„რა გამოდის - ყალბი დასკვნაა? დიდი ბოდიში, მაგრამ ეს უკვე ციხეა“

„რა გამოდის - ყალბი დასკვნაა? დიდი ბოდიში, მაგრამ ეს უკვე ციხეა“

სიმულაცია-აგრავაცია - ამ კითხვას პასუხი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზამ უნდა გასცეს. ახლა მნიშვნელოვანია ჩატარდეს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური სტაციონალური ექსპერტიზა, რაც ექს-პრეზიდენტს ამ დრომდე არ ჩატარებია. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ვიდეოკადრები გაასაჯაროვა, რომელიც ასახავს სხვადასხვა პერიოდში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას.

ვიდეომასალაში კარგად ჩანს მიხეილ სააკაშვილის აგრესიული ქმედებები. კერძოდ, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხოფას აყენებს სამედიცინო პერსონალს. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ბრალდებულ სააკაშვილის მიზანია მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლა, საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანა.

„ეს სიმულაციური ქმედებები არ დაწყებულა აქ, ეს იყო გორშიც, ადრეც და ა.შ. აქ ვიდეოკადრებში ჩანს სიგარეტის მოხმარებაც, რომელიც ჩვენ მაქსიმალურად შევზღუდეთ, რადგან, თუკი ადამიანი ჯანმრთელობა არის არასახარბიელო, მაშინ, მას რატომ უნდა ჰქონდეს სიგარეტი? ის დიდი რაოდენობით მოიხმარდა და ისევ მისი ჯანმრთელობაზე ზრუნვიდან გამომდინარე შევზღუდეთ მისთვის სიგარეტის მოხმარება, რაზედაც ადვოკატისგან მივიღეთ პასუხად, რომ ეს იყო წამების ტოლფასი. ორჯერ ორი ოთხია, რომ თამბაქოს მოხმარება მავნებელია ჯანმრთელობისთვის. საქმე გვქონდა თვითდაზიანების უამრავ მცდელობასთან. ამ ყველაფერზე უნდა იმსჯელონ ექსპერტებმა და ნახოს საზოგადოებამაც“, - აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ გავრცელებული კადრები არის პოლიტიკური პორნოგრაფია. სააკაშვილი ამბობს, რომ კადრების გავრცელებით სისტემამ მთელი მსოფლიოს დასანახად თავი ბოლომდე „გაიფარჩაკა“, თუმცა თვლის, რომ გატეხვით ვერ გატეხავენ.

„გუშინ, სისტემამ მთელი მსოფლიოს დასანახად „გაიფარჩაკა“ ბოლომდე თავი. მე მინდა მივმართო ყველას, ვინც თავს ღირსების მქონე ადამიანად მიიჩნევს. თქვენი ადამიანურობის იმედი მაქვს. მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში, რუსეთის ჩათვლით, გინახავთ ასეთი სიველურე და უმსგავსობა? ყველაზე მეტად მეცოდება მედპერსონალი, რომელიც ყაჩაღთა ბანდას აყვანილი ჰყავს მძევლად და ყველანაირად ატერორებს. მე რაც არ უნდა მომივიდეს, ექიმებს ამაში ყველაზე ნაკლები დანაშაული მიუძღვის და ნურავინ შეეცდება მათ ხელი შეაწმინდონ. რაც შემეხება მე, შეგიძლიათ განახორციელოთ თქვენი დაანონსებული მკვლელობის გეგმა, მაგრამ გატეხვით ვერ გამტეხავთ“, - აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის წერილში.

სააკაშვილის კადრების გავრცელების შემდეგ საზოგადოებრივი აზრი გაიყო. ნაწილი თვლის, რომ კადრები არ უნდა გავრცელებულიყო, ნაწილს კი პირიქით მიაჩნია, რომ სააკაშვილი უნდა იყოს ისეთ პირობებში, როგორშიც სხვა პატიმრები არიან და იუსტიციის სამინისტროსგან ითხოვენ, რომ სააკაშვილი გადაყვანილ იქნას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. კადრების გავრცელების შემდეგ გაჩნდა ლეგიტიმური კითხვა - ეს არის პატიმარი, რომელიც იმყოფება მძიმე წამების ქვეშ, ეს არის სააკაშვილის ყოველდღიურობა, როგორიც ის იყო რეალურად, თუ ეს არის პატიმრობის შედეგად მიღებული ტრავმა?

ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომელიც კარგად იცნობს სააკაშვილს, ამბობს, რომ სააკაშვილი ყოველთვის იყო ნერვიული, კრიზისულ სიტუაციებში ხან ჰალსტუხს ღეჭავდა, ხან მანქანის ქვეშ იმალებოდა თვითმფრინავის დანახვაზე. როგორც ფსიქოლოგი ამბობს, ასეთი ექსტრემალური ტიპის რეაქციები ჰქონდა იქ, სადაც ხიფათს ხედავდა.

„ახლა ჩასვეს ხიფათის ქრონიკულ ადგილას, სადაც სულ ქრონიკული განცდა ექნება. ციხეში ყოფნით კმაყოფილი არავინ არ არის. ასეთი ქრონიკული უკმაყოფილების ფონზე ისეთი ნერვიული სისტემის მქონე ადამიანიდან, როგორიც მიშაა, არაა გამორიცხული ისეთი სურათის მიღება, რომელიც ავადმყოფობას წააგავდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის კვდება. დეპრესიაში ყოფნა ჯერ კიდევ შორს არის სიკვდილის მოახლოებისგან.

