პრაიმერიზის დროს ოპოზიციის წარმომადგენლების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია

პრაიმერიზის დროს ოპოზიციის წარმომადგენლების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საპრეზიდენტო არჩევნების პრაიმერიზის ჩატარებისას შსს ყოველ ღონეს ხმარობს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების უსაფრთხოება უზრუნველყოს, დაიცვას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მოსახლეობის შესაძლო აგრესიისგან.

„ნაციონალური მოძრაობის“ პრამერიზთან დაკავშირებით უკვე სამი ტური ჩატარდა და სამივე მათგანში დავით ბაქრაძემ გაიმარჯვა. პრაიმერიზი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა და, სხვა შეხვედრებისგან განსხვავებით, მოსახლეობას აგრესია არ გამოუვლენია. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ამას იმით ხსნიან, რომ პრაიმერიზი მათი პარტიის შიგნით ჩატარებული შესარჩევი ტურია და, ცხადია, საკუთარ პარტიაში ნაციონალებს გმობას და ძველი ცოდვების მოკითხვას არავინ დაუწყებს. 

თუმცა, ფაქტია, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საპრეზიდენტო არჩევნების პრაიმერიზის ჩატარებისას შსს ყოველ ღონეს ხმარობს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების უსაფრთხოება უზრუნველყოს. კერძოდ, დაიცვას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მოსახლეობის შესაძლო აგრესიისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი მოსახლეობაში არსებულ საერთო განწყობილებას დავაკვირდებით, სამართლიანობის აღდგენის მოლოდინში შეჩერებული აგრესია სულ უფრო და უფრო ითხოვს გამოვლენას.

მოსახლეობა ფიქრობს, რომ „ნაცმოძრაობას“, როგორც დამნაშავე პარტიას, არჩევნებში მონაწილეობის მორალური უფლება არ აქვს. ამდენად, გამორიცხული არ არის, მათი პარტიული თავყრილობების დროს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შეკრებილ ნაციონალებთან დაპირისპირება მოხდეს.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი აკაკი ბობოხიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ პრაიმერიზის მსვლელობისას უსაფრთხოება უზრუნველყოფილია, რადგან, როგორც წესი, ნაციონალების შეკრებაზე მოწინააღმდეგეებს არ ეპატიჟებიან და პრაიმერიზი ტარდება „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებს შორის. ამიტომ მას უკვირს, რომელ უსაფრთხოებაზე შეიძლება იყოს საუბარი იმ დარბაზში, სადაც ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეები სხედან?! მეტიც, მისივე თქმით, თუ ვინ იქნება მათი პრეზიდენტობის კანდიდატი, ეს სხვა პარტიის წარმომადგენლების გადასაწყვეტი არ არის.

„ასეთი დაპირისპირება არ მოხდება, თუ არ არის წინასწარ გამზადებული და გაფრთხილებული „ქართული ოცნების“ მიერ. „ქართულ ოცნებას“ თავისი მომხრეები მოჰყავს მაშინ, როცა ჩვენ ვართ სამი-ოთხი და ისინი არიან 30-ნი. თორემ არავის მომყვანნი ისინი არ არიან, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ ატარებს რაიმე სერიოზულ შეხვედრას. ხოლო იმ შეკრებებზე, რომელსაც ორგანიზებას უკეთებს „ქართული ოცნება“ და, რომელზეც უსაფრთხოებას უნდა უზრუნველყოფდნენ თვითონ, თავადვე მოჰყავთ ის ადამიანები, რომლებიც პროტესტსა და აღშფოთებას დადგმული სპექტაკლით გამოხატავენ. ისე, დავდივართ ქუჩებში და ეს ვითომ „აღშფოთებული“ მოქალაქეები სულაც არ გამოხატავენ აღშფოთებას, ერთმანეთს ჩვეულებრივად ვხვდებით ქუჩაში. პრაიმერიზის მომდევნო ტურები გაიმართება ზუგდიდსა და ბათუმში შაბათ-კვირას და დასრულდება თბილისში 27-ში. კმაყოფილნი ვართ, რომ მშვიდობინად ჩატარდა ეს ტურები. თუ თქვენ გინდათ, რომ ეს მშვიდობიანი ჩატარება ვინმეს დამსახურებად  ჩავთვალოთ, ეს აბსოლუტურად გაუგებარია ჩემთვის“, - გვითხრა კაკო ბობოხიძემ.   

მისივე თქმით, შსს-ის წარმომადგენლებს ისედაც აქვთ ვალდებულება, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი, მიუხედავად იმისა, რომ პრაიმერიზის მსვლელობისას ამის საჭიროება არ ყოფილა.

ამასთან, კაკო ბობოხიძემ საჯარო ბიბლიოთეკასთან მომხდარი დაპირისპირების ფაქტიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ „ოცნებამ“ პრობლემა მაშინ თვითონვე შექმნა და თავადვე მოაგვარა. თუმცა ეს მოხდა მელორ ვაჩნაძის მიერ პოლიციელების თავში ტყაპა-ტყუპის ფონზე. ამის მიუხედავად, კაკო ბობოხიძე კმაყოფილია, რომ დღევანდელ ხელისუფლებას პრაიმერიზის ჩატარების დროს პრობლემების არც შექმნაზე უფიქრია და არც - მოგვარებაზე.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ ერთიან „ნაციონალურ მოძრაობას“ უწევს პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელება მთავრობისგან მუდმივი შანტაჟის, დაპატიმრებების ფონზე, მაინც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პარტიამ შიდა დემოკრატიული განვითარებისკენ ნაბიჯი გადადგას. ამდენად, ის პრაიმერიზის ტურებით კმაყოფილია და მიიჩნევს, რომ ნორმალური პროცესია, როცა ერთი ადამიანი კი არ ასახელებს კანდიდატს პრაიმერიზში, არამედ მთლიანად პარტია ირჩევს თავის რჩეულს.

რაც შეეხება პროცესის უმტკივნეულოდ ჩატარებას, ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ ისინი  მიმართავენ ხოლმე შს სამინისტროს და მათ ატყობინებენ, რომ ამა და ამ რიცხვში ატარებენ ცალკეულ ღონისძიებას. თუმცა ირმა ნადირაშვილის თქმით, ისეთი ინციდენტი, სადაც შსს-ის ჩარევა აუცილებელი გამხდარიყო, არ ყოფილა.

„ამდენად, შსს-ის განსაკუთრებულ როლს ვერ გამოვკვეთ. არც ის ვიცი, ისინი აკონტროლებენ თუ არა პრაიმერიზის ჩატარებისას გარეთა პერიმეტრს. ალბათ, აკონტროლებენ“, - აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა.