„მიშა ასეთია: თუ გადაწყვიტა, რომ ავადმყოფია, მისი სხეული ამას შეუსრულებს, ფეხებიც წაერთმევა და ბევრი რამე“

„მიშა ასეთია: თუ გადაწყვიტა, რომ ავადმყოფია, მისი სხეული ამას შეუსრულებს, ფეხებიც წაერთმევა და ბევრი რამე“

ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ სააკაშვილს არასტაბილური ფსიქიკური მდგომარეობა სულ ჰქონდა. მისი თქმით, ახლა, როდესაც ის ხიფათის ქრონიკულ ადგილას ჩასვეს, სულ ქრონიკული უკმაყოფილების განცდა ექნება. ასეთი ნერვიული სისტემის მქონე ადამიანიდან, როგორიც სააკაშვილია, არაა გამორიცხული ისეთი სურათის მიღება, რომელიც ავადმყოფობას წააგავდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის კვდება. როგორც საყვარელიძე ამბობს, სააკაშვილი ახლა ავადმყოფის როლს თამაშობს.

for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ძალიან მძიმე დიაგნოზები აქვს, რაც გათავისუფლების საფუძველს იძლევა. გასაგებია, რა სურათის შექმნასაც ცდილობენ სააკაშვილის გარშემო - ის არის პატიმარი, რომლის მდგომარეობა რეალურად მძიმეა, რაც გამოიწვია ხელისუფლების არაადეკვატურმა მიდგომამ. თუმცა, ეს პატიმარი, როგორც ჩანს, ვაჭრობს საკუთარი ჯანმრთელობით, ვინაიდან ფაქტია, რომ მისთვის პატიმრობა ძალიან მძიმე რეალობაა.

რამაზ საყვარელიძე: ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, სააკაშვილისთვის ეს მძიმე სიტუაცია არის, მაგრამ მეორე მხრივ, ასეთი სცენარი პოლიტიკურად მომგებიანია. ამ დღეებში დიალოგში შესვლა მომიწია ერთ-ერთ ადამიანთან, რომელიც აშკარად ემხრობა იმ სცენარს, რომ მიშას უნდა მიეცეს თავისუფლება. საკმაოდ საინტერესეო ანალიტიკოსია, ეს არ იყო ფანატიკოსის პოზიცია, მაგრამ ამბობს ასეთ რამეს: „სააკაშვილს რომ რამე მოუვიდეს, ამ ხელისუფლებისთვის საშინელება იქნება. ევროპაში მიგვიღებენ კი არა, საერთოდ ჩაგვთვლიან ველურ ქვეყანად“.

ფორმულა გასაგებია, მაგრამ ასე ფიქრობს დღეს დასავლეთი, რომ სააკაშვილის თავისუფლებაზე გადის საქართველოს ევროპული მომავალი?

- ეს ფორმულა რომ შემოატრიალოთ და თუკი ასეთი წაროდგენა არსებობს იგივე ევროპაში, როგორც მიშას მომხრეებში, რომ თუკი მას გაურთულდება მდგომარეობა, ველურ ქვეყანად ჩაგვთვლიან და ევროპული პრესპექტივა გადაიხაზება, ამ იდეის მუსირება თავისთავად უკვე პოლიტიკურ ელფერს შესძენს პროცესს, იმიტომ, რომ თუკი ევროპაში არ მიგვიღეს ე.ი. არ მიგვიღეს მიშას გამო და არა 12 პუნქტის შეუსრულებლობის გამო.

თავისთავად საინტერესოა ისიც, რომ ევროპარლამენტს დიდი ხანია არ უხსენებია 12-პუნქტიანი გეგმა...

- დააკვირდით, ასევე რამდენი ხანია არ უხსენებიათ ვადამდელი არჩევნები, ვინაიდან კონცეფცია, ანუ სისტემა არ აქვთ აწყობილი, ვგულისმობ ნაბიჯების გეგმას - რომელი ნაბიჯის შემდეგ, რომელი გადაიდგას. უცბად, რა იდეა გაჩნდება იმ განწყობილებას მიყვებიან და ქარივით მიჰყავს მთელი ეს ჯგუფი. ხომ გვახსოვს, როგორი მძაფრი დაცვა იყო ვადამდელი არჩევნების აუცილებლობის, თუ არადა ქვეყანა იღუპებაო. ეს იდეა ჩაქრა და ახლა მიშას თემაზე არის იგივე განწყობილება.

