თუ სიმულაციებს არ შეწყვეტს, სააკაშვილს ვიდეო კადრების გაასაჯაროვებით ემუქრებიან   

თუ სიმულაციებს არ შეწყვეტს, სააკაშვილს ვიდეო კადრების გაასაჯაროვებით ემუქრებიან   

მიხეილ სააკაშვილი, მისი გარემოცვა და ოჯახი კვლავ აგრძელებს ქვეყნის გარეთ იმის მტკიცებას, რომ ექს-პრეზიდენტს საქართველოს ხელისუფლება აწამებს, მას არ მკურნალობს და ადამიანის უფლებებს უხეშად არღვევენ. როგორც ჩანს, ხელისუფლება აპირებს, რომ ამის საწინააღმეგო მტკიცებულებები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთაც, სააკაშვილის ბედით შეწუხებულ საზოგადოებას აჩვენოს. იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ამბობს, რომ თუკი სააკაშვილი მიზანმიმართულ სიმულაციას არ შეწყვეტს, მაშინ იძულებულები გახდებიან კონკრეტული ვიდეო კადრები გაავრცელონ.

„თუ სააკაშვილის მხრიდან სიმულაციური მოქმედებები არ შეწყდება, გარკვეული კადრები გასაჯაროვდება. ჩვენ აქამდე შეგნებულად ვიკავებდით თავს მსგავსი საუბრისგან, ყოველთვის მოვუწოდებდით მას, რომ დამორჩილებოდა ექიმების თხოვნას, ჩაეტარებინა სრულფასოვანი მკურნალობა, ხელი შეეწყო, როგორც მას, ასევე, მის გარემოცვასაც მკურნალი ექიმებისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, თამამად უნდა ითქვას, რომ სრულფასოვან მკურნალობას ვერ ვხედავთ, სიმულაციებს აქვს ადგილი.

რა თქმა უნდა, არსებობს დამადასტურებელი მასალა, ასეთი არის ვიდეო-მასალა. ეს ვიდეო-მასალა ნათლად აჩვენებს, რომ ეს ადამიანი ხელს უშლიდა ექიმების საქმიანობას და ასევე, სასამართლოს საქმიანობას. ჩვენ ვერიდებით ამ ყველაფერზე საუბარს, მაგრამ თუკი მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, რასაც ჰქვია ქართველი ხალხის უსაფრთხოება, სახელმწიფოს უსაფრთხოება და საერთაშორისო იმიჯი და, ასევე, იმის დადასტურება, რომ საქართველოში არავის აწამებენ და საქართველოსგან არ უნდა შეიქმნას მტრის ხატი, თუ არ შეწყდება სიმულაციური მოქმედებები, იძულებული ვიქნებით გარკვეული კადრები გავასაჯროვოთ“, - განაცხადა რატი ბერაგაძემ „კურიერთან“ ინტერვიუში.

ანალიტიკოსი ვახტაგნ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის გააქტიურება ლოგიკურია და მოსალოდნელიც იყო, რადგან ფაქტი სახეზეა, სააკაშვილის პარტია იბრძვის არა სააკაშვილისთვის, არამედ მისი ელექტორატისთვის. ამიტომ საგარეო აქტიურობის გარდა სხვა არაფერია დარჩენილი. თუმცა ძაბირაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ხელისუფლებაზე ეს აქტიურობა გავლენას ვერ მოახდენს.

„კი ბატონო, განცხადებები კეთდება ზოგიერთი ევროპარლამნეტარისგან, მაგრამ ამას რა მოჰყვება? პარალელურად ვხედავთ, რომ ხელისუფლების წარმომადგენელი, საგარეო საქმეთა მინისტრი ამ დღეებში მინისტერიალში მონაწილეობას ღებულობს. პარალელურად, ვიგებთ, რომ საუბარია საქართველოს დახმარებაზე. გარდა ამ განცხადებებისა, რა ქმედით ნაბიჯებს გადადგამს დასავლეთი, რომელიც შეიძლება ხელისუფლებისთვის საგანგაშო იყოს? არ მოგნია ხელისუფლებას მხოლოდ საკაშვილზე საუბარი უნდოდეს, მას 12-პუნქტიანი გეგმის შევსებაზეც პრობლემები აქვს.

ამიტომ ჩვენი პარტნიორების მხრიდან ზეწოლა საკამრისი არ იქნება, რომ ხელისუფლებამ სააკაშვილის მიმართ გადაწყვეტილება მიიღოს. მეორეა, რომ პოლიტიკურად ხელისუფლებას სააკაშვილის გათავისუფლება რა სახის ზიანს მოუტანს. „ოცნება“ მისი გათავისუფლების შემთხვევაში თუ ხედავს, რომ ვერანაირი პოლიტიკურ კაპიტალს ვერ იღებს და ზიანი უფრო მეტი ექნება, ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. ამასთანავე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, ხელისუფლებას ხელს არაფრით აძლევს ის ფაქტი, რომ მას ციხეში რამე დაემართოს. ამიტომ სანამ ფიქრობენ, რომ მის ჯამრთელობას აკონტროლებენ და აქ საფრთხე არ ემუქრება, მას არსად არ გაუშვებენ“, - ამბობს ძაბირაძე.

