უწყებათაშორისი კომისია წულუკიანის ხელში გადადის

უწყებათაშორისი კომისია წულუკიანის ხელში გადადის

მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საარჩევნო კანონმდებლობაში იგეგმება ცვლილებები, რომლის თანახმად, უწყებათაშორისი კომისია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, უშიშროების საბჭოს მართვის სივრციდან გადის და იუსტიციის სამინისტროს ფარგლებში ამოქმედდება. საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები საზოგადოებას „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაქარია ქუცნაშვილმა უკვე გააცნო.

ცნობილია, რომ უწყებათაშორის კომისიას იუსტიციის სამინისტრო უხელმძღვანელებს. მოტივაცია, რისთვისაც ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას იღებს, ცალსახაა, „ეროვნული უშიშროების საბჭოს სხვა ბევრი მნიშვნელოვანი ფუნქცია გააჩნია და არჩევნებში ის არ უნდა ერეოდეს“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

ექსპერტი კახა კახიშვილი თვლის, რომ დღეს უშიშროების საბჭო ზედმეტად პოლიტიზირებულია და, ალბათ, ამიტომაც იყო ასეთი გადაწყვეტილება მიღებული.

„ბოლო პერიოდში იკვეთება კიდეც, რომ უშიშროების საბჭო პოლიტიკური განცხადებებით არის დაკავებული და არა კონკრეტული პრობლემების მოგვარებით. ამავდროულად „ნაცმოძრაობა“ მთელი მსოფლიოს გასაგონად აცხადებს, რომ ოპოზიციაშია. უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე, მდივანი და მთელი ადმინისტრაცია „ნაცმოძრაობის“ წევრებითაა დაკომპლექტებული. როდესაც ასეთ უშიშროების საბჭოს ევალება საარჩევნო პროცესების კოორდინაცია, ალბათ, იმ საშიშროებაზეა საუბარი, რომ არჩევნების შედეგებზე, მთლიანად მიმდინარეობაზე, ხელისუფლებაა პასუხისმგებელი. ასეთ შემთხვევაში კი გაუგებარია, უწყებათაშორისი კომისია რატომ უნდა იყოს „ნაცმოძრაობის“ ხელში“- აცხადებს კახიშვილი.

უწყებათაშორისი კომისიის წევრი და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე თამარ კინწურაშვილი მიიჩნევს, რომ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, უწყებათაშორისი კომისია უშიშროების საბჭოს ფარგლებში იფუნქციონირებს, თუ ის იუსტიციის სამინისტროსთან არსებული ორგანო გახდება, მთავარია უწყებათაშორისმა კომისიამ ეფექტურად იმუშაოს და არსებულ გამოწვევებს უპასუხოს.

როგორც კინწურაშვილი ამბობს, რაკი უწყებათაშორისი კომისიის ინსტიტუციურ მოწყობას კანონი განსაზღვრავს, ეს პარლამენტის გადასაწყვეტია, თუ სად იფუნქციონირებს ის.

„ეს გამოწვევები, პირველ რიგში, ეხება ძალადობრივ გარემოს, რომელიც მიმართულია როგორც ოპოზიციის წარმომადგენლების, ისე უმცირესობების მიმართ, რაზეც არასათანადოდ მიმდინარეობს გამოძიება. ასევე, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებები და პოლიტიკური ლიდერისათვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება, რაც ხელს უშლის სამართლიან და თავისუფალ გარემოში არჩევნების ჩატარებას. ასევე, პრობლემატურია ადმინისტრაციული რესურსისა და კერძო ფულის საარჩევნოდ გამოყენება და პოლიციის ჩართვა საარჩევნო პროცესში, რასაც შუალედური არჩევნების დროს ჰქონდა ადგილი“, - აცხადებს თამარ კინწურაშვილი.

როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ სამართლიან საარჩევნო გარემოზე საუბრობს, უხერხული მოსასმენიც კია, რადგან მათ მიერ ჩატარებული ნებისმიერი არჩევნები ყოველთვის წარმოადგენდა უსამართლობის აპოგეას.

კახა კახიშვილი თვლის, რომ თუ „ნაცმოძრაობის“ გავლენის ქვეშ დარჩება უწყებათაშორისი კომისია, მან შესაძლოა, სერიოზულად შეუშალოს პროცესებს ხელი, პროცესები აურიოს, საბოლოოდ კი ამ ყველაფრისთვის პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება. სწორედ ამიტომ, უკეთესია ასეთი მარეგულირებელი ორგანოები მოქმედ მთავრობას ექვემდებარებოდეს, ამის გარდა ეს ჩვენთვის, მოქალაქეებისთვისაც კარგია, რადგან ყველას ეცოდინება, ვინ რა როლს ასრულებდა ამ არჩევნებზე.

ექსპერტო სოსო ცისკარიშვილი თვლის, რომ უშიშროების საბჭო დიდი ხანია თავის ფუნქციას აღარ ასრულებს და გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენს სახელმწიფოს პერსპექტივისთვის.

