„მერაბიშვილი ვარჯიშობს და სიგამხდრეც ამ მიზეზით არის განპირობებული“

„მერაბიშვილი ვარჯიშობს და სიგამხდრეც ამ მიზეზით არის განპირობებული“

ვანო მერაბიშვილმა ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის ხუთ წევრს მასპინძლობა ე.წ მატროსოვის ციხეში გაუწია. როგორი მასპინძელი იყო მერაბიშვილი ამაზე სტუმრებს არ უსაუბრიათ, თუმცა შეწუხებულები არიან იმის გამო, რომ მერაბიშვილმა წონაში დაიკლო და ოჯახის წევრებს მასთან შეხვედრის შესაძლებლობა არ აქვთ. სამწუხაროდ, ევროპარლამენტარებს გამორჩათ, რომ წინასწარ პატიმრობაში მყოფ ადამიანს პაემნის უფლებას კანონი უზღუდავს - საქმის ძიების ეტაპზე ვანო მერაბიშვილის ახლობლებს მისი მონახულების უფლება არ აქვთ.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, სასჯელაღსრულების დაწესებულების კვალობაზე მერაბიშვილი ძალიან კარგ პირობებშია.

„ციხე „კემპინსკის“ სასტუმრო არ არის, პატიმრის მონახულებას კანონი ძიების ეტაპზე მკაცრად არეგულირებს და სასჯელაღსრულების სამინისტრო ამ საკითხში ვერ ჩაერევა. ჩვენ ვერავისთვის დაუშვებთ გამონაკლისს. თანასწორობაა ის ღირებულება, რომელსაც მთელი ქვეყანა უნდა ეფუძნებოდეს“, - განაცხადა სუბარმა.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მერაბიშვილმა წონაში დაიკლო, სუბარის განმარტებით, იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვარჯიშობს და სიგამხდრეც ამ მიზეზით არის განპირობებული. მისივე თქმით, ექიმის მონახულების უფლება ნებისმიერ პატიმარს აქვს და მათ შორის მერაბიშვილს.

„დღეს რომ ჯანდაცვაა ციხეში, ასეთი ამ ქვეყანაში ამ დრომდე არ ყოფილა, მაშინ, როდესაც ვანო მერაბიშვილი შს მინისტრის და პრემიერის პოსტებს იკავებდა, პატიმარზე წლიურად 168 აშშ დოლარი იყო გამოყოფილი, დღეს კი 680 აშშ დოლარია“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას სოზარ სუბარმა.

ევროპარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების ქვეკომიტეტის დელეგაციამ, თავმჯდომარე არნო დანჟანის მეთაურობით, დღეს ციხეში წინასწარ პატიმრობაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი მოინახულა. „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის საკითხის მიმართ წამყვანი ევროპელი პოლიტიკოსების მაღალი ინტერესი ამ საქმის სწორედ პოლიტიკურ კონტექსტში განხილვას ადასტურებს.

დელეგაციის თავმჯდომარის არნო დანჟანის თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში ვანო მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობაში ყოფნის საფუძველი და საჭიროება არ არსებობს.

ევროპარლამენტი კჟიშტოფ ლისეკი ვანო მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობაში ყოფნის ვერც ერთ მიზეზს ვერ ხედავს, თუ არა პოლიტიკურს. მისი თქმით, ის გაოცებას გამოხატავს, თუ რატომ იმყოფება ვანო მერაბიშვილი პატიმრობაში, რადგანაც მერაბიშვილი საგამოძიებო უწყებაში რამდენჯერმე მივიდა. გამოძიების დაწყებიდან ხუთჯერ საზღვარგარეთ იმყოფებოდა და ხუთივეჯერ დაბრუნდა უკან.

„პირადად ვერ ვხედავ ვერც ერთ მიზეზს მისი წინასწარ პატიმრობაში ყოფნის თუ არაპოლიტიკურს. 6 კვირის წინ მე მერაბიშვილი მოვინახულე. მან წონაში საკმაოდ დაიკლო და ვფიქრობ, ის ექიმებმა უნდა შეამოწმონ. ოჯახთან დაკავშირებული საკითხი ამ დრომდე მოგვარებული არ არის და კარგი იქნება თუ მიეცემა შესძლებლობა ვანო მერაბიშვილი მოინახულონ მეუღლემ და შვილებმა, ან მიიღოს მათგან წერილი“ , – განაცხადა ლისეკმა.

