„აღმოჩნდა, სააკაშვილი კლინიკის სამზარეულოდან არ იკვებება, ამიტომ ის საკვები უნდა შემოწმდეს, რომელიც სააკაშვილთან მის გარემოცვას შეაქვს“

„აღმოჩნდა, სააკაშვილი კლინიკის სამზარეულოდან არ იკვებება, ამიტომ ის საკვები უნდა შემოწმდეს, რომელიც სააკაშვილთან მის გარემოცვას შეაქვს“

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ კადრებში კარგად გამოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილს ჯამრთელობის სერიოზული პრობლემები სხვა მიმართულებით აქვს, რასაც მისი გარემოცვა მალავს. აბაშიძე ამბობს, რომ სასამართლოზე არჩართვის გადაწყვეტილება სწორი იყო, რადგანაც სააკაშვილი და მისი გარემოცვა ცუდად გახდომის ინსცენირებას აპირებდნენ, რის შედეგადაც ქვეყანაში არეულობის დაწყება უნდოდათ. ეს გეგმა კი იუსტიციის სამინისტრომ წყალში ჩაუყარა. რაც შეეხება სააკაშვილის მოწამვლის ფაქტს, აბაშიძე ეჭვებს მისი გარემოცვის მისამართით გამოხატავს და ხელისუფლებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

როგორ ფიქრობთ, რატომ მიიღო იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის ვიდეო კადრების გასაჯაროვების გადაწყვეტილება და რისი ჩვენება უნდოდა ამით?

- იუსტიციის სამინისტრომ ამ კადრების გასაჯაროვებით დაიცვა, როგორც საკუთარი პრესტიჟი, ასევე უწინარესად საქართველოს სახელმწიფოს პრესტიჟი. ამ ვიდეო კადრებში ჩანს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა ფსიქიკურად ცუდად არის და მას სპეციალისტების დახმარება სჭირდება. მითები იმის შესახებ, რომ ის მომაკვდავია და აწამებენ, ამ კადრებით სრულიდ დაინგრა. ამის გამო არის მისი რადიკალური პარტია გამწარებული დაიუსტიციის მინისტრს უსინდისოდ თავს ესხმიან, ხოლო პენიტენციურ სამსახურს იმაში ადანაშაულებენ, რაც რელობას არ შეესაბამება. მათ მორიგ ბოროტულ გზავნილებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. როგორც ქვეყნის, ასევე მის გარეთ, ყველამ კარგად დაინახა რეალურად სააკაშვილი რა მდგომარეობაშია,

როდესაც ხელისუფლებაში აღარ არის, საქართველოზე ვეღარ ძალადობს და მის ნაცვლად, ძალადობას კლინიკის მედპერსონალზე განაგრძობს. შეკითხვა მაქვს თუნდაც „ვივამედის“ მენეჯმენტთან, დაზიანებულ აპარატურაზე და ფიზიკურად შეურაცხყოფილ თანამშრომლებზე სასამართლოში სარჩელი რატომ არ შეაქვთ? ამას გააკეთებდნენ ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში. ასევე, ასეთ ჭირვეულ და ურჩ პატიმარს საკადრისი პასუხი გაეცემოდა. თუმცა ვხედავთ ბავშვივით ჭირვეულ, ფსიქოპატიურ მდგომარეობში მყოფ სააკაშვილისადმი როგორი ლმობიერი დამოკიდებულება აქვთ.

შესაძლოა, სასამართლოზე სააკაშვილის ონლაინ ჩართვა სამინისტრომ იმიტომ გადაიფიქრა, რომ მას სწორედ მსგავსი სიმულაციური ქცევით პროვოკაციის მოწყობა სურდა, პირდაპირ ეთერში ცუდად გახდომის ინსცენირებას აპირებდა, ხოლო იუსტიციის სამინისტრომ იცოდა და ამის საშუალება არ მისცა?