„ეს აისახება საარჩევნო პროცესზე, რადგან ყველას მოეხსენება, რომ გასული წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, უშიშროების საბჭო გადაიქცა „საშიშროების საბჭოდ“. თავად ის ფაქტი, რომ  ამ უწყებამ საკუთარი ფუნქციის შესრულებაზე უარი თქვა და პრეზიდენტთან მხოლოდ კულუარაული ურთიერთობებით არის დაკავებული, სხდომების ჩატარებას გაურბის, რადგან მასში  დღევანდელი მთავრობის რამდენიმე წარმომადგენელმაც უნდა მიიღოს მონაწილეობა. შესაბამისად, სამართლიანობის კუთხით თუ შევაფასებთ, ბატონი ბოკერიასი და ქალბატონი წულუკიანის სიმართლესთან დამოკიდებულებას, მე მგონი, კითხვები არ უნდა დარჩეს და იუსტიციის სამინისტრო უკეთესად გაართმევს თავს, რადგან მას სათავეში არ ჰყავს ზურაბ ადეიშვილის მსგავსი ხელმძღვანელი“, - აცხადებს ცისკარიშვილი.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ უწყებათაშორისი კომისიის უშიშროების საბჭოს მართვის სივრციდან გასვლის ინიციატივის ცალსახად დადებითად ან უარყოფითად შეფასება ძნელია.

მისი შეფასებით, ამ საკითხს აქვს თავისი პლუსები და მინუსები. თუმცა არგუმენტი, რომელიც უწყებათაშორისი კომისიის იუსტიციიის საბჭოს ფარგლებში გადასვლასთან დაკავშირებით სახელდება, საია-ს თავმჯდომარეს არადამაჯერებლად ეჩვენება.

„არგუმენტად მითითებულია, რომ უშიშროების საბჭოს სხვა ბევრი მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს და არჩევნებში ის არ უნდა ერეოდეს. ეს შეიძლება იყოს არგუმენტი, მაგრამ თუ შედარებას გავაკეთებთ, იუსტიციის სამინისტროსაც აქვს სხვა ბევრი ფუნქცია და ცხადია, არჩევნებში არც ის უნდა ერეოდეს. ამიტომ, მხოლოდ ეს არგუმენტი არ შეიძლება დამაჯერებლად ჩაითვალოს“, - განაცხადა კოჟორიძემ.

საია-ს თავმჯდომარემ შუალედური არჩევნების პერიოდი გაიხსენა, როდესაც, მისი ინფორმაციით, კომისიის წევრ სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლებს ერთი პოზიცია ჰქონდათ, კომისიის თავმჯდომარეს კი – განსხვავებული.

„ეს, შეიძლება რაღაც გაგებით კარგი იყოს, რაღაც გაგებით – ცუდი და კომისიის მუშაობას ხელი შეეშალოს, თუ თავმჯდომარე და კომისიის წევრები რაღაც პოზიციაზე ვერ შეთანხმდებიან. ამავდროულად, შესაძლებელია, იუსტიციის სამინისტროს თავმჯდომარეობისას კომისიის რეკომენდაცია უფრო მაღალი ალბათობით იყოს გათვალისწინებული სხვადასხვა უწყებების მიერ. ამიტომ, ახლა ამ საკითხზე ცალსახა პოზიცია არ მაქვს – ეს კარგია თუ ცუდი. უბრალოდ, ვისურვებდი, რომ თუ ეს ცვლილება განხორციელდა, იყოს მექანიზმი, რომლითაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ან სხვა უწყების კონკრეტულ წარმომადგენლებს, რომლებსაც განსხვავებული რამის თქმა შეეძლებათ, პროცესში მონაწილეობის საშუალება მიეცეთ და ყველა ერთ აზრზე არ იყოს. ასეთ შემთხვევაში, იარსებებს ალბათობა იმისა, რომ კომისია მიუკერძოებელი იქნება და წინასაარჩევნო პერიოდში ყველა პოლიტიკური ძალის ინტერესებს დაიცავს“, - აღნიშნა კოჟორიძემ.

სოსო ცისკარიშვილი თვლის, რომ საიას ეჭვები შესაძლოა, მეტისმეტი სიფრთხილით არის გამოწვეული.

„გადამეტებული ეჭვიანობა ჯანმრთელობისთვის საზიანოა და თუკი ასეთი ეჭვი არსებობს, დე, მიიწვიონ ბატონი ბოკერია ამ კომისიის წევრად და მან გაახმოვანოს განსხვავებული აზრი და არა გადაწყვეტილებები მიიღოს ამა თუ იმ საკითხზე“ - მიიჩნევს სოსო ცისკარიშვილი.

კახა კახიშვილი თვლის, რომ საკითხის ასე გადაწყვეტას პოლიტიკური დატვირთვაც გააჩნია.

„უწყებათაშორისი კონტროლი ყოველთვის ხელისუფლების ხელში იყო, ამ შემთხვევაში ლოგიკას ვერ ვხედავ, რატომ უნდა მოხვდეს ოპოზიციის ხელში. თუ მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით ეჭვები გაჩნდება, უწყებათაშორის კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლებიც იქნებიან და ეს ამ ეჭვებს თავისთავად მოხსნის“, - მიიჩნევს კახიშვილი.