შეიძლება ეს ადვილი ახსნაა, რასაც მე ვამბობ, კონცეფცია სისტემური არაა და განწყობილებით ხელმძღვანელბენ, მაგრამ პოლიტიკაში განწყობილება ძალიან დიდი რამეა, რევოლუციები ხდება განწყობილებით. ამ შეთხვევაში, განწყობილება საკამოდ სერიოზული ფაქტორი შეიძლება აღმოჩნდეს პოლიტიკისთვის. ნელ-ნელა უფრო და უფრო მეტი კრიტიკოსი ჩნდება უცხოეთში ამ ხელისუფლების წინააღმდეგ.

რამდენად გავლენიანი არიან ეს კრიტიკოსები?

- ჯერჯერობით არ არიან, მაგრამ რა მოხდა, მაგალითად, ევროპარლამენტში? - მიიღეს კრიტიკული რეზოლუცია, მაგრამ იმდენად კრიტიკული იყო, რომ რეზოლუციის ავტორმა თქვა უარი ხელმოწერაზე. როგორ მოხდა ისე, რომ ავტორს აღარ დაეკითხნენ და ისე განვითარდა პროცესი? აქ უკვე იწყებს მუშაობას რაოდენობის ფაქტორი, ანუ ავტორიტეტები შეიძლება არ არიან, მაგრამ ბევრი ადამიანი რომ ამბობს, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია, უკვე წინააღმდეგობის უნარი სხვებს ნაკლებად აქვთ, მით უმეტეს, რომ ბიძინა ივანიშვილი საერთოდ არ აინტერესებთ, მაგრამ ტალღას აყვებიან. ქუჩაში რომ 10 კაცი გარბის, მათ სირბილის გაყვება 100 და ასე აგორდება გუნდა. ანალოგიური ტიპის მოვლენა არის პოლიტიკაში. წონიანები არ არიან, მაგრამ თუ ბევრი იქნებიან, მათი პოზიცია იქნება უფრო ეფექტური. მათ პოზიციას უფრო მეტი გაიზიარებს.

დღეს, ჩვენ ვხედავთ ორ მიმართულებას - ბრძოლა საქართველოს შიგნით და ბრძოლა ქვეყნის გარეთ უკვე ლობისტების დახმარებით. მთავარი გზავნილია ის, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს სახელმწიფო მიზანმიმართულად კლავს და, რომ სააკაშვილი კვდება. ფორმულამ, რომელზეც აგებულია პიარ-სვლა, რამდენად შესაძლებელია, რომ ხელისუფლება აიძულოს, რომ სააკაშვილი გაყვანილი იქნას ქვეყნის ფარგლებს გარეთ?

- აშკარად იკვეთება ეს ტენდენცია. არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება მოხდეს ის, რასაც ამ სცენარის ავტორები არ გულისხმობდნენ. კერძოდ, არაა გამორიცხული, რომ ქუჩაში გამოვიდეს უკვე ის ხალხი, ვისთვისაც დაუშვებელია ასეთი პოლიტიკური მანევრით მიშას განთავისუფლება - არა იურიდიულით და არა კანონით, არამედ აი, ასეთი სიმულაციით და პოლიტიკური ზეწოლით. ისედაც გაღიზიანებული იყო საზოგადოება წინა გათავისუფლებებზე, რომელსაც პოლიტიკური შედეგი საქართველოსთვის არ მოჰყვა.

ზეწოლა რომ გაიზარდოს ხელისუფლებაზე, არ გამოვრიცხავ, რომ საპასუხო ზეწოლაც გაჩნდეს საპროტესტო აქციების მხრივ და „ნაციონალური მოძრაობა“ მიშას დასაცავად ხალხს თუ ვერ კრიბავდა, აი, მიშას წინააღმდეგ შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანის შეკრება მოხდეს. საზოგადოებაში არის ის განწყობა, რომ თუ საქმე საქმეზე მივა, მერე გვერდზე გადადებენ ხელისუფლებას და დაანახებენ მიშას აქაურ და უცხოელ დამცველებს როგორია ხალხის პოზიცია, მით უმეტეს, რომ ლეგენდაც იქმნება უცხოელებისთვის, რომ აქ მთელი ხალხი იბრძვის მიშას განთავისუფლებისთვის. ეს მთლად ტყუილიც არაა, მათი დიდი ნაწილი, ვინც მიშას მომხრე არაა, დღეს იძახიან, რომ ცოდვაა, გაუშვითო, ან - გადაგვჭამა თავი და გაუშვითო - სხვადასხვა მოტივია, მაგრამ „გაუშვი“ ფიგურირებს. ასე რომ, საზოგადოებაში არის ტენდენცია, დაასრულონ ეს პროცესი ისე, როგორც არის ჩაფიქრებული სააკაშვილისა და მისი ლობისტების მიერ.

