფულები ეტყობა, შეჭამეს“, - აღნიშნა გვენეტაძემ.