გარდა მაგისა, რომ ფსიქიკური მდგომარეობა დიდად კომფორტული არ ექნება, უდავოა, რომ რაღაცა სხვა ჩანაფიქრიც არის. გამოქვეყნებულ წერილშიც აღნიშნა, რომ მისი მოკვდინების სცენარია და ამას ასრულებენ, მაგრამ თუ მას კლავენ ე.ი. ისიც უნდა კვდებოდეს. როგორც ჩანს, ეს ვერსია ტრიალებს მის გარემოცვაში და მის გონებაშიც, რომ მისი მოკვდინების სურათი უნდა შეიქმნას და, ალბათ, შექმნიან“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილის ფსიქოტიპი გულისხმობს ამ ქცევას, მაგრამ მისი აგრესია და თავდასხმები არის საშიში და თვლის, რომ ფსიქიატრებმა ხმა უნდა ამოიღონ. რაც შეეხება სიმულაციას, ნიკოლეიშვილი თავს იკავებს თქვას, რომ ეს არის ღიად სიმულაცია, რადგან სიმულაცია აუცილებლად უნდა იყოს დასაბუთებული იმ მეთოდებით, რომელსაც ექსპერტები იყენებენ.

„სიმულაცია დახურულ სივრცეებში, პენიტენციურ დაწესებულებებში საკმაოდ ცნობილი ფაქტია. დიდი გამოცდილებაა დაგროვილი და ეს ახალი არ არის. მაგრამ სააკაშვილის მდგომარეობა უფრო რთული დავინახე, ვიდრე წარმომედგინა. ეს შეტევები, რომელიც მას აქვს, აგრესიის და გახშირებული სუნთქვის, არ ვიცი, ეს ბუნებრივია, სიმულაციაა, თუ აგრავაცია. სიმულაცია არის, როდესაც ადამიანს არაფერი აწუხებს და იგონებს, აგრავაცია არის როდესაც რაღაცა დაავადება აქვს და ამძიმებს. მე, არ ვიცი ამ შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე, ეს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის თემა არის, მაგრამ ის, რომ კარგ მდგომარეობაში არ არის, ეს ფაქტია. ვიცი მისი ფსიქოტიპი, თავისებური ქცევის შესახებ ბევრი მსმენია, მაგრამ ის, რაც ვნახე, ბევრად უფრო უსიამოვნო იყო.

მართალი გითხრათ, ასე ღრმად არ მეგონა, საკმაოდ მძიმე შთაბეჭდილება დატოვა. პირველი კითხვა რაც გამიჩნდა - როგორ შეიძლება ასეთი ფსიქიკის მქონე ადამიანის პოლიტიკური ექსპლუატირება? ანუ, მისთვის იმხელა დატვირთვის მიცემა, როგორიც იყო თუნდაც პრეზიდენტობა? ადამიანი აშკარად გამოფიტვადია, სერიოზული სირთულეები აქვს. მისი ფსიქიკა უკვე ზღვარზეა. როდესაც ასეთი ადამიანი დიდ პასუხისმგებლობას იღებს, ის დიდად ვერ გრძნობს ამ პასუხისმგებლობას და იფიტება“, - აცხადებს დამოუკიდებელი ექსპერტი.

მისი თქმით, თუ მისი ოჯახის წევრები მალავენ და ეს სააკაშვილის ჩვეული მდგომარეობაა, ამის გამო პატიმრობიდან არავის ათვისუფლებენ. მაგრამ, არის თუ არა სიმულაცია-აგრავაცია, ეს საკითხი რომ გადაწყდეს, აუცილებელია ჩატარდეს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, რაც მთავარია ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური სტაციონალური ექსპერტიზა. მისი თქმით, ის, რაც ამ დრომდე სააკაშვილს ჩაუტარდა, ეს იყო ამბოლატიური შემოწმება მასალებისთვის.

„ფსიქიატრები იყვნენ, კომისიის წევრი ჯიშკარიანი ფსიქიატრია, მაგრამ ეს იყო ამბულატორული ექსპერტიზა და არა სტაციონარული, როცა ხდება 24-საათიანი დაკვირვება ორი კვირის მანძილზე პაციენტზე. ეს კვლევა მას არ ჩატარებია. რასაც ჩვენ ვუყურეთ, ეს შეიძლება შესულმა ფსიქიატრმა ვერ დააფიქსიროს. ან შეიძლება ნახა და ვერ დააფიქსირა, ან გამოეპარა. ვფიქრობ, რომ უნდა ჩატარდეს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური სტაციონარული მკურნალობა და მხოლოდ ამის მერე შეიძლება გაეცეს პასუხი არის სიმულაცია თუ აგრავაცია. თუ ექსპერტმა ეს ყველაფერი დაინახა და თვალი დახუჭა, ეს უკვე ყალბი დასკვნის გაცემა არის.

ყველა დასკვნაზე ჩვენ ხელს ვაწერთ სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის შესაბამისად. ცხადია, რომ იმათაც მოწერილი ექნებათ ხელი. მაშინ რა გამოდის - ყალბი დასკვნაა? დიდი ბოდიში, მაგრამ ეს უკვე ციხეა. არაპროფესიონალიზმის ბრალია, თუ განზრახ ქმედებასთან გვაქვს საქმე, ცხადია, რომ ამას უნდა გაეცეს პასუხი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას მაია ნიკოლეიშვილმა.