„გირჩის“ „ბიბლური თავისუფლება“ გაუქმდა - ქვეყანა ძლიერ სარეზერვო სისტემაზე გადადის

„გირჩის“ „ბიბლური თავისუფლება“ გაუქმდა - ქვეყანა ძლიერ სარეზერვო სისტემაზე გადადის

თავდაცვის კოდექსში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ყველა მოქალაქე სავალდებულო-სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გაივლის. ახალი კოდექსის მიხედვით, აღარ იქნება დატოვებული სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების არსებული საშუალებები. ასევე, სამხედრო მოხალისეობა სრულად თავდაცვის სამინისტროს მიერ კონტროლირებადი იქნება. როგორც თავდაცვის მინისტრი აცხადებს, საქართველოს მდებარეობიდან და პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე, ქვეყანას დიდი და ძლიერი რეზერვი სჭირდება.

ამასთანავე, გაუქმდა „გირჩის“ მიერ შექმნილი „გირჩი - მეტი თავისუფლება“, რომელიც წვევამდელებს ალტერნატიულ სამხედრო სამსახურს სთავაზობდა. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღმოიფხვრება ეს საკანონმდებლო ხარვეზი, რომელიც იყო მავნებლური ე.წ. „გირჩის“ მოგონილი უმსგავსო, ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი პროგრამა, რომლითაც ახალგაზრდებს აბნევდნენ. ღარიბაშვილის შეფასებით, სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის დაღწევის მიზნით რელიგიური ორგანიზაციის ჩამოყალიბებით, ზურაბ ჯაფარიძემ ყველაზე დიდი მავნებლობა ჩაიდინა ქვეყნის ახალგაზრდობის წინააღმდეგ.

„ქვეყანაში არ მოიძებნება პატრიოტი, რომელიც ამ საკითხზე არ წუხს - ეს იყო მავნებლური ე.წ. „გირჩის“ მოგონილი უმსგავსო, ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი პროგრამა, რომლითაც ახალგაზრდებს აბნევდნენ და სთავაზობდნენ ალტერნატიულ სამსახურს. კარგად ვიცით, რომ იყო ფიქტიური ვითომ რელიგიური სამსახური. ეს იყო ყველაზე დიდი მკრეხელობა და სისაძაგლე. არ შეიძლება ამაზე თვალი დავხუჭოთ და ჩვენი ვალია ეს საკითხი მოვაგვაროთ, რაც გავაკეთეთ კიდეც.

დაიხურება ეს ხარვეზი და გამოირიცხება მათი არაკეთილსინდისიერი ეს ფიქტიური ვითომ რელიგიური ორგანიზაციების შესაძლებლობა. ეს საკითხი გავლილი გვაქვს საპატრიარქოსთანაც და შესაბამისი ჩანაწერის მიხედვით, აღნიშნული საკითხი მოგვარდება ერთხელ და სამუდამოდ. ჩვენ აღარ მივცემთ ამ მავნებლებს ჩვენი ახალგაზრდა, ჯანსაღი თაობის არასწორ გზაზე დაყენების საშუალებას. ამით ადამიანს ეუბნები, რომ თავი აარიდე შენს მთავარ კონსტიტუციურ მოვალეობას. ამაზე დიდი მავნებლობა და მტრობა შენი ქვეყნის რა შეიძლება იყოს?“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით, 10 000-მა პირმა „გირჩის“ წესების საშუალებით ისარგებლა. როგორც თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, ეს არც ლოგიკურია, არც კანონიერი და არც სამართლიანი.

„მე ვერც აქამდე ვურჩევდი ჩვენ მოქალაქეებს და მით უმეტეს ახლა ვერ ვურჩევ, რომ ამ მექანიზმით, ამ საშუალებით სამხედრო სამსახურს თავი აარიდონ. ეს არის ჩვენი კონსტიტუციური ვალდებულება, ეს ჩვენ ყველამ უნდა გავიაზროთ კარგად. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს შეეხება ჩვენ ყველა მოქალაქეს. რა თქმა უნდა, დარჩება ისეთი ობიექტური მიზეზები და საერთაშორისოდ აღიარებული მიზეზები, რაც იქნება გათავისუფლების საბაბი.