კადრები, რომელიც ვნახეთ, ეს ასახავს სააკაშვილის რეალურ მდგომარეობას? როგორც ფსიქოლოგს შეგიძლიათ თქვათ, რომ აქ არის ფსიქიატრიული პრობლემები? ამ კითხვას ვსვამ იმიტომ, რომ დასავლეთიდან მოწვეული თითქმის ყველა ექიმი ფსიქიატრი იყო და მსჯავრდებულ სააკაშვილს მხოლოდ ლაბორატორიული ფიქიატრიული კვლევა ჩაუტარდა...

- მე, ფსიქოლოგი ვარ და ჩემი პროფესია მკარნახობს, რომ ადამიანი ფსიქიკიდან გამომდინარე შეიძლება ძალიან მძიმე ავადმყოფი იყოს. ის, რომ საწყისი მიზეზი ფსიქიკაშია, ეს შედეგს უფრო მსუბუქს არ ხდის. ადამიანი შეიძლება მოკვდეს, ამას ფსიქოგენური სიკვდილი ჰქვია. იმედი მაქვს, რომ სააკაშვილთან ასეთი სერიოზული ფსიქოლოგიური მექანიზმები არ ამუშავდება. თორემ ნებისმიერმა რამემ შეიძლება გაართულოს მარტო ფსიქიკა.

რაც შეეხება იმას, აქვს თუ არა ახლა ეს მდგომარება სააკაშვილს? - სააკაშვილის სულ ჰქონდა ასეთი არასტაბილური ფსიქიკური მდგომარეობა. თუ გახსოვთ უცხოელი პოლიტიკოსებიც იძახდნენ, რომ სააკაშვილი არასტაბილური ფსიქიკის ადამიანი არისო. მათთვის არასტაბილური ფსიქიკა თითქოს უბრალოდ ხასიათის აღმნიშვნელია, მაგრამ ჩვენ რაც ვნახეთ - მანქანის ქვეშ შევარდნა, ჰალსტუხის ჭამა და ა.შ. ეს ნორმალური გამოვლინებების ფარგლებს სცილდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ პიკშია მისი ემოციური მდგომარეობა, შეიძლება არც იცოდეს, თავის თავს ვერ აკონტროლებდეს და ისეთი რამეები ქნას, რაზედაც მისი პიროვნება არც იყოს თანახმა. მაგრამ, მეორე მხრივ, შეიძლება ისტერიული ხასიათი რადგან აქვს, ნებისმიერი როლი, რომელსაც ის აიღებს, შეიძლება გაატაროს ბოლომდე.

როგორ ფიქრობთ, ახლა რა როლს თამაშობს სააკაშვილი?

- ახლა მას აღებული აქვს ავადმყოფის როლი და ითამაშებს ამ როლს. პატარა ბავშვებს ახასიათებთ - იტყვიან, რომ სკოლაში არ უნდათ წასვლა და მოტივად ამბობენ, რომ ავად არიან. მერე მართლა აუწევთ სიცხე, მერე უკვე დაუწევთ. ანუ, მათი სხეული მათივე სიტყვას ემორჩილება. მიშაც ზუსტად ასეთია, მან თუ გადაწყვიტა, რომ ავადმყოფია, მისი სხეული ამას შეუსრულებს, ფეხებიც წაერთმევა და ბევრი რამე.

კადრებში ჩანს, რომ ვერ დადის და საყრდენს იშველიებს...

- მე ვერ ვიტყოდი, რომ საყრდენით ისე დადის, თითქოს ფეხები აქვს წართმეული, არა, სრულაც არ აქვს წართმეული. სეირნობ-სეირნობით მიაქვს ეს საყრდენი, მაგრამ დროთა განმავლობაში, ამდენ თამაშ-თამაშში შეიძლება სერიოზული სურათი შექმნას.