ევროპარლამენტარმა, არნო დენჟანმა მერაბიშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ევროპარლამენტში აღნიშნულიდან გამომდინარე იმედგაცრუებულებიც არიან.

„იმედგაცრუებულები ვართ, რომ მასთან შეხვედრის შესაძლებლობა არ ეძლევათ ოჯახის წევრებს, რაც მისთვის ძალიან რთულია. არ აქვს კომუნიკაცია გარესამყაროსთან, თუ არ ჩავთვლით ევროპარლამენტარების ვიზიტებს. არ ვარ დარწმუნებული, რომ წინააღმდეგობაში მოდიოდეს საქართველოს კანონმდებლობასთან, რომ ოჯახის წევრებს მასთან შეხვედრის შესაძლებობა ჰქონდეს და სწორედ ამიტომ ვართ შეწუხებულები. წინასწარი დაკავება უნდა იყოს გამონაკლისი და ის ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის დარწმუნებული, რომ ეს დაკავება იყო გამართლებული“, - განაცხადა არნო დენჟანმა და აქვე დასძინა, რომ ეს არ არის პოლიტიკური ვიზიტი, ჩვენ მოვინახულეთ ადამიანი, რომელიც ევროპარლამენტს ხშირად სტუმრობდა.

კარნეგის ფონდის რუსეთისა და ევრაზიის პროგრამების უფროსი სპეციალისტი თომას დე ვალი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, რომ მერაბიშვილის დაპატიმრებას კანონიერი საფუძველი ჰქონდა. მის მიმართ წაყენებული ბრალდებები საკმაოდ სერიოზულია.

„თუ რა არის კანონიერი და რა - პოლიტიკურად ბრძნული გადაწყვეტილება? ჩემი დაკვირვებით ისე ჩანს, რომ ბატონი მერაბიშვილის დაპატიმრებას კანონიერი საფუძველი ჰქონდა. მის მიმართ წაყენებული ბრალდებები საკმაოდ სერიოზულია - მაგალითად, გირგვლიანის საქმე. ისე ჩანს, რომ საქმეს პროცედურების დაცვით განიხილავენ, რომ სასამართლო კარგად ჩატარდება, რომ მას საერთაშორისო დამკვირვებლები დააკვირდებიან და ასე შემდეგ. ისე ჩანს, რომ მერაბიშვილის დაპატიმრება დასაბუთებული იყო, მაგრამ არა მგონია, ის პოლიტიკურად ბრძნული გადაწყვეტილება ყოფილიყო“, - განაცხადა თომას დე ვაალმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე განმარტავს, რომ ეს ადამიანები და ძალიან ბევრი მათი კოლეგა შემჩნეულები არიან „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ არაადეკავატურ გამოსარჩლებაში.

„რატომღაც ვერანაირად ვერ ვიხსენებ, რომ ისინი თავის დროზე გამოსარჩლებოდნენ წინა ხელისუფლების დროს დაპატიმრებულ მინისტრებს და სხვა თანამდებობის პირებს, რომელთა დაპატიმრებები თეტრალიზებულად ხდებოდა. ვერც იმას ვიხსენებ, რომ ჩიორას მსგავსად ვინმე მოენახულებინოთ, იგივე კობა დავითაშვილი, ვალერი გელაშვილი რომლებიც სასიკვდილოდ იყვნენ განწირულები. ასეთი ფაქტი არ არსებოს. ამაზე ყველაფერზე უნდა გვქონდეს ადეკვატური რეაქცია, ზედმეტი რეაქცია ამაზე საჭირო არაა. რაც შეეხება ოჯახის წევრების მონახულების დაშვებას, ამას ჩვენი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, ძალიან ბევრი გამონაკლისი ისედაც კეთდება მისი მისამართით“, - უთხრა for.ge-ს ზვიად კვაჭანტირაძემ.