„ვაგნერის ჯგუფი კავკასიის რეგიონშიც გამოჩნდა, მაგრამ არ ზუსტდება სად“

„ვაგნერის ჯგუფი კავკასიის რეგიონშიც გამოჩნდა, მაგრამ არ ზუსტდება სად“

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი აცხადებს, რომ სამშვიდობო პროცესმა უკრაინა ნატო-ს უნდა დაუკავშიროს, თუმცა აქვე დასძინა, რომ რუსეთის დაშლაზე ოცნებებმა შეიძლება ბირთვული ქაოსი გამოიწვიოს. კონფლიქტების ისტორიას თუ გადავხედავთ, უმეტესობა მოლაპარაკებებით სრულდება, მაგრამ ამას რუსების მხრიდან სერიოზულობა სჭირდება, რაც ამ ეტაზე არ ჩანს.

ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს უფროსი უილიამ ბერნსი მიიჩნევს, რომ უკრაინასთან ომის მომენტში, რუსეთი რეალური მოლაპარაკებისთვის განწყობილი არ არის. ამავდროულად, დაზვერვის ხელმძღვანელის აზრით, მცდარია რუსეთის პრეზიდენტის რწმენა, რომ ის ომის გაგრძელებას კიდევ დიდხანს შეძლებს და ხელს არაფერი შეუშლის.

„ვფიქრობ, ის ცდება ამ ფსონის დადებაში ისევე, როგორც ცდებოდა, ღრმად ცდებოდა ფსონის დადებაში 24 თებერვალს, როდესაც მან ეს ომი დაიწყო. რუსი სამხედროები ახლა „ძლიერ არიან ნაცემი“, უკრაინელი სამხედროები კი, მოტივირებულები არიან, განაგრძონ ზეწოლა და განავითარონ წარმატებები ბრძოლის ველზე, თუმცა უკრაინელებსაც სჭირდებათ დრო ხელახალი აღჭურვისა და მომარაგებისთვის“, - აღნიშნა უილიამ ბერნსმა.

მსოფლიო ლიდერები თვლიან, რომ რუსეთ-უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკება მალე უნდა გაიმართოს, რათა დამანგრეველი მესამე მსოფლიო ომის რისკი შემცირდეს. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ რუსეთის ფედერაციასთან შეთანხმებას ვერ მიაღწევენ და ომი მხოლოდ მისი დამარცხებით უნდა დასრულდეს. მისი თქმით, ამ მიზნით საჭიროა უკრაინისთვის არტილერიის, ჯავშანტექნიკის, დრონების და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდება.

ნატოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ პუტინი მზადაა გრძელვადიანი ომისთვის და ახალი იერიშებისთვის. როგორც იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რუსეთი გაჭიანურებული ომისთვის ემზადება, ხოლო ნატო-ს ქვეყნებმა უნდა გააგრძელონ კიევის მხარდაჭერმა და იარაღის მიწოდება, სანამ მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი არ მიხვდება, რომ ბრძოლის ველზე გამარჯვება არ შეუძლია.

„არანაირი ნიშანი არ არსებობს იმისა, რომ პუტინმა უარი თქვა თავის საერთო მიზანზე - უკრაინის კონტროლზე. სათანადოდ უნდა შევაფასოთ რუსეთი. რუსეთი გრძელვადიან ომს გეგმავს. ვხედავთ, რომ მეტი ძალების მობილიზებას ახდენენ, მზად არიან დიდი დანაკარგებისთვის, უფრო მეტ იარაღსა და საბრძოლო მასალაზე წვდომის მოპოვებას ცდილობენ. უნდა გვესმოდეს, რომ პრეზიდენტი პუტინი მზადაა გრძელვადიანი ომისთვის და ახალი საიერიშო ოპერაციებისთვის. დიდი ალბათობით, ეს ომი, როგორც ომების უმეტესობა, მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება, მაგრამ ნებისმიერმა გადაწყვეტილებამ უნდა უზრუნველყოს უკრაინის, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს გამარჯვება“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის Patriot-ის სისტემების მიწოდების შესახებ დისკუსია მიმდინარეობს, ნატო-ს მოკავშირეები დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ მათ საკმარისი საბრძოლო მასალა და სათადარიგო ნაწილი აქვთ, რათა უკვე მიწოდებულმა შეიარაღებამ იმუშაოს.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო შესაძლებლობების გაზრდა მაღალი გადაუდებლობის რეჟიმში ხორციელდება. ანალიტიკოსების შეფასებით, ზამთარი იქნება ძალიან დინამიური დრო, მაგრამ არა დასვენებისა და გადაწყობის დროზე, უკრაინელები არ შეჩერდებიან და, რა თქმა უნდა, რუსებიც შეეცდებიან წინ წაწევას.