მაგალითად, წელს, ლეგალური მიზეზებით სამსახურს თავი აარიდა 12 000-მა პირმა, აქედან 10 000-მა ისარგებლა ამ შემთხვევით, ვგულისხმობ „გირჩს“. რა თქმა უნდა, ეს არ არის არც ლოგიკური, არც კანონიერი და არც სამართლიანი. არ შეიძლება, რომ ქვეყანაში ჩვენ ასეთი საშუალება დავტოვოთ. რა თქმა უნდა, ეს პირდაპირპროპორციულად აზიანებს ჩვენ უსაფრთხოებას“, - აცხადებს ჯუანშერ ბურჭულაძე.

პრემიერის გადაწყვეტილებას საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა „გირჩი - მეტი თავისუფლება“, სადაც აღნიშნულია, რომ სამხედრო სამსახურის ეფექტურობის გაზრდაზე საუბარი დე-ფაქტო ხელსუფლებისგან, რომელსაც ეშინია ქვეყნის 20%-ის მიმტაცებელს დაუძახოს მტერი, ეშინია რუსეთის წინააღმდეგ დაღუპული საქართველოს მოქალაქეების ოჯახებს მიუსამძიმროს და, რომელიც უკრაინაში მებრძოლებს ემუქრება მოქალაქეობის ჩამორთმევით, არის უკიდურესი ცინიზმი და თავხედობა.

„დღეს ბიძინას მოურავმა დააანონსა, რომ საპატრიარქოსთან შეთანხმებით განხორციელდება საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც აღარ მისცემს შესაძლებლობას რომელიმე კონფესიას, გარდა მართლმადიდებლური ეკლესიისა, საკუთარი სასულიერო პირები დაიცვას ვითომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის, სინამდვილეში კი - სავალდებულო მონობისგან.

ე.წ. სავალდებულო სამხედრო სამსახური არის მოძველებული, უკიდურესად არაეფექტური და ძვირი სისტემა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ქვეყნის თავდაცვა-უსაფრთხოებასთან. თითოეული ადამიანის სიცოცხლე არის უნიკალური და ამ სიცოცხლის თითოეული წამი არის მისი და მხოლოდ მისი საკუთრება. ამას ბიძინას მონები ვერასოდეს გაიაზრებენ. ამიტომ მათ უნდა წავართვათ ძალაუფლება“, - აღნიშნულია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ბიბლიური თავისუფლების“ გადარჩენისთვის ბრძოლას არ აპირებს იაგო ხვიჩია, რომლის განცხადებით, იბრძოლებს იმისათვის, რომ გაუქმდეს სავალდებულო სამხედრო სამსახური. „გირჩის“ დეპუტატი ამბობს, რომ მას სურს ხალხმა დაინახოს, რისგან იცავდა „ბიბლიური თავისუფლება“ მათ.

„ჩვენ დიდი ხანია ვითხოვდით ამას, რაც ავტომატურად გამოიწვევდა „ბიბლიური თავისუფლების“ გაუქმებას. ყველაზე მნიშვნელოვანი აქ ეს თემაა - ტოვებს თუ არა სახელმწიფო ხალხის იძულებით ჯარში წაყვანის მექანიზმს და თუ ტოვებს, ჩვენ ამით პასუხი იმით არ უნდა გავცეთ, რომ შევინარჩუნოთ „ბიბლიური თავისუფლება“, ამაზე პასუხი უნდა გასცეს ქართველმა ხალხმა, რომელსაც ძალით სადმე წასვლა არ უნდა.

არც აქამდე გვიკეთებია ანტიქართული საქმე, არც აქამდე ვყოფილვართ „სექტანტები“, რასაც გვეძახდნენ, ძალიან ქრისტიანულ და მართლმადიდებლურ საქმეს ვაკეთებდით. ვეცდებით ხალხს ავუხსნათ, რა მოხდება თუ „ბიბლიური თავისუფლება“ გაუქმდება და დარჩება სავალდებულო სამხედრო სამსახური“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე თვლის, რომ საერთოდ, მავნებელი ტოტალიტარული სექტები უნდა აიკრძალოს და ასევე, მათ წინააღმდეგ გატარდეს სხვა ღონისძიებები.

„ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებიან უცხოეთიდან და ცდილობენ დაამკვიდრონ თავისებური პოლიტიკური დღის წესრიგი და ასევე, მათ შორის ებრძვიან ეკლესიას და ამისთვის ფინანსდებიან, უნდა აიკრძალოს, რადგან საქართველოს სახელწმიფოს და ქართველი მოსახლეობის სასიცოცხლო ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედებენ.

ეს არის დანაშაულებრივი ორგანიზაიცია, რომელიც ებრძვის ქართველ ხალხს. ეს არის იდეოლოგიური დივერსია, რომელიც საფუძველს უთხრის ქართული სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობას. ეს მავნებელი ორგანიზაციები და სექტები არის გასაუქმებელი, ასაკრძალი. ხოლო მათი წევრები პასუხისმგებაში არიან მისაცემი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.

გენერალ-მაიორი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ მრჩეველი, ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ ადამიანს, უფლებების გარდა აქვს ვალდებულებები და თუ ადამიანის ვალდებულება არის ემსახუროს ქვეყანას, რაც კანონში გაქვს, მაშინ ეს ვალდებულება არ უნდა იყოს ჩანაცვლებული ფსევდო რელიგიური კლოუნადით და რაღაცა სიბნელის გაპრავებით.

„მე, ზოგადად, არ ვარ მომხრე საყოველთაო გაწვევის. მაინც მომხრე ვარ საკონტრაქტო სისტემის და პროფესიული შეიარაღებული ძალების. შესაბამისად, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ჯარში ძალით წაყვანას, თუ თვითონ არ უნდა სამხედრო სამსახური. თუმცა, ის რაც იყო, რაღაცა ფსევდო რელიგია, ფსევდო ეკლესია, რომელიც მხოლოდ იმიტომ იქნა შექმნილი, რომ ხალხისთვის მიეცათ საშუალება ჯარში არ წასულიყვნენ, ეს იყო ამორალური. ამიტომ ვთვლი, რომ გადაწყვეტილება სწორია. თავიდანვე არ უნდა დაეშვათ ამ ამორალური ორგანიზაციის შექმნის ნებართვა“, - აცხადებს ვახტანგ კაპანაძე.

რაც შეეხება თავდაცვის მინისტრის განცხადებას, რომ საქართველოს მდებარეობიდან და პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე, დიდი და ძლიერი რეზერვი სჭირდება, კაპანაძე თვლს, რომ თუკი, შენ გყავს შედარებით მცირე ზომის პროფესიული შეიარაღებული ძალები, რაც არის ევროპული და ნატოს სტანდარტი, ასევე უნდა გყავდეს კარგად მომზადებული და კარგი სისტემის მქონე რეზერვი.

„ეს არის აქსიომა. თუმცა, ყველა ქვეყნისთვის არ არის იმის აუცილებლობა, რომ აუცილებლად პროფესიული ჯარი ჰყავდეს. მაგალითად, თურქეთს სავალდებულო სამსახური აქვს, მაგრამ ისეთ ქვეყანაში და გარემოში, როგორშიც საქართველოა, უნდა ყავდეს კარგად მომზადებული რეზერვი და სარეზერვო სისტემა, რომელიც საათივით უნდა მუშაობდეს.

ომის არქონა, არ ნიშნავს მშვიდობას. ანუ, მშვიდობა არ ნიშნავს მშვიდობიან ცხოვრებას. შესაბამისად, შენ ყველანაირად უნდა იყო მზად მოვლენების განვითარებისთვის და სცენარებისთვის, რაც შეიძლება დაემუქროს შენს ქვეყანს. საქართველოს ასეთი გამოწვევები მრავლად აქვს და ჯერ კიდევ არ ვიცით უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში რა გამოწვევები შეიძლება გაჩნდეს საქართველოს შემთხვევაში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძემ.

ცუგო- ადრე უნდა გაუქმებულიყო!!!
1 წლის უკან