„მთელი სახელმწიფო ჩააყენეს ცილისწამების მდგომარეობაში და ბრალდებულს, ამ შემთხვევაში, სახელმწიფოს, თავის დაცვის ერთადერთი მექანიზმი ჰქონდა - სიმართლის ჩვენება“

„მთელი სახელმწიფო ჩააყენეს ცილისწამების მდგომარეობაში და ბრალდებულს, ამ შემთხვევაში, სახელმწიფოს, თავის დაცვის ერთადერთი მექანიზმი ჰქონდა - სიმართლის ჩვენება“

სპეციალური პენიტენციური დაწესებულების მიერ გავრცელებულ კადრებს, სააკაშვილის თანაგუნდელები იუსტიციის მინისტრის მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულად აფასებენ და მის პასუხისმგებლობის დაყენებას გეგმავენ. „ნაცმოძრაობაში“ ფიქრობენ, რომ ხელისუფლებამ ამ კადრების გავრცელებით საკუთარ მომხრეებშიც კი პოლიტიკური ხარაკირი გაიკეთა. არის თუ არა დანაშაული სააკაშვილის კადრების გავრცელება მასთან შეუთანხმებლად, რამდენად სანდოა „ემპათიის“ დასკვნა და ვისი ინტერესით გაჟღერდა სააკაშვილთან მიმართებაში მოწამვლის ბრალდება? - ამ საკითხების ირგვლივ For.ge გთავაზობთ ინტერვიუს უფლებადამცველ, ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილთან.

რამდენად დაირღვა კლინიკაში მყოფ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის უფლებები, სპეციალური პენიტენციური დაწესებულების მხრიდან მისი კადრების გავრცელებით?

- პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ჩვენ თვეების განმავლობაში და შეიძლება ითქვას, წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში გვეუბნებოდნენ, რომ მიშას კლავენ, მიშა არაადამიანურ პირობებში იმყოფება, მიშას აწამებენ და ა.შ. როდესაც სააკაშვილი ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს, კადრები გავრცელდა და მაშინ დიდი ხმაური ატყდა. ამბობდნენ, მიშა აწამეს, არაადამიანურად მოექცნენ და ფაქტობრივად, პენიტენციური დაწესებულება თავის მართლების პირობებში ჩააყენეს. როცა ადამიანი თავის მართლებას იწყებს, ბუნებრივია, ის ცდილობს, ასე იქცევა უწყებაც, მის ხელთ არსებული ყველა ლეგიტიმური საშუალება გამოიყენოს, თუ ამის საშუალება აქვს. მაგალითად, როდესაც ბრალდებულს ბრალს უყენებენ, ადვოკატის პოზიციიდან ვსაუბრობ, ის ყოველთვის ცდილობს, რომ მოსამართლე დაარწმუნოს (ამ შემთხვევაში, მოსამართლე არის ხალხი), რომ მას ტყუილად აბრალებენ. რისი საშუალებაც აქვს, მით უმეტეს, თუ ის მართალია, აქვეყნებს ან მოწმედ იწვევს ვიღაცას, ან დოკუმენტს აქვეყნებს, რომ ეს ასე არ ყოფილა. როდესაც პოლიცა ვიღაცას ნარკოტიკს ჩაუდებს და მაქვს ექსპერტიზის დასკვნა, რომ ნარკოტიკის ცელოფანზე, რაშიც იყო გახვეული, არც თითის ანაბეჭდებია, არც დნმ და ამ ადამიანს, საერთოდ, შეხება არ ჰქონია და მაქვს კადრი, რომ მე იმ დროს, როცა მაბრალებენ ნარკოტიკი გქონდაო, ვიმყოფებოდი სრულიად სხვა ადგილას და ამის კადრიც არსებობს, შემდეგ მეუბნებიან - ეს არ უნდა გამოიყენო, ანუ არ დაამტკიცო შენი სიმართლე, დაახლოებით ამ სიტუაციაში აღმოჩნდა პენიტენციური დაწესებულება. ამიტომ, რა კადრებიც ჰქონდა უწყებას, გამოაქვეყნა. როდესაც სააკაშვილი არ შედიოდა იმ დაწესებულებაში, სადაც გადაყავდათ, ამდენი თხოვნა-მოთხოვნის შემდეგ, ოთხმა კაცმა ხელი მოკიდა კიდურებში, აიტატეს და სავადმყოფოს პალატაში შეიყვანეს. ვნახეთ, პალატაში შესულმა, როგორი აგრესია გამოავლინა. ამით დაიცვა თავი პენიტენციურმა დაწესებულებამ -აი, ნახეთ, ეს არის თუ არა წამება. ხოლო ის ხალხი, ვისაც სჯეროდა, რომ მართლა აწამეს, ცემეს და შეურაცხყოფა მიაყენეს, ამას აღარ ამბობდა. იძახდნენ, ოთხმა კაცმა ხელი მოკიდა, ასწია და პალატაში შეიყვანაო. პირველ შემთხვევაზე ამდენი იმიტომ ვილაპარაკე, რომ ამ შემთხვევაშიც, ანალოგიურადაა. ხან მისი გამხდარი სხეული აჩვენეს „ფორმულაზე“ და დაკაწრული ხელები, რომელზეც თქვეს - აი, წამების კვალი, ამ შემთხვევაშიც ჩააყენეს თავის მართლების პოზიციაში და აჩვენეს - კი არ ვაწამებთ, აპარტამენტებში გვყავს და მის კაპრიზებს ვასრულებთო. რა თქმა უნდა, ესთეტიურად არც ლამაზია და არც მიღებული, რომ პატიმრის ნებართვის გარეშე ღია ჩანაწერები, რომლის ჩაწერაც ოფიციალურად ხორციელდება, საჯაროდ გამოიტანონ. თუმცა, არის კრიტიკული მომენტები, როდესაც უწყება იძულებულია, ეს ეთიკური ნორმები გადალახოს და უფრო მაღალი ღირებულება, რომ თავი დაიცვას - ჩვენ მწამებლები არ ვართ - საზოგადოებას დაანახოს. აი, ეს შემიძლია ვთქვა. რა დაინახა საზოგადოებამ? - მიშა არის კომფორტულ პირობებში, ოროთახიან აპარტამენტში, იქცევა აგრესიულად. თუმცა, სუბიექტური ადამიანი მაინც იტყვის - ხედავ, ჩვენს პრეზიდეტს როგორ ანერვიულებენ, რა მდგომარეობამდე მიჰყავთ, რომ საგნებს ისვრის. ეს არის წამება მის მიმართ. ხელები მოიფხანა, ნაკაწრები მოფხანის შედეგია, მაგრამ ისე გაამწარეს, მოფხანვის კვალი დააჩნდა ძლიერად მოფხანვის გამო და ეს არის წამება. მისმა ფანებმა შეიძლება ასეთი შეფასებაც მისცენ. ასე რომ, ადამიანს რაც უნდა, იმას დაინახავს.

თუმცა, რაც უნდათ, ვერ უნდა წერდნენ ექსპერტიზის დასკვნაში. „ემპათიის“ დასკვნის ობიექტურობა, რამდენად გამოჩნდა ამ კადრების შემდგომ? - წამება და მოწამვლა, ამაზე გაკეთდა მთავარი აქცენტი ჯიშკარიანის ექსპერტიზაში.

- „ემპათიის“დასკვნაზე მე სერიოზულად ვერ ვილაპარაკებ. იქ წერია, დაახლოებით, 20-ზე მეტი დაავადება აქვს სააკაშვილს, მაგრამ 21-ია თუ 55, არ ჩანს. დასკვნა ამბობს, სავარაუდოდ, ხერხემლის დაზიანება მან მიიღო ციხის საავადმყოფოში გადაყვანის დროს, როდესაც ის უხეშად შეათრიეს, ათრიეს. არადა დავინახეთ, რომ ხელებით და ფეხებით ასწიეს და ისე შეიყვანეს. მაშინ უნდა გვითხრან, უფრო რბილი ფორმით, როგორ უნდა შეიყვნონ პატიმარი, რომელიც ბადრაგს არ ემორჩილება?! სხვას უფრო უხეშად შეიყვანდნენ, ბორკილებს დაადებდნენ და ისე იმოქმედებდნენ, ამ შემთხვევაში კი ყველაზე რბილი ფორმა გამოიყენეს. რომელ პატიმარს მოუთმენენ იმას, რომ მედპერსონალს რაღაცები ესროლოს, აუყირაოს ცელოფნის პარკში ჩადებული სამედიცინო ნივთები და სახეში ესროლოს? ფაქტობრივად, თავს დაესხა. „ემპათიის“ დასკვნას, მე მიშას ფანი ექიმების დასკვნა დავარქვი. მეც არაერთხელ მიმიღია მონაწილეობა ისეთ სასამართლო განხილვაში, სადაც სასჯელის გადავადების საკითხი იხილება. ჩვენ მიგვაქვს ექსპერტიზის დასკვნა, ექსპერტი ამბობს, რომ ეს დაავადება არის მძიმე, პროცესზე მეორე მხრიდან გამოდის პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენელი და ამბობს, შეიძლება ეგ დაავადება არის მძიმე, მაგრამ ჩვენ გვაქვს ყველა საშუალება - სამედიცინო, ინფრასტრუქტურული და ყველანაირი, რომ ციხის საავადმყოფოში ვუმკურნალოთ. თუ ეს საკმარისი არ იქნება, ქალაქის საავადმყოფოში გადავიყვანოთ. ალბათ, სააკაშვილის შემთვევაშიც ასეც იქნება - სამედიცინო დეპარტამენტის წარმომადგენელი იტყვის, მითხარით, რა დაავადებაა ისეთი, რომლის განკურნებაც საქართველოში არ შეიძლება, მაგრამ ამას ვერ ეტყვიან. ეს არის სტრესი. მიშას აქვს სტრესი, დეპრესიაშია და ამიტომ არ უნდა ციხეში. ვერ იტანს, რომ ვიღაცას უნდა ჰკითხოს, გავიდეს თუ არა ოთახიდან. ვერ იტანს დაკაკუნების გარეშე რომ მასთან ვიღაც შედის, ეს მასში სტრესს იწვევს. მჯერა, რომ ეს ასეა. მაგრამ, რამდენია ისეთი პატიმარი, ალბათ 90%, ვისაც რამდენიმე პატიმრობა არ აქვს მოხდილი და უჭირს ციხესთან შეგუება. ყველას ეს ემართება, მით უმეტეს, პირველ ხანებში. შეუგუებლობა, ადაპტაციის პრობლემა და წონის დაკლება. ბევრი პატიმარი ვიცი, რომ ჩემ თვალწინ დაუკლიათ 30-40 კილო. ამათ უნდათ, ასე წარმოაჩინონ, რომ ეს წონის კლება არის განსაკუთრებული შემთხვევა. აქ თითქოს პირობები არ არის, რომ სააკაშვილს სტრესი არ ჰქონდეს, ამიტომ აქაურობას უნდა მოვაცილოთ, ციხესაც, საავადმყოფოსაც და წავიდეს უცხოეთში. აი, ეს არის მაგათი ინტერესი. რაც შეეხება სააკაშვილის მოწამვლას, ეს ახალი შემოგდებული თემაა თემურ ალასანიას მიერ. უნდათ, მიშას პატიმრობა რუსეთს დაუკავშირონ, რომ თქვან - აი, სააკაშვილი პუტინის ტყვეა და მოწამლეს. ნავალნისთან გათანაბრება უნდათ. ასე რომ, ეს სრულიად აბსურდული საკითხია. მე მგონი, დასკვნაშიც კი არ არის მოწამვლა. დასკვნის შემდეგ მოიფიქრა თემურ ალასანიამ ეს სიახლე, თორემ მანამდე მოწამვლაზე ლაპარაკი არ იყო, თორემ დასკვნაშიც ჩაწერდნენ, რომ მიშა ნამდვილად არის მოწამლული.

იმ აბსურდს, როგორც თქვენ უწოდეთ „ემპათიის“ დასკვნას, ემყარებიან ევროპარლამენტარები, რომლებიც ლამის ყოველდღიურად ითხოვენ ექსპრეზიდენტის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას.

- ევროპარლამენტში ის, დაახლოებით 10-12 ადამიანი, რომელიც აქტიურობს და დანარჩენი 300-მდე, ვინც ამას ხმას აძლევს, სხვადასხვა მოტივით ხელმძღვანელობს. იმ ევროპარლამენტარების უმრავლესობამ, რომლებიც ხელს წევენ თავისი პარტიული ინტერესების გამო, ან მეგობრის თხოვნით, სერთოდ არ იციან, ვინ არის სააკაშვილი და სად არის საქართველო. ანუ ერთი მომენტია - სრულიად გაუთვითცნობიერებლობა ან ჯერათ იმ 10-12 კაცის, რომელიც ამას ამბობს. რაც შეეხება იმათ, ვინც სააკაშვილზე განცხადებებს აკეთებს, იქაც არის კატეგორია - მიშას ფანები და მეორე, რომლებიც ანგარებით მოქმედებენ. ლობისტებს ოფიციალურადაც კი უხდიან ფულს და არაოფიციალურად, რამდენს და ვის უხდიან, ეგ სხვაა. ასე რომ, სხვადასხვა ინტერესებია. რაც მთავარია, საქართველო რომ არ არის ისეთი მორჩილი და როგორც ცეკას ინსტრუქციებს, ისე არ იღებს რომელიმე ევროპარლამენტარის ნათქვამს და როგორც კანონს ისე არ ასრულებს, ეს მათ გაღიზიანებას იწვევს. ისინი ხომ არიან ჩვენი მასწავლებლები, გზის გამკვლევები, ჩვენზე მეტი დემოკრატები, ჩვენზე უფრო ჭკვიანები და როგორ ვეურჩებით?! ისინი მიჩვეულები იყვნენ, რომ ევროპარლამენტარს, რომელიც შეიძლება უსინდისოც იყო, კორუმპირებულიც და გაუნათლებელიც, რადგან ევროპარლამენტარია, თვალებში უნდა შევციცინოთ. ეს რამდენიმე კაცი - აქტივისტები, მიშისტები, ესენი ქმნიან იქ ამინდს. ეს არის და ეს. ვფიქრობ, ეს დიდხანს არ გაგრძელდება. თუნდაც ამ კადრებით დაინახავენ, რომ ელემენტარულად, ძალიან აგრესიული და მოძალადეა სააკაშვილი იგივე მედპერსონალის მიიმართ.

გიული ალასანიას თქმით, სააკაშვილმა გავრცელებული კადრები პოლიტიკურ პორნოგრაფიად შეაფასა.

- მერე, რატომ მონაწილეობს ამ პორნოგრაფიაში? პორნოგრაფიაში მონაწილეობა ძალით ხომ არ არის. იმას ხომ არ ამბობს, ეს ყველაფერი გამოგონილია და ვიღაც ჩემ როლს ასრულებსო. სხვათა შორის, ეს კადრები ძალიან ჰგავს გოგა ხაინდრავას ფილმ „ჰეროკრატიაში“ მის მიერ ნაჩვენებ კადრებს, როცა მიშა ციხეშია და ასე იქცევა აგრესიულად. ძალიან მიახლოვებულია იმ კადრებთან. თუ პოლიტიკური პორნოგრაფიაა, რატომ მონაწილეობს ამაში? რატომ აძლევს საშუალებას? პორნოგრაფიაში რომ მონაწილეობენ მსახიობები თუ პორნოვარსკვლავები, კაცები თუ ქალები, ეს მათი სამსახურია. ვინმე ხომ არ აძალებს მათ, რომ ასე მოიქცნენ.

სააკაშვილის სიმულანტობა ამ კადრებით დასტურდება? -ხელისუფლების წარმომადგენლები სწორედ ამაზე აკეთებენ აქცენტს.

- სიმულანტობის მცდელობა რომ დასტურდება, ფაქტია. სიმულაციაზე რამდენად წამოეგო სამედიცინო პერსონალი, ეგ არ ვიცი.

დაბოლოს, ნაციონალები კადრების გავრცელების გამო იუსტიციის მინისტრის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენებას გეგმავენ, საფუძველი - კადრების სააკაშვილთან შეუთანხმებლად გავრცელება.

- თავშივე ვთქვი, რომ ეს არასასიამოვნო ფაქტია და არაეთიკური. ამ კუთხით, მეც არ მომწონს, მაგრამ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში, ალბათ, გულისხმობენ უფლებამოსილების გადამეტებას, ბოროტად გამოყენებას. მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ უწყება მთლიანად - მინისტრიდან დაწყებული ყველა, მთელი სახელმწიფო ჩააყენეს ცილისწამების მდგომარეობაში, ბრალდებულს ამ შემთხვევაში, ბრალდებული იყვნენ არა მარტო სააკაშვილის და მისი გარემოცვის მხრიდან, არამედ მათი ფანების მხრიდან, რომლებიც გარკვეულ საზოგადოებრივ აზრს ქმნიან და აქედან თავის დაცვის ერთადერთი მექანიზმი იყო ეს - სიმართლის ჩვენება. რატომ აჩვენებთ სიმართლე, ეს სისხლის სამართლის დანაშაულიაო თუ ამბობენ, მაშინ უნდა დაამტკიცონ. მომავალ სასამართლო პროცესზე, ვირტუალურზე თუ რეალურზე, მინისტრ რატი ბრეგაძის მიმართ, რასაც ისინი ამბობენ, უნდა დაამტკიცონ, რომ ამის გარდაუვალი აუცილებლობა არ იყო სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. ვიმეორებ, გარკვეული არაეთიკური და არაესთეტიური მომენტები იყო, მაგრამ საკითხი - რა ღირებულება უფრო მეტია ამ ცილისწამებისა და თავდასხმებისგან სახელმწიფო სტრუქტურის დაცვა თუ ის, რომ ეს ცილისწამება უწყებამ საზოგადოებისთვის ნათელი გახადა?