მისივე თქმით, ის აჟიოტაჟი, რაც ოჯახმა შექმნა, სააკაშვილს დიდ წარმატებას ვერ მოუტანს, პირიქით, შესაძლოა, ამან პროცესზე უფრო უარყოფითი შედეგი გამოიღოს. მისი აზრით, მხოლოდ ერთეული ევროპარლამნეტარების განცხადებები ვერაფერ შედეგს მოიტანს, თუ განცხადებები და ქმედებები, ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნის ხელისუფლებებისგან არ მოხდა.

„რაც შეეხება სააკაშვილის წერილს საფრანგეთის პრეზიდენტის მაკრონისთვის მიწერილს, არ მგონია, რომ ამან შედეგი გამოიღოს. ბიძინა ივანიშვილს ჩვენი პარტნიორები უკვე კარგად იცნობენ. ივანიშვილს რომ საფრანგეთის მოქალაქეობა აქვს, ეს უკვე ყველასთვის კარგად ცნობილია. თუ მაკრონს ამ მიმართულებით რაიმე ნაბიჯის გადადგმა სურდა, აქამდე გადადგამდა. ანუ რა გათვლა აქვთ მაკრონთან დაკავშირებით, ვერ მივხვდი. კი ბატონო, ოჯახის ქმედება შესაძლოა გაამართლო და ვთქვათ, რომ სხვა გზა აღარ აქვთ, თუმცა ხელისუფლების პოზიციიდან რომ შევხედოთ, ხელისუფლება ამას არ დაუშვებს. ხალხში არ გააჩენს იმ განცდას, რომ სააკაშვილი დასავლეთიდან ზეწოლის გამო გაათავისუფლეს. ასეთ დათმობაზე ვერ წავა, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის მართველობის სისტემა ასეთ დათმობებს ვერ იტანს. ამიტომაც მივიჩნევ, რომ ეს პიარი, ზეწოლა და ილუზიის შექმნა, რომ დასავლეთის ზეწოლის შედეგად სააკაშვილს გაუშვებენ, მცდარია. პირიქით, არ გაათავისუფლებენ. ეს „ოცნებას“ დააზიანებს და ასე აღიქმება ეს ყველაფერი, რომ ხელისუფლებამ დასავლეთიდან ზეწოლას ვერ გაუძლო და იძულებული გახდა გაეთავისუფლებინა. ეს „ოცნებითვის“ დამანგრეველი გადაწყვეტილება იქნება, ამიტომ მგონია, რომ ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ“, - ამბობს ძაბირაძე.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი for.ge-სთან აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ოჯახი, გარემოცვა და პარტია ყველა რესურსის გამოყენებით ცდილობენ, როგორმე პროცესი სააკაშვილის გათავისუფლებამდე მიიყვანონ. საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერის ვერმოპოვების შემდეგ, მთელი ფსონი დასავლეთზე დაიდო. თუმცა ხელისუფლებაც სავარაუდოდ, გულზე ხელდაკრეფილი არ ზის და ის მუშაობს იმისთვის, რომ რეალური სურათი აჩვენოს.

„ბრძოლის მთავარი იარაღი ახლა დასავლეთი და ჩვენი პარტნიორები არიან. როგორც ვხედავთ, სააკაშვილი მისსავე გარემოცვამ მოატყუა და ის 100 000 კაცი, რომელიც მას გამოიხსნიდა არსად არაა. ამიტომ ახლა სხვა გზა აღარ დარჩათ იმისთვის, რომ ბრძოლა ამ მიმართულებით განაგრძონ. დასავლეთშიც სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებია. საფრანგეთის პრეზიდენტს კი გაუგზავნა სააკაშვილმა წერილი, მაგრამ პასუხი აქამდეც არ გაუცია. იგივე საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი სარკოზი ზის და ხმაც არასდროს ამოუღია, მისი ტირილი და წუწუნი არავის გაუგია. ამიტომ სააკაშვილის გარშემო ევროპარლამენტარების ნაწილის გააქტიურება ბევრს არაფერს ნიშნავს. კი ბატონო, გარკვეულწილად ხმაურობენ და ცდილობენ მნიშვნელობა მისცენ, მაგრამ მეორე მხრივ ხელისუფლება ოფიცილურ დონეზე პარტნიორებთან ყველანაირ საქმიანობას განაგრძობს. ჩვენს შემთხვევაში ამ მხარდაჭერის კონკრეტული ინტერესების და მიზნების შესახებ არ ვიცით. რა ფაქტორების გავლენით მოქმედებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორების ნაწილი, ესაა საინტერესო. საქართველოსთან და სააკაშვილის თემასთან დაკავშირებით ევროპაშიც სრულიად სხვადასხვა შეხედულება, დამოკიდებულება არსებობს. ამიტომ არ ველი, რომ რამდენიმედღიანი აქტიურობის შედეგად ხელისუფლება სააკაშვილთან დაკავშირებით დამოკიდებულებას და პოზიციას შეიცვლის. პირიქით, მგონია, რომ საკუთარი სიმართლის დამტკიცებას შეეცდება და ის ილუზია, რასაც დასავლეთში სააკაშვილის გარემოცვა ქმნის, კონკრეტული ფაქტებით იქნება გაფანტული“, - ამბობს საყვარელიძე.