- დიახ, ზუსტად ასე ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი გარემოცვა სასამართლოზე კონკრეტული სცენის გათამაშებას აპირებდნენ. ძალიან გონივრული იყო სამინისტროს გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ამ სიმულანტ სააკაშვილს, თავის გარემოცვასთან ერთად, ყველაფერზე წასვლა შეუძლია. არ არის გამორიცხული, სააკაშვილს სასამართლოზე მორიგი სპექტაკლის დადგმა უნდოდა. მოიგონებდა ვითომ გული წაუვიდოდა ან ვითომ გარდაიცვლებოდა, რაზეც ნაცსექტანტებისგან და რაც მთავარია, მათი უცხოელი ლობისტებისგან მორიგი გნიასი ატყდებოდა. ეს არ მოხდება, საქართველოს ხელისუფლება მათ არ მისცემს საშუალებას, რომ საქართველოში სააკაშვილის სიმულანტობით მორიგი რევოლუცია დაგეგმონ.

შესაძლოა ითქვას, რომ მიხეილ სააკაშვილის მძიმე ფსიქიკურ მდგომარეობას მისი გარემოცვა მალავს? გვახსოვს, ერთი პერიოდი ისინი ამაზე ხმამაღლა საუბრობდნენ, თუმცა მოგვიანებით ამაზე საუბარი შეწყდა და ახალი კამპანია მის მოწამვლასა და სხვა დაავადებების გაჩენაზე კეთდება.

- სააკაშვილის ღალატის პარტიას სურდა, რომ პოლიტიკური ტემპერატურა ჯერ კიდევ 2021 წლის შემოდგომაზე აეწია. ამიტომაც ის მისმა ახლო გარემოცვის წევრებმა ქვეყანაში შემოიტყუეს. ამას მისი ოჯახი აღარც მალავს. თუმცა, იმის მაგივრად, რომ აქ სააკაშვილის გამო მასობრივი პროტესტი დაწყებულიყო და სოლიდარობა გამოეხატათ, პირიქით მოხდა. სააკაშვილის და მისი რადიკალური პარტიის რეიტინგი უფრო დაეცა. მათ ეს ვერ გათვალეს, იმიტომ რომ სააკაშვილს ატყუებდნენ. ქართველი ხალხი პოლიტიკურად უკვე ძალიან გაიზარდა. ქართველების მოტყუება ასე ადვილი აღარ არის. იმდენი უბედურება გადაიტანა ქვეყანამ, რევოლუციურ სცენარებს ხალხი აღარ დაუშვებს. აი, აქ შეცდა სააკაშვილი და მისი რევანშისტი გარემოცვა, რომელსაც ეს ფსიქიკურად დაავადებული ადამიანი, უბრალოდ, საკუთარი მიზნებისთვის სჭირდება. მათი შემდგომი მცდელობა, რომ სააკაშვილი ხან მომაკვდავად და ხან ნაწამებად წარმოაჩინონ, მუდმივ ფიასკოს განიცდის. ამ ადამიანს აქვს არაჯანსაღი და აგრესიული ქცევები, ამიტომ ამ კაცს დროულად სხვა პროფილის სპეციალისტები სჭირდება - ვგულისხმობ ფსიქიატრებს, რაც მის გარემოცვას არ უნდა. ამით ისინი პოლიტიკურ კოზირს კარგავენ და ეს არ უნდათ.

„ემპათიის“ დასკვნა უბრალოდ სნეულებების ჩამონათვალია, თუმცა პატიმარ სააკაშვილს რა ჭირს, იქ არ წერია. თან იმ დასკვნაში გასაიდუმლოებულია 10 სიმპტომი, რაც მას სჭირს და, რაც აშკარად სააკაშვილის შეურაცხადობასთან არის დაკავშირებული, რომელსაც მალავენ.

სააკაშვილის სავარაუდო მოწამვლასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, ჩვენ ვიხილეთ სააკაშვილის ბიძის თემურ ალასანიას ინტერვიუ, რომელიც ძალიან ორაზროვნად საუბრობს, ვიღაცებს აფრთხილებს და ამბობს, რომ სააკაშვილს მისმა გარემოცვამ უღალატა. გამორიცხულია, რომ მას მისივე გარემოცვიდან წამლავდნენ? ამაზე ხელისუფლება რატომ არ ამახვილებს ყურადღებას?

- დიახ, ოჯახის წევრები უკვე აშკარად არ მალავენ, რომ სააკაშვილის მოწამვლა მის გარემოცვას სურს. ღმერთმა ჯამრთელად ამყოფოს და მრავალი წელი იცოცხლოს. როგორ შეიძლება ადამიანის გარდაცვალება ინატრო, თუმცა მისი გარაცვალება რადიკალებისთვის საუკეთესო საშუალება იქნება იმისთვის, რომ ქვეყანაში რევოლუციური სცენარი მოაწყონ, რუსთაველზე ბარიკადები აღმართონ და ქვეყანა დაპირისპირების პოლიგონად აქციონ. გუშინ ძალიან მენიშნა კლინკა „ვივამედის“ გენერალი დირექტორის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ სააკაშვილი კლინიკის სამზარეულოდან არ იკვებება. ის მხოლოდ გარედან, მისი თანაგუნდელების მიერ შემოტანილ საკვებს ჭამს. აი, ზუსტად აქ არის ხელისუფლების დიდი პასუხისმგებლობა, რადგან ის საკვები უნდა შემოწმდეს, რომელიც სააკაშვილთან მის გარემოცვას შეაქვს. არა ოჯახს, არამედ მის გარემოცვას. „ნაცმოძრაობაში“ იმედნად ვერაგი ადამიანები არიან და ისე არიან მსგავს რაღაცებში გაწაფული, არავინ არაფერი გამორიცხოს. ისინი სააკაშვილის სიცოცხლით სპეკულირებას არ მოეშვებიან, რათა ხელისუფლებაში ნანატრ დაბრუნებას მიაღწიონ. ვფიქრობ, იუსტიციის სამინისტრო, სხვა სტრუქტურებთან ერთად, მოწოდების სიმაღლეზე იქნება. ნებისმიერ პროვოკაციას აღკვეთს, რომელიც სააკაშვილის გერემოცვისგან იქნება წამოსული.

ქვეყნის გარეთ დაწყებულ კამპანიაზეც მინდა გკითხოთ. უკვე საეჭვო ხდება ზოგიერთი ევროპარლამენტარის აქტიურობა სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რომლებმაც რეზოლუციასაც მხარი დაუჭირეს. აქამდე ეს ადამიანები ასე არ აქტიურობნენ. ახლა კი ყველაფერი ერთმანეთს ჯაჭვურად ებმება. რატომ არის დასავლეთში კონკრეტული ჯგუფისგან ასეთ ინტერესი და რაში სჭირდებათ სააკაშვილი?

- დასავლეთში მყოფ ზოგიერთ პოლიტიკურ აქტორებს სურთ, რომ საქართველო რუსეთთან ომში ჩაითრიონ. ერთ-ერთი კოზირი მეორე ფრონტის გახსნაა და მეორე კოზირად სააკაშვილი ჰყავთ. ეს ადამიანი საქართველოში კონკრეტული მიზნებისთვის არის შემოყვანილი. ამ ძალებმა საქართველოს რადიკალურ ოპოზიციურ სიბრტყეში ვერ ნახეს მათთვის სასურველი ლიდერი, ამიტომ არჩევანი ისევ სააკაშვილზე შეაჩერეს. არ დაგვავიწყდეს, ეს ყველაფერი იმ ფონზე ხდება, როცა დასავლური პრესა აჭრელებულია სტატიებით, რომ ევროპარლამენტში კორუფცია ყვავის. ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი დაიჭირეს. აქედან გამომდინარე, არა მხოლოდ ქართული მედია, უმეტესად ევროპული მედია ლაპარაკობს, რომ ევროპარლამენტი კორუფციის ჭაობშია. აი, ეს ხალხი მოუწოდებს და ემუქრება საქართველოს, რომ სტატუსს არ მოგცემთო. დამნაშავე სააკაშვილი გაათავისუფლეთ და ქართველი ხალხის წინაშე ჩადენილი ყველა დანაშაული აპატიეთო.