რუსები, რომ მასიური შეტევისთვის ემზადებიან ამის შესახებ საუბარობს უკრაინის თავდაცვის მინისტრი. ოლექსი რეზნიკოვის ინფორმაციით, რუსები იერიშის შემდეგი ტალღის დაწყებას, სავარაუდოდ, თებერვალში გეგმავენ. მისი თქმით, წვევამდელები მინიმუმ სამი თვე ემზადებიან, რაც ნიშნავს, რომ ისინი იერიშის შემდეგი ტალღის დაწყებას აპირებენ.

„მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას ახლა წარმატებით შეუძლია ინფრასტრუქტურის საკვანძო ობიექტების წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის სარაკეტო თავდასხმებისგან თავის დაცვა, ჩნდება იმის მტკიცებულებები, რომ კრემლი ახალ ფართო იერიშს გეგმავს. 300 ათასი ეს არის მობილიზაციის რიცხვი, მათი ნახევარი მინიმალური წვრთნის შემდეგ მოსკოვის მიერ ბრძოლის ველზე განცდილი წარუმატებლობების შედეგად ძალების გასამყარებლად გამოიყენება, ხოლო მეორე ნახევარი კი უფრო საფუძვლიან წვრთნას გადის სამომავლო საიერიშო მოქმედებებისთვის. ნაწილობრივი მობილიზაციის შემდეგ რუსეთი აგრძელებს საკუთარი მოქალაქეები მობილიზაციას“, - აცხადებს ოლექსი რეზნიკოვი.

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ფიქრობს, რომ მაღალი ალბათობით, რუსები თებერვალში ახალი შეტევისთვის ემზადებიან და ამას ადასტურებს ისიც, რომ რუსები, ფაქტობრივად, ცდილობენ გაარღვიონ უკრაინის მანარგეიმის ხაზი. იმ შემთხვევაში, თუ ეს ხაზი გაარღვიეს, მაისიას ვარაუდით, ეს საკამოდ გაართულებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გეოსტრატეგულ მდგომარეობას და აქედან გამომდინარე, რუსებმა შეიძლება განახორციელონ ახალი სტრატეგიული შეტევების განვითრება უკრაინის მიმართულებით.

„იმედია, რომ უკრაინელები არ დათმობენ მანარგეიმის ხაზს და რუსები ვერ გაარღვევენ მას. სამობილიზაციო ნაწილის 200 ათასინი ძალა, ეს საკმაოდ სერიოზულია. ამით რუსებს შეუძლიათ ამოავსონ ის ღრმულები, რომელიც მათ ჰქონდათ თავდაცვაში და გააძლიერონ დანაკარგი. გარდა ამისა, რამდენადაც ვიცი, ვაგნერის ჯგუფმა ციხეებიდან დამატებით კიდევ დაიქირავა 23 ათასი მსჯავრდებული და მიდის ეს პროცესი.

ბუნებრივია, ესეც თამაშობს დიდი როლს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოტენციალიც ასევე ილევა, მათი რესურსებიც არაა უკიდეგანო. ბახმუტის, ანუ უკრაინის მანერგეიმის ხაზზე, ძირითადად, უკრაინის ყველაზე ბრძოლისუნარიანი შენაერთები არიან თავმოყრილი. რუსები მათ სერიოზულად უტევენ და ახორციელებენ მათთზე სერიოზულ შეტევით ოპერაციას“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.

როგორც სამხედრო ანალიტიკოსი აცხადებს, რუსეთი იყენებს გამოფიტვის სამხედრო სტრატეგიას - ახორციელებენ უკრაინის კრიტიკული და სტრატეგიული ობიექტების განადგურებას, რომლებიც, ბუნებრივია, გავლენას ახდენენ ომის მსვლელობაზე.

„ეს ყველაფერი ერთ ფაქტორად უნდა განვიხილოთ და, როგორც ჩანს, სიტუაცია ამ ზამთარში საკამოდ რთული იქნება უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის და უკრაინისთვის. მყარდება ეჭვი, რომ პუტინი მზად არის გრძელვადიანი ომისთვის და პრინციპში, ეს გაცხადებული აქვს. შესაბამისად, როგორც ჩანს, ამაზე კეთდება ძირითადად გათვლები და ამაზე ილაპარაკა პუტინმა უშიშროების ბოლო სხდომაზე. რაც შეეხება იმ 23 ათას პატიმარს, მათთზე მიდის მუშაობა, რომელსაც ისინი გამოიყენებენ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში.

ვაგნერის ჯგუფი ეს არის კერძო სამხედრო კორპორაციის მიერ დაქირავებული სამხედრო შენაერთი, ანუ დაქირავებული მებრძოლები, რომლებიც ომობენ როგორც კერძო სამხედრო კომპანიის წარმომადგენლები. დღეს მისი სამხედრო პოტენციალი მოიცავს 30-დან 50 ათას ადამიანს. ბოლო ინფორმაციით, ვაგნერის ჯგუფი გამოჩნდა კავკასიის რეგიონშიც, მაგრამ არ ზუსტდება კერძოდ სად“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაიამ.