“ის არ გახლდათ ყველაზე კანონმორჩილი ადამიანი, მაგრამ მამაცი იყო. მას დიეგო ალატრისტე ერქვა და ფლანდრიაში უცხოური ლეგიონების შემადგენლობაში იბრძოდა. როდესაც გავიცანი, მადრიდში სიღატაკეში ცხოვრობდა, საეჭვო საქმეებში ებმებოდა და ჩალის ფასად აქირავებდა თავის სიმამაცეს და საბრძოლო ოსტატობას მათზე, ვინც ამ თვისებებს მოკლებული იყო”. შესაძლოა, ეს ციტატა 2006 წლის შესანიშნავი ესპანური ფილმიდან “კაპიტანი ალატრისტე” კარგი სასტარტო წერტილია საუბრის დასაწყებად ემზარ კვიციანის საქმეზე, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილების უკან, სავარაუდოდ, სწორედ იმ ადამიანების ლოგიკა და ღირებულებები დგას, რომელნიც “ამ თვისებებს მოკლებულნი” არიან.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა კაცს, რომელიც კოდორის ხეობის სადარაჯოზე 12 წლის განმავლობაში იდგა. ის მაღალჩინოსნები კი, რომლებმაც 2008-ში იგივე ხეობა უბრძოლველად დათმეს, თავისუფლები არიან (ვანო მერაბიშვილის გარდა) და თავს შესანიშნავად გრძობენ. პროკურატურა მათ სხვა ეპიზოდებთან დაკავშირებით ედავება, ხოლო სამშობლოს ღალატთან და კოდორის ხეობის ჩაბარებასთან დაკავშირებით არაფერს ერჩის; მაგრამ ვიდრე გავარკვევთ, თუ რატომ ეწოდება ამ ქვეყანაში სამართლიანობის დასამარებას “სამართლიანობის აღდგენა”, კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ კაპიტან დიეგო ალატრისტეს, რადგან (ერთობ პარადოქსულად) ჩვენთვის აქტუალური რებუსის გასაღები შეიძლება 1643 წელს ციხესიმაგრე როკრუას მიდამოებში გამართული ბრძოლის ველზე ვიპოვოთ.
მაშ, ასე: ბრძოლა სრულდება, ფრანგების გამარჯვება ეჭვს აღარ იწვევს, მაგრამ სისხლისგან დაცლილი უკანასკნელი ესპანური ტერცია ბრძოლის ველიდან ფეხს არ იცვლის (ტერცია _ საორგანიზაციო ერთეული XVI-XVII საუკუნის ესპანურ ჯარში; დღეს ფართოდ გავრცელებულია მცდარი მოსაზრება, რომლის ფარგლებში მას ტაქტიკურ ერთეულად განიხილავენ, თუმცა ამ შემთხვევაში ასეთ ნიუანსებს მნიშვნელობა არ აქვს, შეგვიძლია, პირობითად თანამედროვე ბრიგადას ან ბატალიონს შევადაროთ). მოკლედ, დგას ეს ალყაშემორტმული ტერცია და წინააღმდეგობის შეწყვეტას არ აპირებს.
ფრანგები მოლაპარაკებას სთავაზობენ და იმართება მოკლე დიალოგი:
-ენგიენის ჰერცოგი (ფრანგების სარდალი პრინცი კონდე 1646 წლამდე ამ ტიტულს ატარებდა) პატივს მიაგებს თქვენს უმაგალითო სიმამაცეს და საპატიო კაპიტულაციას გთავაზობთ. შეგიძლიათ, შეინარჩუნოთ თქვენი დროშები და ბრძოლის ველი მწყობრში დატოვოთ. რას იტყვით?
-ენგიენის ჰერცოგს ჩვენი გულითადი მადლობა გადაეცით... მაგრამ ჩვენ ესპანელი ქვეითები ვართ.
იმ ამაყი ესპანელი ქვეითებიდან სამ მეოთხედზე მეტი დაიღუპა, მაგრამ სიტყვები “უკანასკნელი ტერცია როკრუასთან” ოქროს ასოებით ჩაიწერა ისტორიაში და ღირსებისა და თავდაუზოგავი სიმამაცის სინონიმად იქცა.
თუ 2008 წლის აგვისტოში კოდორის ხეობაში ემზარ კვიციანი და ადგილობრივებით დაკომპლექტებული ბატალიონი “მონადირე” იქნებოდნენ, ისინი არ დაემორჩილებოდნენ ბრძანებას ხეობის დატოვების შესახებ და არც კაპიტულაციას დათანხმდებოდნენ, რაოდენ საპატიოც უნდა ყოფილიყო ის, რადგან არ არსებობს ამქვეყნად ძალა, რომელიც სვან მეომარს აიძულებს, მშობლიური კერის დაცვაზე უარი თქვას და იარაღი დაყაროს. საქართველოს ისტორიაში, უბრალოდ, არ მოიძებნება მაგალითი, რომელიც საპირისპიროზე მიუთითებს. ბატალიონ “მონადირეს” მთელი შეთქმულების, ხეობის ჩაბარების გეგმის ჩაშლა შეეძლო, ამიტომ სააკაშვილის რეჟიმმა წინმსწრებად გააკეთა ყველაფერი, რათა გადამწყვეტ მომენტში ქართული “უკანასკნელი ტერცია” ბრძოლის ველზე არ გამოჩენილიყო. ადგილობრივებით დაკომპლექტებული ბატალიონის დაშლა და 2006 წლის თანმდევი მოვლენები ხეობის ჩაბარების ერთგვარ პრელუდიას წარმოადგენდა და მათ შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის აღმოჩენა, ალბათ, არც ისე რთულია.
საქართველოში ფართოდ გავრცელებულია მოსაზრება: “რუსები ხეობას მაინც აიღებდნენ”, მაგრამ აქ პოლიტიკური ასპექტიც უნდა გავითვალისწინოთ - რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას არ ჰქონდა დრო და საკმარისად ლეგიტიმური საბაბი იმისთვის, რომ კოდორის ხეობის, ამ ბუნებრივი ციხესიმაგრის, რამდენადმე ხანგრძლივი შტურმი დაეწყო. დროის ფაქტორს ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. 12 აგვისტოსთვის ბრძოლები ცხინვალთან დასრულებული იყო, რუსული ქვედანაყოფები გორს მოადგნენ, დღის პირველ ნახევარში დიმიტრი მედვედევმა გააკეთა საჯარო განცხადება იმის თაობაზე, რომ ოპერაციის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო და გამართა მოლაპარაკება ნიკოლა სარკოზისთან სამშვიდობო დარეგულირების ძირითად პრინციპებზე. ამ მომენტისთვის კრემლმა სამხედრო ოპერაციის ყველა დეკლარირებულ მიზანს მიაღწია, ქართული ძალების ორგანიზებული წინააღმდეგობა შეწყდა, მათ ყოფილი ავტონომიური ოლქის ტერიტორია დატოვეს. როგორ უნდა დაეწყოთ ამ ფონზე მრავალდღიანი მძიმე ბრძოლები კოდორში, რომელსაც ცხინვალის რეგიონთან საერთო არაფერი აქვს? თუ ქართული ქვედანაყოფები ხეობაში დარჩებოდნენ, რუსებს დასჭირდებოდათ ავიაციის აქტიური გამოყენება, დამატებითი ძალების გადასროლა და ხანგრძლივ სისხლისმღვრელ ბრძოლაში ჩაბმა. თუ თვალს გადავავლებთ რუსი მაღალჩინოსანი სამხედროებისა და ექსპერტების ინტერვიუებს, იოლად აღმოვაჩენთ ცუდად შენიღბულ ქვეტექსტს: “რა კარგია, რომ კოდორის ხეობა უბრძოლველად დათმეს”. კი, აბსოლუტურთან მიახლოებული უპირატესობა ჰქონდათ და, სავარაუდოდ, ადრე თუ გვიან დაიკავებდნენ ხეობას, მაგრამ საქმე ის არის, რომ, პოლიტიკური ფაქტორებიდან გამომდინარე, ამისთვის “დამატებითი დრო” არ ჰქონდათ, არც 1-2 კვირა, თუნდაც რამდენიმე დღე. ბრძოლები ცხინვალთან დასრულდა, სარკოზი მოსკოვში ჩაფრინდა, როგორ უნდა გაემართლებინათ ამ ფონზე კოდორის ხეობის რამდენადმე ხანგრძლივი შტურმი?
კოდორის ხეობის დატოვების ბრძანება ვანო მერაბიშვილმა გასცა (თუ დავეყრდნობით მისივე განცხადებას საპარლამენტო კომისიის სხდომაზე). დაემორჩილებოდა თუ არა ბატალიონი “მონადირე” მის ბრძანებას (თუ მას წინმსწრებად არ დაშლიდნენ)? გავიდოდნენ თუ არა ხეობიდან სხვა მებრძოლები, როდესაც შეიტყობდნენ, რომ ადგილობრივები პოზიციებზე რჩებიან? დაიწყებდნენ თუ არა რუსი სამხედროები შტურმს, როდესაც დაინახავდნენ, რომ ხეობის დამცველები თავგანწირული წინააღმდეგობის გაწევას აპირებენ, ხოლო დრო, რომელიც კრემლმა ამოცანის შესასრულებლად გამოუყო, ფაქტობრივად, ამოიწურა? ასეთ სიტუაციაში, გამორიცხული არაა, ბრძოლა საერთოდ არ გამართულიყო და ხეობა ქართული მხარის კონტროლის ქვეშ დარჩენილიყო.
ცხადია, ყველაზე ნეგატიური სცენარიც უნდა განვიხილოთ და დავუშვათ, რომ, ყოველგვარი პოლიტიკური ლოგიკის საწინააღმდეგოდ, მედვედევი ახალი ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადებდა, სარკოზის მოსკოვიდან გამოაგდებდნენ და დაიწყებოდა ხანგრძლივი ბრძოლა მძიმე დანაკარგებით ორივე მხარისთვის – ამ შემთხვევაში, ხეობის დამცველები საქართველოს ისტორიაში ადგილს 300 არაგველის გვერდით დაიმკვიდრებდნენ. შესაძლოა, სააკაშვილს ყველაზე მეტად სწორედ ამის ეშინოდა, რადგან “ვარდისფერ საქართველოში” არ შეიძლებოდა, არსებულიყო სხვა გმირი, გარდა ბიუჯეტის ხარჯზე ეპილირებული ჯამბაზისა (მისი მსახურებისა და სხვა მსგავსი მეძავებისა). ლაჩარი ყოველთვის აკეთებს ყველაფერს, რათა მამაცი ადამიანის ღვაწლი დააკნინოს და მისი სახელი ლაფში ამოსვაროს, რადგან მის არსებობასაც კი სასიკვდილო საფრთხედ აღიქვამს. როგორ შეხედავდა საზოგადოება გორში მხოხავ სააკაშვილს, თუ ეცოდინებოდა, რომ იმავე დღეს “უკანასკნელმა ტერციამ” აფხაზეთში იარაღის დაყრაზე უარი თქვა? რეჟიმისთვის, სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ “მონადირეს” დაშლა ხეობის ჩაბარების წინ, არამედ ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც ჰეროიკული ეპოსის გაჩენას გამორიცხავდა. შესაძლოა, ამ ისტორიის ფსიქოლოგიური და სიმბოლური შემადგენელი არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე სამხედრო-პოლიტიკური.
იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ჩააბარა ასე სამარცხვინოდ სააკაშვილმა კოდორის ხეობა (და ქართული ანკლავები ცხინვალთან), არაერთი ვერსია არსებობს. ერთ-ერთის თანახმად, მან ეს იმისთვის გააკეთა, რომ მის მმართველობას “დანარჩენ საქართველოში” მოსკოვიდან პრობლემა არ შექმნოდა. შედარებით ჩახლართული თეორიის ფარგლებში, ის განიხილავდა კონფლიქტურ რეგიონებს, როგორც ერთგვარ დამაკავშირებელ ხიდებს რუსეთსა და საქართველოს შორის, რომელთა არსებობა აიძულებდა, მოსკოვის ინტერესები გაეთვალისწინებინა და კომპრომისებზე წასულიყო და მან 2008-ში “დაწვა ხიდები”, რათა “დანარჩენი საქართველოს” ევროატლანტიკური ინტეგრაცია დაეჩქარებინა. არის სხვა ვერსიებიც, მაგრამ მთავარი ამ შემთხვევაში, ალბათ, არის ის, რომ კვიციანსა და “მონადირეს” კოდორის ხეობაში მსგავსი გეგმების ჩაშლა შეეძლო და ხელისუფლებამ რიგი პროვოკაციებით 2006-ში ისინი მკვეთრ, იმპულსურ რეაქციამდე მიიყვანა.
პროკურატურა კვიციანს ამბოხსა და ტერორისტული(?) აქტების მოწყობას აბრალებს, მაგრამ, საქმე რეალურ ამბოხამდე რომ მისულიყო, ხეობის შუაგულისკენ მიმავალი სამთავრობო ძალების ერთ-ერთი კოლონა (ამ ეპიზოდს არაერთი თვითმხილველი ჰყავს), რომელიც ბანალურად გაიჭედა გზის რთულ მონაკვეთზე, იქიდან უვნებლად ვერ გააღწევდა. კვიციანის რაზმმა მაშინ ცეცხლი არ გახსნა და ძმათამკვლელი ომი არ დაიწყო, იგივე მოხდა ზოგიერთ სხვა ეპიზოდში, ზოგადად კი, მისი გამოსვლა გაცილებით უფრო ჰგავდა საპროტესტო დემონსტრაციას (ადგილობრივი სპეციფიკით), ვიდრე ნამდვილ ამბოხს.
მაგრამ სააკაშვილისთვის და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ის პოლიტიკური მითოლოგია, რომელიც 2006 წლის მოვლენებისთვის შეთხზა, ეჭვქვეშ არ დადგეს. თუ კვიციანს გაამართლებდნენ, საზოგადოებაში ბუნებრივად გაჩნდებოდა კითხვა: “რა მოხდა კოდორის ხეობაში 2006-ში?”, რომელსაც ასევე ბუნებრივად მოჰყვებოდა კითხვა: “რა მოხდა იქ 2008-ში?”, ხოლო ობიექტური გამოძიების შედეგებზე დაფუძნებული, სწორი პასუხი ამ კითხვაზე სააკაშვილის რეჟიმს, დიდი ალბათობით, სამარცხვინო ბოძზე გააკრავს. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ მათ სჭირდებათ კვიციანი დამნაშავედ ცნონ და მან რაც შეიძლება ნაკლები ილაპარაკოს. და “კუბლაშვილის სასამართლოს” დახმარებით ჯერჯერობით წარმატებას აღწევენ.
დასასრულ, კიდევ ერთი ციტატა ფილმიდან “კაპიტანი ალატრისტე”: უკანასკნელი შეტაკების წინ ერთ-ერთი მომაკვდავი ესპანელი ვეტერანი ახალბედა თანამებრძოლს ეუბნება: “მოუყევი ყველას, რა მოხდა აქ”. ამ მოკლე ანდერძიდან შემდგომ დაიბადება კაპიტან ალატრისტეს და უკანასკნელი ტერციის მთელი ისტორია, რომელიც მომავალ თაობებს მოუთხრობს ღირსებასა და ღალატზე, სიმამაცესა და ლაჩრობაზე, კაცობასა და არაკაცობაზე. შესაძლოა, კვიციანის გულშემატკივრებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროტესტის გამოხატვა, არამედ 2006 და 2008 წლებში კოდორის ხეობაში განვითარებული მოვლენების მიუკერძოებელი გამოძიების მოთხოვნა. ამასთანავე, თვითმხილველებმა უნდა მოგვითხრონ, რაც შეიძლება მეტი იმ მოვლენებზე, რომლებზეც საზოგადოებამ, კერძოდ კი ახალგაზრდობამ, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ძალიან ცოტა იცის. ასე რომ, “მოუყევით ყველას, რა მოხდა იქ”, ამის გაკეთება შექმნილ სიტუაციაში, ალბათ, აუცილებელია.